არც ერთი დეპუტატი თანამდებობის გარეშე!
პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 15 ნოემბერს მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს, პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა 5 -დან 7 ვიცე-სპიკერამდე გაიზარდა.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.
დღეიდან მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: – ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი კახიანი და არჩილ თალაკვაძე. პარლამენტს ასევე ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.
რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფ “ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვიცე-სპიკერად ლევან ბეჟაშვილის არჩევას მხარს არ უჭერს და ამას პოლიტიკური გადაწყვეტილებით ხსნის.
ამავდროულად იზრდება ხალხზე ზრუნვით დაღლილ პარლამენტართა ხელფასები: პარლამენტის თავმჯდომარეს – 10 000 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9 500 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9 250 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9 000 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 8 750 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8 500 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 8 250 ლარი.
ამასთან, მომავალი წლიდან პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის ზედა ზღვარი 560-დან 1000 ლარამდე გაიზრდება.