ნანა კაკაბაძე: სალომე და მისი თანამოაზრე ნაცფაშისტები მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას გულისხმობენ
მავნებელი პრეზიდენტი
აშკარად ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა 2024 წლის შემდეგაც დარჩეს პოლიტიკაში. ამ მიზნის მისაღწევად მან დაიწყო მისთვის პერსპექტიული გზების მოძიება. მას ისიც კარგად ესმის, რომ ეს არც ისე ადვილი საქნე იქნება 72 წლის პენსიონერი ქალისთვის.
მართალია, აშშ-ში 80-ს გადაცილებულებიც არიან პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ მათთან სალომეს შედარება ამ შემთხვევაში არარელევანტურია. მით უმეტეს, რომ ამ ქალს არათუ საკუთარი პოლიტიკური პარტია, არამედ საკუთარი პოლიტიკური გუნდიც კი არ გააჩნია. ამიტომ ის მიეკედლა დასავლეთის იმ ფრთის ლიდერებს, რომლებიც ქართველ ნაცფაშისტებს ლობირებენ და უსიტყვოდ ასრულებს მათ დაკვეთებს.
სალომე აქტიურად მუშაობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის წახალისებაზე. თბილისში მიმდინარე დესტრუქციული მიტინგების დროს ის აშშ-დან მიესალმა პარლამენტის დამრბევლებსა და იმ მატყუარებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოს რუსული კანონი შემოჰქონდა ხელისუფლებას.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევაზეც ზუსტად იგივეს იმეორებდა და ლობირებდა ისეთი კანონის მიღებას, რომელიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ მუშაობს.
პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათების დროსაც ამხელა პოლიტიკური გამოცდილების ქალმა ვერ გათვალა, აეღო პაუზა, არ აცუნდრუკებულიყო და დესტრუქციული გამონათქვამებით საფრთხე არ შეექმნა ქვეყნისთვის (რაც თითქმის ყველა სხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა გააკეთეს).
ვითომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იბრძვის და სინამდვილეში ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, მაგრამ ამის მიუხედავად ქვეყანას მაინც უნდა მიენიჭოს ეს სტატუსი, ვინაიდან ამას ქართველი ხალხი იმსახურებსო.
მანვე უსიტყვოდ გაიზიარა უკრაინული მხარის უსაფუძვლო პოზიცია და მათთან ერთად საქართველოსგან მოითხოვა მტკიცებულებების წარმოდგენა, რომ ჩვენი ქვეყანა არ არღვევს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ასევე, როდესაც რუსეთიდან ჩვენს ქვეყანაში ფრენების აღდგენის საკითხის დღის წესრიგში დადგომის შესაძლებლობამ გაიჟღერა მაშინვე საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელის დირექტივა მოვისმინეთ, („არ გაბედოთ ფრენების აღდგენა, თორემ საქართველოში მყოფ ლტოლვილებს გავიყვანთ და მსოფლიო მასშტაბით თავს მოგჭრითო“). მადამ პრეზიდენტმა თავისი სასახლიდან ბანი მისცა ჩვენი ქვეყნისადმი აგრესიულად განწყობილ „დიპლომატს“ და გასძახა, „მეც ეგრე ვფიქრობ, საქართველოში რუსული თვითმფრინავები არ უნდა გაჭაჭანდეს!“-ო.
რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სალომე მიყურადებულია, აბა, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე შეუერთდეს მას. ესწრაფვის მსოფლიოს გასაგონად იყვიროს – „მსრთალია ამ ქვეყნის პრეზიდენტი მქვია, მაგრამ მე ვარ თქვენი, მათზე მაღლა ვდგევარ და არ გეგონოთ, ამ გოიმ ქართველებს თქვენზე წინ როდესმე დავაყენებ“-ო.
აღარაფერს ვამბობთ პატრონების საამებლად მათ მიერ შეკვეთილ სრულიად გაუმართლებელ შეწყალებებზე და ამ შეწყალებებით აღშფოთებული და მასთან საპროტესტოდ მისული მოსახლეობის ნაწილის შეურაცხყოფაზე („აქ რას მომივარდით“-ო), აგრეთვე ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ საერთაშორისო ვიზიტებზე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოფიციალურად იქნა აღიარებული პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევად.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციის საკუთარ დამსახურებად გასაღების გეგმა ჩაეფუშა, ახალი იდეისთვის მებრძოლი ლიდერის მანტიის მოსხმა გადაწყვიტა და დაიწყო იმის პროპაგანდა, რომ საქართველოს ხსნა მხოლოდ კოალიციურ მთავრობაშია და ყველაფერს უნდა ვეცადოთ, რომ 2024 წლის არჩევნები სწორედ ამ შედეგით დასრულდესო. კერძოდ, მადამ პრეზიდენტმა განაცხადა:
„მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში”.
მართალია, ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში ძირითადად კოალიციური მმართველობებია, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ასეთი ტიპის მმართველობა არის არასტაბილური, რაც იმაში გამოიხატება, რომ საკმარისია კოალიციის წევრმა რომელიმე პარტიამ რაიმე მიზეზით დატოვოს კოალიცია და მთავრობის მხარდამჭერთა რაოდენობა პარლამენტში 50%-ს ჩამოცდეს, რომ მაშინვე უნდა დაიშალოს პარლამენტი და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ახლად არჩეულმა პარლამენტმა კი დანიშნოს ახალი კოალიციური მთავრობა. ასეთი პოლიტიკური მიწისძვრები შეიძლება განმეორდეს ყოველწლიურად და წელიწადში 2-ჯერაც კი, რაც აუცილებლად გამოიწვევს ქაოსსა და რყევებს ქვეყნის ცხოვრებაში. თუ ვინმე მოიტანს იტალიის, ბელგიის, ისრაელის ან სხვა მაგალითებს, სადაც სწორედ ასე ვითარდება ბოლო წლების პოლიტიკური ცხოვრება, მათ უნდა შეადარონ ეს ქვეყნები საქართველოს პოლიტიკური კულტურის, სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური, ან თუნდაც მენტალური კუთხით და მერე გამოიტანონ დასკვნები, თუ რა მოხდება საქართველოში, როდესაც ყოველ წელს იქნება მთავრობის ცვლილებები, ახალი მინისტრებით, ახალი მოადგილეებით, დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარეებით ახალი დირექტორებით, ახალი მდივნებით და ახალი დამლაგებლებითაც კი. მოკლედ, ახალი მთავრობების მიერ დასასაქმებელი ნათესავებით და ნაცნობ-მეგობრებით.
„კოალიციურ მთავრობაში“ სალომე და მისი თანამოაზრე ნაცფაშისტები მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას გულისხმობენ, თორემ, მაგალითად, 2024 წლის არჩევნების შედეგებით თუ ჯამურად 50%-ს გადალახავდნენ მაგალითად, „ოცნება“ და „ხალხის ძალა“ (ან მათი მომხრე კიდევ რომელიმე პარტია) და ისინი შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას, ამ შემთხვევაში ასეთი კოალიცია მათთვის მიუღებელი იქნებოდა და ან „არჩევნების გაყალბების“ ან „რუსულ რეჟიმთან“ ბრძოლის ლოზუნგით შეეცდებოდნენ ძალადობრივი გზით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, რასაც აუცილებლად დაარქმევდნენ „მშვიდობიან რევოლუციას“.
აბა სხვა რა გზა ექნებათ, რადგან ეს „დიდი ევროპელები“ ვერასოდეს გაიგებენ, რომ ხელისუფლების მოპოვებას მხოლოდ შენი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება და რომ ამისთვის საკმარისი არ არის უცხოელი დამფინანსებლების ლობირება. ხოლო როდესაც ასეთი მხარდაჭერა არ არსებობს და არც ამის აღიარების თავი გაქვს, სწორედ მაშინ ეძებ დანაშაულებრივი გზებით ხელისუფლებაში მოსვლის საშუალებებს.