დედამიწის მახლობლად პატარა შავი ხვრელი აღმოაჩინეს
აშშ-ს ეროვნული ოპტიკურ-ინფრაწითელი ასტრონომიის კვლევის ლაბორატორიის (NOIRLab) მეცნიერებმა დედამიწის მახლობლად პატარა შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ციურ ობიექტს Gaia BH1 ეწოდა.
მეცნიერთა აზრით, ხვრელი ჩვენგან 1.600 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს Ophiuchus-ის თანავარსკვლავედში. ამრიგად, ის სამჯერ უფრო ახლოს არის დედამიწასთან, ვიდრე შავი ხვრელი, რომელიც აქამდე ყველაზე ახლოს ითვლებოდა. ობიექტი აღმოაჩინეს Geminis North ტელესკოპის და Gaia ზონდის გამოყენებით.
ასტრონომებმა განმარტეს, რომ შავი ხვრელი ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავის უკან იმალება. მიღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ ვარსკვლავის მოძრაობა ცოტა უცნაური იყო. დაკვირვების დროს შესაძლებელი გახდა მისი მასის გამოთვლა, რომელიც 10 მზის მასის ტოლია.
- „აიღეთ მზის სისტემა, განათავსეთ შავი ხვრელი იქ, სადაც მზეა, მზე კი, სადაც დედამიწაა, და მიიღებთ ჩვენს მიერ აღმოჩენილ ვარსკვლავურ სისტემას“, – განმარტა ასტროფიზიკოსმა კარიმ ელ-ბადრიმ.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ ადრე მრავალი განცხადება გაკეთებულა ასეთი სისტემების აღმოჩენის შესახებ, მაგრამ თითქმის ყველა მათგანი შემდგომში უარყოფილ იქნა. ახალი აღმოჩენა არის მზის მსგავსი ვარსკვლავის პირველი უტყუარი აღმოჩენა ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავური მასის შავი ხვრელის გარშემო ფართო ორბიტაზე, დასძინა ელ-ბადრიმ.