სახელმწიფო დეპარტამენტი: ოთარ ფარცხალაძესთან “ФСБ” მუშაობდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
საქართველოში საზიანო გავლენასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, რუსეთის მოქალაქე ალექნსადრე ონიშჩენკოს ასახელებს, რომელიც ასევე, შეყვანილია სასანქციო სიაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია, რომელიც სავარაუდოდ დაეხმარა მის პარტნიორ ფარცხალაძეს რუსეთის პასპორტისა და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის აღებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძემ სრულიად აითვისა რუსული იდენტობა და რუსეთში ხშირად მოგზაურობს.
მათი ცნობით, ონიშჩენკო და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეზე საკუთარ ბერკეტებს იყენებდნენ, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე “ეფესბესთან” კავშირებით პირად სარგებელს იღებდა.
ამის გარდა, სანქციები რუსეთში დაფუძნებულ ორ მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიაზეც გავრცელდა, რომელთა 50% ფარცხალაძეს ეკუთვნის: LLC Moscow Business Brokerage და LLC International Business Corporation.