საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ჩემი მხარდაჭერა შენ, მზიანი გულის ქალბატონო! – თბილისი 24
20 მაისი 2024

ჩემი მხარდაჭერა შენ, მზიანი გულის ქალბატონო!

ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული: თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე” – ეს სიტყვები მოვალეობაა, ტვირთია.

ტვირთია იყო იმ კაცის შვილი, მარადისობის კანონი რომ დაუწერა კაცობრიობას, რადგან მთელი ცხოვრება მეტისმეტი სიზუსტით, ნერვების დაწყვეტამდე მისული გაძლებით უნდა შეასრულო და აღასრულო მამისგან დანატოვარი ანდერძი.
და რა ბედნიერებაა, როცა ამას ისე აკეთებ, არც ტვირთზე გეფიქრება და არც ნერვებისა და ძალ-ღონის დაძაბვაზე, რადგან ის კანონი, მამა რომ წერდა, შენშიაც იმთავითვეა ჩადებული, როგორც გენეტიკური კოდი, როგორც შენი პირადი დნმ.

დღეს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. და წამოვიდა და წამოვიდა ტალახი, როგორ არ ეზარებათ მაინც, მაგრამ რა დააზარებთ, დავალება ხომ უნდა შეასრულონ, ჰოდა, ჰგონიათ ასრულებენ… ააზვირთეს და დაიწყეს გიენებმა: პარტიულ დაწესებულებად გადაიქცევა მწერალთა კავშირიო, ჩაკვდა თავისუფალი სულიო, რუსულ კანონს ხმა მისცაო, ეგ მწერალი არ არისო (ეს ბოლო მაინც გასაოცარი “ბრალდებაა”).

გადავწყვიტე ამ ბრალდებებს თანმიმდევრულად ვუპასუხო:

  • მწერალთა სახლი ვერასოდეს გადაიქცევა ერთი რომელიმე პარტიის დაწესებულებად, რადგან ის მწერალთა სახლია, სავანე, სადაც დიდი ადამიანები იყრიდნენ თავს და სავანე, სადაც ეს თავყრილობა არ შეწყდება.
  • ვერ და არ გადაიქცევა იმიტომ, რომ თავად ქეთევან დუმბაძეა ის ადამიანი, დიდი ხნის წინ, პროექტი “ცოცხალი წიგნები” რომ განახორციელა და რაიონებში, ცოცხალ მწერალთა ხილვას დანატრებულ მოსახლეობას 15-15 მწერალი ჩაუყვანა.
  • და რა გგონიათ თქვენ, მხოლოდ თანამოაზრეები ჰყავდა ირგვლივ შემოკრებული? ანუ პარტიული თანამოაზრეები? არა, ბატონო, რადგან ქეთისთვის ამომავალი წერტილი ადამიანობა და ნიჭიერებაა მხოლოდ, რაც არის კიდეც იმის გარანტი, რომ მწერალთა სახლში, რომელიც კერძო კანტორაში ჰქონდა გადაკეთებული ლომოურს, თავისუფალი სული ჩაკვდება კი არა, პირიქით, თავისუფლება უმაღლეს რანგსა და საფეხურზე იქნება აყვანილი, როგორც ხელოვანი ადამიანის სულიერი მდგომარეობა და მისი არსებობისა და ნიჭიერების განმსაზღვრელი.
  • მწერალი არ არისო, მწერალიო, თითქოს მწერალთა სახლის დირექტორობა აპრიორი მწერლობასაც უნდა ნიშნავდეს. ისე, მავანთათვის, ქეთის ბიოგრაფიიდან მოვიყვან რამდენიმე საგულისხმო დეტალს:
  • 1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.
  • 1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.
  • 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ – ხელმძღვანელი.
  • და ბოლოს: ის ნოდარ დუმბაძის შვილია!!!
  • არ კმარა? მავანთათვის არა, რუსულ კანონს ხმა მისცაო.
  • არ მინდოდა აქ ამ თემის შემოყვანა, მაგრამ: როცა რუსეთზე მიდგება საქმე, მე სულ მახსენდება, როგორც გადასცა 30-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტი სააკაშვილმა რუსეთს სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ; როგორ ხვდებოდა ლარსის გამშვებ პუნქტთან რუს ტურისტებს აღტკინებული სააკაშვილი სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ; როგორ აგზავნიდა რუსეთის კულტურის მინისტრთან ჩვენი მაშინდელი კულტურის მინისტრი ვაშაძე წერილს წერილზე გაცვლითი კონცერტების გამართვის თხოვნით სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ და ბოლოს, როგორ ჩააბარეს 150 ქართული სოფელი რუსეთს, მათ შორის, კოდორი (ზემო აფხაზეთი რომ უწოდა მიშამ) და ახალგორი (სადაც სანაკოევის რეზიდენცია გადმოიტანა).
  • ის კანონი კი სწორედაც რომ ქართული იყო, რადგან აი, ამ ყველაფერს ამოატივტივებდა ზემოთ და იმასაც გაგვაგებინებდა, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია საიდან და რისთვის იღებს დაფინანსებას და ამიტომაც არ მოეწონათ, არ მოეწონათ კი არადა, შეეშინდათ, დიახ, შეეშინდათ: ისედაც გაშიშვლებულები, საბოლოოდ გაშიშვლდებოდნენ, თორემ სწორედ ამერიკული FARA-ს წყალობით გახდა ცნობილი სააკაშვილის ლობისტების თემა მსოფლიოსთვის!!!
  • ქეთევან დუმბაძეს თქვენ ვერაფერი დააკლოთ, მზე იყოს მაღლა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი დნმ-ით მარადისობის კანონს ატარებს და არასოდეს დაარღვევს ამ კანონს, ვერ დაარღვევს!!!
  • ჩემი მხარდაჭერა შენ, მზიანი გულის ქალბატონო, Ketevan Dumbadze მიგულე შენ გვერდით სულ და გჯეროდეს, ტალახის შენკენ მსროლელნი მხოლოდ საკუთარ ხელებსა და სულზე ტოვევენ ტალახის მოუშორებელ კვალს!!!
  • ნინიკო მშვიდობაძე