ნუ მისცემთ ეშმაკს საშუალებას მეორე სამოქალაქო ომში ჩაითრიოს ქვეყანა!
ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ნინიკო მშვიდობაძე, თბილისში, საპროტესტო აქციის მხარდამჭერ ახალგაზრდა თაობას მიმართავს და თხოვს, რომ არ მისცენ ეშმაკს საშუალება მათი საშუალებით ქვეყანა მეორე სამოქალაქო ომში ჩაითრიოს, თორემ სამოქალაქო ომს გამარჯვებულები არ ჰყავს, დამარცხებით კი ისევ ეს ჩვენი სამშობლო დამარცხდება”- წერს მშვიდობაძე სოციალურ ქსელში.
- “ახალგაზრდებს მინდა მივმართო, იმ ახალგაზრდებს, მოლოტოვის კოქტეილებს რომ ისროდნენ წუხელ, ინფრასტრუქტურას რომ ამტვრევდნენ, ირგვლივ ყველაფერს რომ ლეწავდნენ, მანქანებს რომ წვავდნენ..
ჩემო ძვირფასებო, ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ ადამიანის ძალა გონებასა და გულშია და არა მკლავში. აბსოლუტურად ვეთანხმები მას. ძლიერი მხოლოდ განათლებითა და სიყვარულით, რწმენით აღჭურვილი ადამიანია და არა კუნთებდაბერილი ან ის, ვინც სულ კუნთებზე იცქირება. ამიტომ მინდა უფრო ნათელი გონება და სიყვარულით სავსე გული გქონდეთ.
თქვენ თავს იმართლებთ, მიშას დროს რა ხდებოდა, არ ვიცითო და გაუცნობიერებლად (ან შეგნებულად ან წაქეზებით) დგახართ იმ ძალის გვერდით, რომელმაც თქვენი ტოლა ბიჭი წვრილმანი ხულიგნობისთვის ათი წლით ჩასვა ციხეში, მამა რომ სტრასბურგში მიდიოდა, ნარკოტიკი ჩაუდო და კაცს გული გაუსკდა ნერვიულობით.
თქვენ იმ ძალის გვერდით დგახართ, მეცხრეკლასელ გოგონას მასზე ორი წლით უფროსი ბიჭისთვის შვიდი ჭრილობის მიყენება დასდეს ბრალად და ციხეში ჩასვეს.
იმ ძალას უჭერთ მხარს, რომელმაც კობა დავითაშვილი სიკვდილის პირას მიიყვანა და ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ის უკურნებელი სენით დაავადდა და გარდაიცვალა… აღარ გავაგრძელებ, სია ძალიან დიდია.
თქვენ მეტყვით, რომ არ გახსოვთ და არ იცით. მაგრამ თქვენ გმობთ ფაშიზმს და რუსულ ტერორს. დავიჯერო ან ერთი გახსოვთ ან მეორე? და მაშინ რატომ გმობთ? რა იცით, რომ ცუდია? საიდან გაიგეთ? ვინ გითხრათ?
თქვენ ჩემი დაღლილი ქვეყნის მომავალი ხართ და ნამდვილად არ მსურს ვიღაცების დაკვეთებს ასრულებდეთ, არ მსურს ბოროტმა ძალამ რუპორად გამოგიყენოთ და რასაც ჩაგძახებთ, ის ამოგაძახებინოთ.
პირიქით, მინდა თქვენი საღი აზრი გქონდეთ ყველაფერზე და რაც მთავარია, იყოთ ზრდილობიანები, ზრდი-ლო-ბი-ა-ნე-ბი!!!
უზრდელების არაა მომავალი, არც აწმყო. უზრდელი ადამიანი გარიყულია ყველასგან. სხვათა შორის, უზრდელობა არც ევროპელობის გამომხატველია, უფრო პირიქით, ევროპული კულტურა სწორედაც რომ ზრდილობასა და პატივისცემაზეა აგებული და მეტისმეტად რაფინირებულია.
ზემოთ მაგიტომ ვახსენე განათლება, რწმენა და სიყვარული, ამ სამი იარაღით აღჭურვილი ადამიანი უზრდელი ვერ და არ იქნება!!!
ჰოდა, სანამ დროა, გამოფხიზლდით. ნუ შეეცდებით მტრის წისქვილზე წყლის დასხმას. ნუ მისცემთ ეშმაკს საშუალებას თქვენი საშუალებით მეორე სამოქალაქო ომში ჩაითრიოს ქვეყანა, თორემ სამოქალაქო ომს გამარჯვებულები არ ჰყავს, დამარცხებით კი ისევ ეს ჩვენი სამშობლო დამარცხდება!!! გახსოვდეთ იმ ჭკვიანი კაცის შეგონება: ადამიანის ძალა გონებასა და გულშია და არა მკლავში!!!
იყავით ნათელი გონებისა და გულის მატარებელნი და გამოადექით არა რომელიმე ბოროტ ძალას, არამედ
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!!!
ნინიკო მშვიდობაძე
წყარო: ფეისბუქი