ლევან მამალაძე: არ გაგიკვირდეთ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვეული მანერით გამოვიდეს და თქვას…
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და ნაციონალური მოძრაობის გარიგების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ დასავლეთის დაკვეთით ზურაბიშვილმა შესაძლოა ექსპრეზიდენტი, მსჯავრდებული სააკაშვილი შეიწყალოს.
- … “დასავლეთიდან შეკვეთა სახეზეა, სააკაშვილის საკითხი არაერთგზის გაჟღერდა ევრო ტრიბუნიდან და რეზოლუციებში დაფიქსირდა, ხოლო ადგილობრივი „მიშისტები“ მონდომებას არ აკლებენ, რომ პრეზიდენტს გაურიგდნენ და საწადელს მიაღწიონ.
- სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის , რომ შემდგომ არჩევნებზე პრეზიდენტად არავინ აირჩევს და რაიმე თანამდებობასაც არ მიიღებს. როგორც ჩანს , მას საერთაშორისო ან ევრო სტრუქტურაში სანაცვლო თანამდებობას შეპირდნენ, ხოლო სააკაშვილის ადგილობრივი თუ საზღვარგარეთ მყოფი მხარდამჭერები ფინანსურ უზრუნველყოფაზე უკან არ დაიხევენ.
- ზურაბიშვილს სააკაშვილზე წყენა არ დაუმალავს, მაგრამ მას საშუალება ეძლევა მისი შეწყალება კარგად გაასაღოს , თან „ქართულ ოცნებაზე „გაბუტვა“ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
- ამ გადაწყვეტილებისთვის პრეზიდენტს შესაბამის მიზეზის შექმნა და ხელსაყრელი მომენტი სჭირდება. ამის ორგანიზებას თვითონვე აანონსებს და მიზეზსაც ასახელებს: სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმებაზე ექსპერტთა დასკვნა, სასამართლოს უარი სასჯელის მოხდის გადავადებაზე და საზღვარგარეთ მკურნალობაზე.
- ამ გარემოებების დადგომას ელოდება პრეზიდენტი, რომ სააკაშვილის შეწყალება გააფორმოს. მიშას ფანატები, ინტენსიურად მუშაობენ შეწყალების საბაბის შესაქმნელად და პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძვლის მოსამზადებლად. ისიც არ უნდა გამოირიცხოს ,რომ კულუარული შეხვედრა და გარიგება მათ შორის უკვე შედგა!
- ასე რომ, არ გაგიკვირდეთ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ჩვეული მანერით გამოვიდეს და თქვას,“ საქართველოს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ევრო კავშირის მოთხოვნათა გათვალისწინებით და ჰუმანურობაზე დაყრდნობით ვღებულობ გადაწყვეტილებას სააკაშვილის შეწყალებაზე“!- წერს სოციალურ ქსელში ლევან მამალაძე.