როგორ ესხმის თავს ე.წ. ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ირმა ინაშვილი სააგენტო „თბილისი 24“-ს
ანუ: როგორ გადაიქცა ერთი ადამიანი „ქართული მედიის და კანონის დედად“
სტუდია „ობიექტივის“ ყოფილმა ჟურნალისტმა და შეუმდგარმა პოლიტიკოსმა ირმა ინაშვილმა კლასიკურ, პოლიტიკური ცილისწამების სტილში გადაწყვიტა, რომ მას აქვს უფლება თავს დაესხას ნებისმიერ მედიას, რომელიც მის პოლიტიკურ გემოვნებას არ ემორჩილება და ამჯერად სამიზნედ სააგენტო „თბილისი 24“ აირჩია.
ნებისმიერი მედია, რაც ინაშვილს არ მოსწონს, უკვე არც მედიაა, არც ჟურნალისტი და არც კანონი ეხება. თუ წერ იმას, რაც მას მოსწონს, მაშინ ყველაფერი კანონიერია. მარტივი და კომფორტული ლოგიკაა.
ტვ.იმედი არ მოსწონს, არც რუსთავი 2-ს წყალობს, პოსტ-ტვ ხომ საერთოდ და ჩვენ რა მოსატანი ვართ! მხოლოდ ტვ-პირველს წყალობს!
ჯერ აცხადებს, რომ „თბილისი 24“ საერთოდ არ არის მედია და არც ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, შემდეგ გადადის უფრო მძიმე არტილერიაზე: სააგენტო, თურმე, პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით „აშავებს“ ხელისუფლებისთვის არასასურველ ადამიანებს და ამას „შავი ფულით“ აკეთებს.
ეს უკვე კრიტიკა აღარ არის. ეს არის პირდაპირი თავდასხმა – ცილისწამება, შეფუთული როგორც „ჟურნალისტური შეფასება“ და გაყიდული როგორც „პატრიოტიზმი“.
მოქ. ინაშვილისთვის მედია მხოლოდ ის არის, ვინც მის ხაზს ემორჩილება. თუ ვინმე მას ამხელს, აკრიტიკებს, წერს კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით და ამას კანონით იცავს – ეს უკვე „არაა მედია“ და მას თავს უნდა დაესხან. თუ ვინმე წერს იმას, რაც ინაშვილს და მის სექტას აწყობს, მაშინ კი, წყაროც დაცულია, კანონიც მოქმედებს და ყველაფერი კანონიერია.
ასეთი ლოგიკით, საქართველოში მედია აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ინაშვილის პირადი ცენზურის სამსახური, სადაც მთავარი რედაქტორი, პროკურორი და მოსამართლე ერთი და იგივე ადამიანია.
სააგენტო „თბილისი 24“ კი აგრძელებს იმას, რაც ნამდვილ მედიას უნდა აკეთებდეს: აქვეყნებს ინფორმაციას, იცავს წყაროს, ეყრდნობა კანონს და არ ეშინია სასამართლოს. ინაშვილს კი ეშინია სწორედ ამისა – რომ სასამართლოში მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მისი ბრალდებები ფაქტებზეა დაფუძნებული და არა პოლიტიკურ ემოციაზე და ფეისბუქის კომენტარებზე.
აქედან იწყება სამართლებრივი რეალობა, რომელსაც ინაშვილი ჯიუტად უგულებელყოფს.
საქართველოს კონსტიტუციის 17-ე მუხლი და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-3 და მე-11 მუხლები პირდაპირ ადგენს: ჟურნალისტს აქვს აბსოლუტური პრივილეგია დაიცვას კონფიდენციალური წყარო. არავის, მათ შორის პოლიტიკოსს, არ აქვს უფლება მოითხოვოს წყაროს გამჟღავნება ან თვითნებურად გამოაცხადოს, რომ ესა თუ ის გამოცემა „არ არის მედია“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები (Goodwin v. UK, Sanoma Uitgevers B.V. v. Netherlands) ამ უფლებას ფუნდამენტურად მიიჩნევს.
2025 წლის 26 ივნისის ცვლილებებით განახლებული მე-14 მუხლი კი ნათლად ამბობს: საჯარო პირის შემთხვევაში მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ მან კეთილსინდისიერად მიიღო ყველა გონივრული ზომა ინფორმაციის გადასამოწმებლად. სააგენტო სწორედ ამ სტანდარტით მოქმედებს. ინაშვილის ბრალდებები კი — „დაკვეთა“, „შავი ფული“, „არ ხართ მედია“ — არის უსაფუძვლო, დაუმტკიცებელი და პირდაპირ ცილისმწამებლური.
უფრო მეტიც: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 151-ე მუხლი (მუქარა) და 150-ე მუხლი (იძულება) პირდაპირ კრძალავს იმას, რასაც ინაშვილი აკეთებს – მედიის დაშინებას, დისკრედიტაციას და იძულებას, რომ „თავი შეიკავოს“ ინფორმაციის გავრცელებისაგან.
ინაშვილი ცდილობს, რომ სასამართლო გახდეს მისი პირადი იარაღი. მაგრამ სასამართლო არ არის ფეისბუქის კომენტარების სივრცე. იქ მოუწევს ფაქტების წარდგენა და არა ემოციური ტირადების. და თუ გააგრძელებს ამ თავდასხმას, სააგენტო „თბილისი 24“ სრულად გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს – როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის მიმართულებით.
და ბოლოს, ინტერნეტიც არ დგას გვერდით. თუ ინაშვილი გააგრძელებს ცილისწამებას და მედიაზე ზეწოლას, კიბერსივრცე თავისებურად უპასუხებს – მემებით, ვიდეოებით, ჰეშთეგებითა და უსასრულო კომენტარებით. ამჯერად უკვე არავინ იტყვის, რომ „ეს არ არის მედია“. ამჯერად ყველა იტყვის: ეს არის საზოგადოების პასუხი იმაზე, ვინც ცდილობს მედია გადააქციოს პირად ცენზურის სამსახურად.
ასე რომ, მოქალაქე ინაშვილო: მოგიწევს ფაქტების სასამართლოში წარმოადგენა, რადგან კანონი, წყაროს დაცვა და საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე შენს პოლიტიკურ გემოვნებაზე მაღლა დგას და ამჯერად უკვე არავინ გეკითხება, „ვინ არის მედია“ და ვინ არა, ყველამ იცის ვინ რას წამოადგენს. მედია ის არის, ვინც სიმართლეს წერს. ხოლო ვინც ცდილობს სხვებს აუკრძალოს წერა და თავს ესხმის – უბრალოდ ხდება კონტენტი.
თბილისი 24


