12 ივლისი 2026

დავით ქავთარაძე: აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებები აქტიურ ფაზაშია. 2026 წლის 10 ივლისს სპეციალისტებმა მავნებლის ბუნებრივი მტერი – იაპონური ქინქლა (Trissolcus japonicus) – დასავლეთ საქართველოს 70 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე განათავსეს. სულ გარემოში გაშვებულია 350 კოლბა, თითოეულში საშუალოდ 20 იაპონური ქინქლა, რაც საერთო ჯამში დაახლოებით 7 000 ინდივიდს შეადგენს.

განაწილება  განხორციელდა  შემდეგნაირად:

  • სამეგრელო – 30 ლოკაცია, დაახლოებით 3 000 იაპონური ქინქლა;
  • გურია – 30 ლოკაცია, დაახლოებით 3 000 იაპონური ქინქლა;
  • აჭარა – 10 ლოკაცია, დაახლოებით 1 000 იაპონური ქინქლა. საერთ ჯამში 7000.

ბიოლოგიური კონტროლის მნიშვნელობაზე, მიმდინარე ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტოს ესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიული კონტროლის დეპარტამენტის უფროსი დავით ქავთარაძე.

  • ბატონო დავით, რა მნიშვნელობა აქვს იაპონური ქინქლას გამოყენებას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში?

დავით ქავთარაძე:

იაპონური ქინქლა აზიური ფაროსანას ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბუნებრივი მტერია. იგი პარაზიტობს მხოლოდ აზიური ფაროსანას კვერცხებზე, რის შედეგადაც მავნებლის ახალი თაობა ვეღარ ვითარდება. სწორედ ამიტომ, ბიოლოგიური კონტროლი ინტეგრირებული მართვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე მიმართულებაა.

ჩვენი მიზანი მხოლოდ მავნებლის რაოდენობის დროებითი შემცირება არ არის. გვინდა ბუნებაში ჩამოყალიბდეს ბუნებრივი ბალანსი, სადაც თავად ბუნებრივი მტერი შეძლებს ფაროსანას პოპულაციის მუდმივ კონტროლს. ეს გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვნად ამცირებს მავნებლის გავრცელებას.

ძალიან მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რომ იაპონური ქინქლა სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის, ბავშვებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, ფრინველებისთვის, ფუტკრისა და სხვა სასარგებლო მწერებისთვის. იგი არ კბენს ადამიანს, არ აზიანებს მცენარეებს, არ ანადგურებს მოსავალს და მხოლოდ აზიური ფაროსანას კვერცხებზე ვითარდება. შესაბამისად, მისი გამოყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო და საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ აღიარებული მეთოდია.

  • საიდან მოხდა იაპონური ქინქლას მიღება და როგორ განხორციელდა მისი განაწილება?

დავით ქავთარაძე:

გარემოში გაშვებული იაპონური ქინქლები გამოყვანილია ანასეულის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში, სადაც ქართველი მეცნიერები მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევების საფუძველზე აქტიურად მუშაობენ ამ სასარგებლო მწერის გამრავლებასა და მასობრივი წარმოების ტექნოლოგიების დახვეწაზე.

ლაბორატორია მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოელ მეცნიერებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მუშაობენ. მათი რეკომენდაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით იხვეწება როგორც გამრავლების ტექნოლოგია, ისე გარემოში გაშვების მეთოდოლოგია.

სწორედ ანასეულის ლაბორატორიიდან მოხდა იაპონური ქინქლების გადანაწილება დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც ისინი სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე განათავსეს.

  • რა მასშტაბის სამუშაოები განხორციელდა წელს?

დავით ქავთარაძე:

2026 წლის 10 ივლისს ბიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში იაპონური ქინქლა გარემოში გავუშვით დასავლეთ საქართველოს 70 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე.

მათგან:

  • სამეგრელოში – 30 ლოკაცია და დაახლოებით 3 000 ინდივიდი;
  • გურიაში – 30 ლოკაცია და დაახლოებით 3 000 ინდივიდი;
  • აჭარაში– 10 ლოკაცია და დაახლოებით 1 000 ინდივიდი.
  • ჯამში 7000.

თითოეულ ლოკაციაზე განთავსდა 5 კოლბა, თითოეულ კოლბაში კი საშუალოდ 20 იაპონური ქინქლა, ანუ თითოეულ წერტილზე დაახლოებით 100 ინდივიდი.

ყველა ლოკაცია შერჩეულია ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე. ჩვენი სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან მავნებლის გავრცელებას, აფასებენ რისკებს და სწორედ ამის მიხედვით იგეგმება ბიოლოგიური ღონისძიებების განხორციელება.

  • რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი და რა შედეგებს ელით?

დავით ქავთარაძე:

მსოფლიო პრაქტიკამ უკვე არაერთ ქვეყანაში დაადასტურა, რომ იაპონური ქინქლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბიოლოგიური აგენტია.

საქართველოშიც რამდენიმე წელია ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ ბუნებრივი მტრის გავრცელება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფაროსანას პოპულაციის შემცირებას.

ბიოლოგიური კონტროლი განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც იგი ინტეგრირებული მართვის სისტემის ნაწილია. სწორედ ამიტომ, სურსათის ეროვნული სააგენტო ერთდროულად ახორციელებს მონიტორინგს, ბიოლოგიურ ღონისძიებებს, საჭიროების შემთხვევაში ქიმიურ ღონისძიებებს და მოსახლეობის ინფორმირებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო დონეზეც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა. ქართველი სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებს უზიარებენ, ხოლო ჩვენი პრაქტიკა არაერთ საერთაშორისო შეხვედრასა და კონფერენციაზე დადებითად შეფასდა.

  • რა რეკომენდაცია გაქვთ მოსახლეობის მიმართ?

დავით ქავთარაძე:

პირველ რიგში, მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ დააზიანონ და არ გაანადგურონ იაპონური ქინქლა. ეს არის სასარგებლო მწერი, რომელიც მხოლოდ აზიური ფაროსანას კვერცხებზე პარაზიტობს და ბუნებრივ პირობებში მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს მავნებლის შემცირებაში.

ასევე მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა დროულად მოგვაწოდონ ინფორმაცია აზიური ფაროსანას გავრცელების შემთხვევებზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრი, რომელიც აბაშაში ფუნქციონირებს, მუდმივ რეჟიმში მუშაობს, ხოლო ცხელი ხაზი – 1501 – ნებისმიერ შეტყობინებაზე ოპერატიულ რეაგირებას უზრუნველყოფს.

სურსათის  ეროვნული სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს როგორც ბიოლოგიური კონტროლის ღონისძიებებს, ასევე ფიტოსანიტარიულ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში ქიმიური ღონისძიებების განხორციელებას. ჩვენი მთავარი მიზანია, თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით მაქსიმალურად შევამციროთ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი, დავიცვათ სასოფლო-სამეურნეო კულტურები და შევუნარჩუნოთ ქართველი ფერმერების შრომის შედეგი.

თბილისი 24