რეალური ისტორია და გაქცეული მოღალატე მენშევიკური ხელისუფლება
როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს მრავალათასიანი არმია დგას, რეალურად ყველანაირ დამოუკიდებლობაზე საუბარი სისულელეა. 1918 წლის 28 მაისიდან სექტემბრამდე საქართველო გერმანიის, ხოლო სექტემბრიდან 1921 წლის 21 თებერვლამდე ინგლისის კოლონია გახლდათ.
105 წლის წინ საქართველოდან ევროპის მიერ მიტოვებული ჟორდანიას დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ევროპაში გაიქცა.
წითელმა არმიამ საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად აქცია, რომელმაც თავის შემადგენლობაში სპეციალური შეთანხმებით უკვე შექმნილი „აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკა“ მიიღო (რაზეც დღესაც აპელირებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება).
რუსეთში სამხედრო გადატრიალების შემდგომ კავკასიის სამხედრო ფრონტი ჩამოიშალა, არმია დემორალიზებული გახდა. კავკასიას სამხრეთიდან უდიდესი საფრთხე გამოუჩნდა – ოსმალეთის იმპერიის სახით.
საქართველოს მენშევიკურ მთავრობას ჟორდანიას მეთაურობით, ალბათ, შეეძლო სწორი პოლიტიკის წყალობით წინააღმდეგობა გაეწია ან თუნდაც გარკვეული პერიოდით შეეჩერებინა საბჭოთა აგრესია, რომ არა:
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის, უმეტესად მეთაურის გულგრილი და მიამიტური დამოკიდებულება არსებულ გამოწვევებთან მიმართებით;
- სომხეთის არმიის შემოჭრა საქართველოში;
- ქართული არმიის მუდმივი ბრძოლა „ისტორიულ მეგობარ“ თურქეთის არმიასთან;
- ქართული არმიის ბრძოლა „შინაურ მტრებთან“ – ოსებთან, აფხაზებთან.
ამ ფონზე საქართველოს სულ 12. 000-იანი არმია ჰყავდა, რაც თურქეთის არმიას ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, რომ არა ჩვენი და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ინტერესების კვეთა კავკასიაში.
ქრონოლოგიურად მივყვეთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები:
- პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წლის ნოემბერში ენვერ-ფაშა თბილისის ასაღებად დაიძრა.
- როგორც ბევრი მისი თანამემამულე, რუსი გენერალი მიშლაევსკი ბრძოლის ველიდან გაიქცა და თბილისის ევაკუაცია მოითხოვა.
- რომ არა გენერალ ალექსანდრე გაბაშვილის გამარჯვება სარიყამიშთან, თურქები თბილისს აიღებდნენ.
- 1917 წლის ოქტომბერში „მთავრობაძე გარდაიცვალა…“ ქართველი სოციალ-დემოკრატები საჭირო დროს, საჭირო მომენტში და საჭირო ადგილას აღმოჩნდნენ.
ნოე ჟორდანიას სიტყვებია:
- „თბილისი საქართველოს დედაქალაქი კი არ არის, არამედ ინტერნაციონალური ცენტრია, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და მისი მიღმა ტერიტორია ეკუთვნის სომხებსა და აზერბაიჯანელებს, მხოლოდ დასავლეთის მესამედი – ვერა და აქეთ მდებარე ტერიტორია გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებს“.
როგორ ფიქრობთ, ეს კაცი ძალიან მარტივად , უბრალოდ გაასაბჭოებდა თუ არა საქართველოს, ისევ ქართველებს რომ არ დაესწროთ და ხელი არ შეეშალათ რუსეთიდან? ვინ, რომელი მათგანი ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობაზე?!
- 1918 წლის 9 თებერვალს რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.
- 1918 წლის 16 თებერვლიდან ხელისუფლება ხელთ იგდო „აფხაზეთის სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა“ ეფრემ ეშბას ხელმძღვანელობით.
- 1918 წლის 24 თებერვალს თურქეთმა ტრაპიზონი და მამახათუნი აიღო.
- 1918 წლის მარტში წითელმა არმიამ ბაქო აიღო, რასაც 12 000-მდე მუსულმანი შეეწირა. ბაქოს დასაცავად ბუნებრივია, რომ უფროს ძმას – ოსმალეთს მიმართა.
- 1918 წლის 15 აპრილს თურქებმა ბათუმი აიღეს, 25 აპრილს კი დაიკავეს ყარსი და არდაღანი.
- თურქული არმია თბილისის ასაღებად მიიწევდა და თბილისს სულ რაღაც 20-25 კილომეტრით მიუახლოვდა.
- 1918 წლის მარტში თურქეთის შემოტევით გათამამებულმა ოსებმა აჯანყება დაიწყეს,
- 1918 წლის 22 აპრილს რუსეთის იმპერიის ნაწილებისგან (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) შეიქმნა „ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა“.
- მთავრობას მეთაურობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა ალექსანდრე ჩხენკელი. თუმცა ერთ თვეში თურქეთის ზეწოლით და მოთხოვნით ეს კავშირი დაიშალა და 1921 წლამდე ზუსტი საზღვრები ამ რესპუბლიკებს შორის განსაზღვრული არ იყო, რაც ბუნებრივია, იწვევდა კონფლიქტებს ქვეყნებს შორის.
- 1918 წლის 27 აპრილს გერმანიამ და თურქეთმა გავლენის სფეროები გაიყვეს. გერმანიასა და თურქეთს შორის საიდუმლო შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც საქართველო გერმანიის პროტექტორატის ქვეშ გადადიოდა.
- თურქეთმა ოკუპირებული საქართველოდან ჯარები გაიყვანა და საქართველოზე გერმანიის გავლენა აღიარა.
- 1918 წლის 11 მაისს თურქეთის ჯარებმა ბათუმი კვლავ დაიკავეს.
- თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგად ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა „ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა“, რომელსაც ჩეჩენი მიწათმფლობელი და ნავთობმაგნატი აბდულმეჯიდ ჩერმოევი ხელმძღვანელობდა. რესპუბლიკა აერთიანებდა რუსეთის იმპერიის დაღესტნისა და ტერგის ოლქებს, ასევე აფხაზეთს.
- 1918 წლის 11 მაისს ბათუმში გავლენის სფეროების გამიჯვნის შესახებ გერმანია-თურქეთს შორის მოლაპარაკება შედგა.
- 1918 წლის 14 მაისს საქართველომ გერმანიის მფარველობა მიიღო.
- 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1918 წლის 28 მაისს გერმანიის 3.000-იანი საექსპედიციო კორპუსი ფრიდრიხ კრეს ფონ კრესენშტეინის მეთაურობით ყირიმიდან ფოთში შემოვიდა. საქართველოში შემოვიდნენ გერმანელი ჯარისკაცები სირიიდან და უკრაინიდანაც.
1918 წლის 28 მაისს ფოთში საქართველოსა და გერმანიას შორის 6-პუნქტიანი შეთანხმება შედგა.
მისი თანახმად, გერმანიას ეძლეოდა:
- მონოპოლია ქართული საბადოების მმართველობაზე;
- ფოთის პორტი (60 წლით) და რკინიგზა (შორაპანი-ჭიათურა-საჩხერის მონაკვეთი 40 წლით) გადადიოდა გერმანიის არმიის მმართველობის ქვეშ;
- ჭიათურის მარგანეცის საბადოები გადადიოდა გერმანიის მმართველობის ქვეშ 30-წლიანი ვადით.
- 1918 წლის 4 ივნისს გერმანია-თურქეთის ახალი შეთანხმებით თურქეთმაც აღიარა ამიერკავკასიის ახლადშექმნილი სახელმწიფოები.
- გარდა ყარსის, არდაღანისა და ბათუმის ოლქისა (რომლებსაც უთმობდა საქართველოს), თურქეთის მმართველობაში გადადიოდა ახალციხის, ახალქალაქის, სურმალის, ალექსანდროპოლის ნაწილის, შარურის, ეჩმიაწმინდისა და ერევნის ოლქები. ასევე თურქეთს ეძლეოდა ამიერკავკასიის რკინიგზის შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
- 1918 წლის 10 ივნისს გერმანული ჯარების 5.000-კაციანი ნაწილი თბილისში შემოვიდა.
- ფოთში დარჩა გერმანელთა ძირითადი ძალა – 10 .000-კაციანი დაჯგუფება და არტილერია.
- გერმანულ სამხედრო მისიას საქართველოში კაპიტანი ეგან კრიეგერი ხელმძღვანელობდა.
გერმანულმა გარნიზონებმა დაიკავეს ქუთაისი, გორი, სიღნაღი, სამტრედია, ნოვო-სენაკი, ოჩამჩირე. გენერალ-მაიორ კრეს ფონ კრესენშტეინს საერთო ჯამში 30. 000 კაცი ემორჩილებოდა. გერმანელებმა დაიკავეს ფოსტა, ბანკები, ტელეგრაფი.
- 1918 წლის 18 ივნისს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს შავი ზღვისპირეთის ფრონტის ჯარების სარდლად. გენერალმა 10 დღეში დაიბრუნა გაგრა და ფსოუ.
მხოლოდ 1918 წლის მაისიდან – სექტემბრამდე “უანგარო” გერმანელებმა საქართველოდან გაიტანეს: 31 000 ტონა მარგანეცი, 30 მილიონი გერმანული მარკის ღირებულების პროდუქცია, თამბაქო, ხორბალი, ჩაი, 40 350 ცხვრის ტყავი, 360 ტონა მატყლი…
- 1918 წლის 15 სექტემბერს აზერბაიჯანის, დაღესტნის (მთიელთა სახელმწიფოს) და თურქეთის სამხედრო ნაწილებით შექმნილმა 13. 000-იანმა „კავკასიის ისლამურმა არმიამ“ წითელი არმიისგან ბაქო დაიბრუნა.
- 1918 წლის 23 ოქტომბერს თურქულმა 4.000-კაციანმა საჯარისო ნაწილებმა დაღესტანში დერბენტი და ტემირ-ხან-შურა (ბუინაკსკი) აიღეს.
პირველი მსოფლიო ომში ავსტრო–გერმანული ბლოკის დამარცხების შემდეგ თურქეთმა 1918 წლის 30 ოქტომბერს კავკასიიდან ჯარები გაიყვანა.
გერმანიამაც გაიყვანა საქართველოდან საკუთარი ჯარები. თუმცა “არაოკუპანტი” გერმანელები გამარჯვებულმა “არაოკუპანტმა” ინგლისელებმა ჩაანაცვლეს.
- 1918 წლის 17 ნოემბერს ირანიდან ბაქოში გენერალი ტომსონი ჩავიდა, რომელმაც ნოემბერ-დეკემბერში აიღო ბაქო, თბილისი და ბათუმი.
- „ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ბედზე“ დღედაღამ მზრუნველმა ბრიტანელებმა დაიწყეს ამიერკავკასიის რკინიგზის გაკონტროლება, რათქმაუნდა, ბაქოდან ნავთობის მიწოდების უსაფრთხოებისათვის.
1918 წლის 4-5 დეკემბრიდან – 1920 წლის ივლისამდე ამიერკავკასიაში ინგლისელების 60 .000-იანი კორპუსი იდგა, მათგან 25. 000 საქართველოში. ისინი სხვადასხვა ფაქტორს შორის ქართველებსა და სომხებს შორის მშვიდობის მყოფელების როლსაც ასრულებდნენ.
- 1918 წლის ნოემბერში სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ახალქალაქი დაიკავეს. 1918 წლის 18 დეკემბრიდან 1919 წლის 1 იანვრამდე საქართველო-სომხეთის ომი დაიწყო, რომელშიც ინგლისურმა ნაწილებმა ფაქტობრივად სომხების მხარე დაიკავეს. (ქართველებმა ამ ომში პირველად გამოიყენეს საჰაერო ავიაცია და დააბომბეს სომხები. პირველი ნაბიჯი სომხების მხრიდან სოხუმიდან საქართველოს გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა გადადგა, თუმცა თურქეთის შემოჭრამ ხელი შეუშალა.)
ინგლისელები წითელ არმიასთან მებრძოლ დენიკინის ნაწილებთან თანამშრომლობდნენ.
გენერალი ტომსონი ჟორდანიას დენიკინთან თანამშრომლობას ურჩევდა. ჟორდანია „ნეიტრალიტეტს“ ქადაგებდა. ამის გამო ინგლისელებმა საქართველო საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ფაქტობრივად ბლოკადაში მოაქციეს და შეუწყვიტეს კავშირი ევროპასთან.
- 1919 წლის თებერვალში საქართველოში არჩევნები ჩატარდა, სადაც სოციალ-დემოკრატების ერთპარტიული მმართველობა დამყარდა (1:1 დღევანდელ რეალობასთან). სოციალ-დემოკრატიულ პარტიას 109 დეპუტატი ჰყავდა, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა და სოციალ-ფედერალისტთა რევოლუციონერების პარტიას 8-8 დეპუტატი, ხოლო სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიას – 5 დეპუტატი.
- 1920 წლის 12 იანვარს საქართველოზე წყალობა მოიღეს და ის საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და იტალიამ მხოლოდ დე ფაქტო აღიარეს. თუმცა რუსეთს კავკასიაზე ფიქრი არ შეუწყვეტია.
- 1920 წლის 28 აპრილს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ჟორდანიამ სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მაშინ რუსეთს საქართველოსთვის დრო არ ჰქონდა. რუსეთ-პოლონეთის ომმა მცირე ხნით შეაჩერა წითელი არმიის გეგმები ამიერკავკასიაში.
- 1920 წლის 7 მაისს სამშვიდობო მოლაპარაკება შედგა ჟორდანიასა და რსფსრ-ის წარმომადგენელს შორის. მოლაპარაკების შედეგად რსფსრ-მა აღიარა საქართველო დე -იურე არსებულ საზღვრებში, რამაც გააღიზიანა სომხეთი და აზერბაიჯანი.
- საიდუმლო შეთანხმების თანახმად, საქართველოში მოქმედი კომუნისტური ორგანიზაციების (20. 000 წევრამდე) ლეგალიზება მოხდა. რსფსრ-ის პირველი წარმომადგენელი საქართველოში კიროვი იყო.
- 1920 წლის 8 ივნისს ოსებმა ცხინვალი აიღეს. იმავე წლის 17 ივნისს პოლკოვნიკმა ჩხეიძემ „მშვიდობიანი მოსახლეობის პირველი გენოციდი“ , განახორციელა – ამ დროს 5.000-მდე ოსი დაიღუპა, მათი უმეტესობა ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა.
- 1920 წლის დეკემბერში საქართველოს პირველი ევროპული „საჩუქარი“ მოუმზადეს: ერთა ლიგაში (გაეროს წინამორბედი) შესვლაზე უარი განუცხადეს!
- 1920 წლის 14 დეკემბერს თავად ლენინმა შეაჩერა შეტევა თბილისზე, თუმცა 1921 წლის 11-12 თებერვალს მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა ომის გამოუცხადებლად საქართველოს სამი მიმართულებიდან შეუტიეს.
- სამხრეთიდან თბილისის ასაღებად სომხური კავალერიის ბრიგადა მიიწევდა. ჟორდანია რუსებს თბილისთან მეორე „ვერდენის მოწყობას“, იმედების დასაბჭოთა არმიის მსხვრევას ჰპირდებოდა (სააკაშვილის მსგავსად) და ჯარზე ადრე, როგორც 2008 წელს, პირველი თავად გაიქცა თბილისიდან.
- 1921 წლის 12 თებერვალს წითელმა არმიამ დაიკავა გორი და დუშეთი, 14 თებერვალს –სოხუმი, 15 თებერვალს – შულავერი, 26 თებერვალს – გუდაუთა, 3 მარტს – ცხინვალი.
- 1921 წლის 25 თებერვალს აიღეს თბილისი…
- 1921 წლის 11 მარტს კონფლიქტში ჩაერთო თურქეთი და ყარაბეგი-ფაშა ბათუმში შემოვიდა.
- 1921 წლის 17 მარტს ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს გრიგოლ ლორთქიფანიძესა და რსფსრ–ის წარმომადგენელ აბელ ენუქიძეს შორის მოლაპარაკება შედგა ევაკუაციაზე.
- 1921 წლის 18 მარტს წითელმა არმიამ თურქებისგან დატოვებული ბათუმი დაიკავა. ჟორდანია გაიქცა.
ლოგიკურად მოაზროვნე (არა რობოტად ქცეულმა პრიმატებმა, რომლებიც დილას გამარჯვების ნაცვლად „რუსეთი ოკუპანტია“-თი იწყებენ) ადამიანებისთვის:
- სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთით სისხლით ყალიბდებოდა;
- იმპერიები, ადამიანები, რომლებმაც დაამხეს რუსეთის ხელისუფლება, მოკლეს მეფე, დაუშვებდნენ თუ არა მის სამხრეთით სხვა იმპერიის – თურქეთის ან ინგლისელების ბატონობას? დღევანდელი ანალოგიით, რუსეთის ფაქტობრივი იმპერია დაუშვებს „ნატოს“ ბლოკის ქვეყნის არსებობას საზღვარზე?
- რუსეთი რომ არ შემოსულიყო (არ ვამბობ, რომ კარგია), თურქეთი უპრობლემოდ ხომ დაიჭერდა მთლიან საქართველოს და ფიქრობთ, ეს გემოვნება ას წელში შეეცვალა?
- თუ, ვინმეს ჰქონია რომ დრევანდელ ეპოქაში, მაშინ როდესაც “საერთაშორისო ნორმები” ფარატინა ქაღალდად იქცა, ვინე დაგიცავს?
- რუსული წიაღიდან გამოსულ მენშევიკურ ხელისუფლებას ჰქონდა თუ არა რესურსი დაეცვა ქვეყანა საბჭოთა ან ოსმალურ-სომხური აგრესიისგან?
საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
