18 ივნისი 2026

ექსკლუზივი: თინა ბოკუჩავა გვარამიას პარტიას უერთდება – ოპოზიციურ ტერარიუმში ახალი სეზონი იწყება

„თბილისი 24“-ის წყაროს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება ნიკოლოზ გვარამიას პოლიტიკურ გუნდს. როგორც წყარო ირწმუნება, მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს და ეს ამბავი უკვე ცნობილი გახდა თავად ნაციონალური მოძრაობის შიდა წრეებისთვისაც.

სწორედ ამიტომ, პარტიის კულუარებში ამბობენ, რომ კოტიკოს ცოლს თავმჯდომარის სავარძელი პრაქტიკულად მანამდე გამოაცალეს, ვიდრე თავად დატოვებდა კაბინეტს. ზოგიერთი თანაპარტიელი მას უკვე „გამყიდველად“, ზოგი კი „პარტიის მოღალატედ“ მოიხსენიებს, თუმცა ქართულ პოლიტიკაში ეს ეპითეტები იმდენად ხშირად გამოიყენება, რომ მათი ინფლაცია უკვე ეროვნული ვალუტის გაუფასურებასაც კი უსწრებს.

წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში პარტიულ კულუარებში ისეთი დაძაბულობა სუფევს, თითქოს არა პოლიტიკური გაერთიანება, არამედ მრავალსერიანი მექსიკური სერიალის ფინალური სეზონი იწერებოდეს. სატელეფონო ზარები, პირისპირ შეხვედრები, ხმამაღალი კამათი, წყენა, ბრაზი, წყევლა და ურთიერთბრალდებები — ყველაფერი ერთად იმდენად დრამატულია, რომ სცენარისტთა კავშირმა შესაძლოა საავტორო უფლებებიც კი მოითხოვოს.

როგორც ამბობენ, ბოკუჩავა პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. მანამდე კი ოპოზიციური სპექტრის ყველაზე ხმაურიან ტერარიუმში კვლავ გრძელდება სიტყვიერი შეტაკებები, სადაც თითოეული მოთამაშე საკუთარ თავს “გენერლად” მიიჩნევს, ხოლო დანარჩენებს – დივერსანტებად.

განსაკუთრებულ წინააღმდეგობას, წყაროს ცნობით, ე.წ. ოპოზიციური ალიანსის გაფართოების იდეას თამარ ჩერგოლეიშვილი უწევს. ფედერალისტების ლიდერი, რომელსაც ოპონენტები ხშირად „ოპოზიციის იდეოლოგს და გურუს“ უწოდებენ, კატეგორიულად არ ეთანხმება ახალ კომბინაციებს და, როგორც ამბობენ, უკვე ღიად საუბრობს იმ ალიანსის დაშლის შესაძლებლობაზე, რომელიც ბევრის შეფასებით ისედაც უფრო ბუტაფორიული დეკორაცია იყო, ვიდრე მყარი პოლიტიკური კონსტრუქცია.

წყაროს მტკიცებით, ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი პოზიცია საბოლოოდ გაიმარჯვებს. მისი კრიტიკოსები კი ხუმრობენ, რომ თუ ქართულ ოპოზიციაში ვინმეს შეუძლია სამი ადამიანისგან შემდგარი კოალიციის ხუთ ფრაქციად დაშლა, ეს სწორედ თამარაა.

პოლიტიკური დამკვირვებლები ირონიულად აღნიშნავენ, რომ ოპოზიციური ველის გადალაგება უკვე ისეთ სისწრაფეს იძენს, რომ რიგით ამომრჩეველს სპეციალური რუკა და ნავიგატორი სჭირდება იმის გასარკვევად, ვინ ვისთან არის, ვინ ვის გაეყარა, ვინ ვის უჩივის და ვინ ვის მოღალატედ მოიხსენიებს. დღევანდელი მოკავშირე ხვალ შეიძლება მთავარი მტერი აღმოჩნდეს, ხოლო გუშინდელი მოღალატე — ახალი ალიანსის საპატიო წევრი.

ერთი რამ კი ფაქტია — თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ ერთი ხმაურიანი სერია დაიწყება, რომლის მთავარი სიუჟეტი, როგორც ყოველთვის, ხელისუფლების დამარცხებაზე ნაკლებად და ერთმანეთის დამარცხებაზე მეტად იქნება აგებული. პოლიტიკურ ტერარიუმში სეზონი გრძელდება და, როგორც ჩანს, ყველაზე საინტერესო ეპიზოდები ჯერ კიდევ წინ არის, 20 ივნისამდე, როცა მათი საბოლოოდ “დაშლა- არ მოშლა” ოფიციალურად გაფორმდება.