შიო III : გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის
ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ განაცხადა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამებაში გამართული დიდი საეკლესიო კრების შემდეგ, სასულიერო პირებსა და მრევლს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობაა, იწოდებოდეს ახალ პატრიარქად.
- „უპირველესად, მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა დასს, სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს, ალექსი სენაკელს და სხვა ჩვენ სასიქადულო მოღვაწეებს შემწეობისთვის.
- მადლობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ესოდენ დიდი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი დღის ღირსეულად წარმართვისთვის.
- განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის.
- ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებას და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის. მათთან ერთად ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლი და წყალობაა ღვთისა, ამავდროულად, მძიმეა მწყემსმთავრობის ჯვარი და პასუხისმგებლობა.
- შეუძლებელია, უფლის განგებულების და განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება, თუ რატომ ინება ღმერთმა ასეთი მადლის ბოძება.
- ვაცნობიერებ, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადეს, პატივს და მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება.
- გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ერის მომავლისთვის, რათა სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
