გოჩა ნაჭყებია: ბრბო, აჩუ, დრრ!
ეს რა „კრიტიკული მედია“ ხართ, რა „თავისუფალი ჟჟურნალისტები“, რა „სინათლის მებრძოლები“… ყველაფრის გაქილიკვა, ყველაფრის გადაქცევა კარიკატურად, ყველა ფაქტის აბსურდამდე დაყვანა, ყველა მოწინააღმდეგის ერთ დიდ სანაგავში გადაგდება — და ამ ყველაფერს თქვენ თავად ეძახით „კრიტიკულ ჟურნალისტიკას“?
მშვენიერი სახელია, არა? თითქმის ისეთივე მშვენიერი, როგორც „მშვიდობის მინისტრი“ ომის დროს.
• რაც არ მოგწონთ — პრორუსულია,
• რაც არ გაწყობთ — კრემლის ნარატივი…
• რაც თქვენს „წმინდა გემოვნებაში“ არ ჯდება — ავტომატურად „დეზინფორმაციაა“, „ტროლობაა“, „ბოტების ქარხანაა“,
რა მოსახერხებელია ეს პატარა ჯადოსნური სიტყვები, ერთი სიტყვა — და აღარ უნდა იფიქრო, აღარ უნდა ახსნა, აღარ უნდა არგუმენტირება. უბრალოდ „მიასხი“ , ლაქი, მიაწებე ეტიკეტი და მორჩა.
• ქვეყნის მილიონზე მეტ ამომრჩევლებს — შეშლილები, მონები, რუსები, ტვინგამორეცხილები, ბორიას ზომბები, სოფლელები, ბრმები, გაუნათლებლები, უკულტუროები… საოცარი სიყვარულია „ხალხისადმი“, რა ღრმა პატივისცემაა „დემოკრატიისადმი“!
• ბიძინა ივანიშვილი — ოლიგარქი, პუტინის აგენტი, ქვეყნის გამყიდველი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე – უარესი.. კობახიძემ თურმე, დავით- გარეჯი გაყიდა და ამის სიტყვაზე ვიღაც ფსიქიკური აშლილობის ადმიანის სჯერათ!
• სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა №5 -ს თუ №6-ს — „ღობის საქმე“!
ადამიანები, რომლებიც ქვებს ისროდნენ, მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიდნენ, პარლამენტს ცეცხლში ახვევდნენ, პოლიციის მანქანებს აბრუნებდნენ — „პოლიტპატიმრები“, „სინდისის პატიმრები“, „ ევროპული მომავლის დამცველები“, „თავისუფლებისათვის მებრძოლები“…
რა რომანტიკაა… თითქმის ჩე გერაც, მაგრამ ჩევ გერას ნაცვლად — ღობეგლეჯიაშვილები, „ღობის გმირები“!
• სააკაშვილის მიერ სახელმწიფო ქონების აშკარა გაფლანგვას— „კოსტუმების საქმე“. რათქმაუნდა, კოსტუმი ხომ იყო? მერე რა, რომ იმ კოსტუმის ფასად შეიძლებოდა ერთ სოფელში ერთი საავადმყოფო აეშენებინათ?
• უცხო ელჩებთან ყოველდღიური Zoom-კონსულტაციებზე მყოფი, გრანტიჭამიები, უცხო ქვეყნების ინტერესების პირდაპირი გამტარი ორგანიზაციები — „სამოქალაქო საზოგადოება“, „დამოუკიდებელი ხმა“, „ევროპული ღირებულებები“…
• ბიუჯეტიდან ფულის მოტეხვა, ქრთამი — „ტრაქტორების საქმე“, როგორც ჩანს, ტრაქტორი ბევრად უფრო სასაცილო სიტყვაა, ვიდრე „ქურდობა“ ან „მაკროფინანსური დანაშაული“.
• შსს — ხან „გელაძის საგვარეულო“, ხან „გომელაურის პირადი არმია“, ხან „რუსული მილიცია“, ერთი სიტყვით — ყველაფერი რუსული, მაგრამ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო,
• არჩეული პრეზიდენტი — „დანიშნული“, „არალეგიტიმური“,ხოლო ის ქალი, რომელსაც აშკარად ფსიქიკური აშლილობა სჭირს და რომელსაც საკუთარი სექტაც კი აღარ აღიარებს — „ლეგიტიმური პრეზიდენტი“.
აბსურდის თეატრის დონემ უკვე ბრეხტსაც გადააჭარბა.
და მთავარი ჰიმენი: პოლიციელი, რომელსაც თავში ქვა მოხვდა და სიკვდილს ძლივს გადარჩა —„მონა, რუსი“, ხოლო ის, ვინც ეს ქვა ესროლა — „გმირი“, „სინდისის პატიმარი“, „ევროპის მომავალი“.
ბრბო, აჩუ, დრრ!
რა სინდისი ხალხო?
სინდისი არის ადამიანის შიდა მორალური „ხმაური“ — ის შინაგანი მექანიზმი, რომელიც გვეუბნება რა არის სწორად და რა — არასწორად. სინდისი თუ იყო — ის იქნებოდა ხმა, რომელიც გეტყოდათ: „შენ რომ პარლამენტს ცეცხლი წაუკიდე — ეს სწორი არ არის“, „შენ რომ პოლიციელს თავში ქვა ესროლე — ეს სწორი არ არის“, „შენ რომ სახელმწიფო დაწესებულებებს ანადგურებ — ეს არ არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის ხულიგნობა“!
რა საერთო აქვს სინდისთან- ქვების, ცეცხლგამჩენი მოწყობილებებიდან ადამიანების სროლას, პარლამენტის შენობის დაწვას, ქვეფანილების აყრას, პოლიციის მანქანების გადატრიალებას ? ეს სწორია?
მიდით, გააგრძელეთ. განაგრძეთ საკუთარი თავის დარწმუნება, რომ თქვენ ხართ სინათლე, ხოლო მილიონი ადამიანი — სიბნელე, თქვენ ხართ „ისტორიის სწორ მხარეს“, ხოლო დანარჩენი საქართველო- ჩელიაბინსკში!
გაუმარჯოს თქვენს პარალელურ რეალობას. ჩვენ აქ, მიწაზე, რამენაირად შევეცდებით რომ ქვეყანა არ დაიწვას თქვენი „ სინდისის სიკაშკაშის“ ცეცხლში.
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
