4 მარტი 2026

აშშ-სთან სავაჭრო ომი კატასტროფა იქნება

ევროკავშირის კომისარმა ვაჭრობის საკითხებში, მაროშ შევჩოვიჩმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 30%-იანი ტარიფის იდეა კატასტროფაა , ფაქტობრივად, ამკრძალავია ორმხრივი ვაჭრობისთვის.

  • „მოდით, ვიყოთ გულახდილები, 30%-იანი ტარიფის იდეა, ფაქტობრივად, ამკრძალავია ორმხრივი ვაჭრობისთვის. ასეთი ტარიფები თითქმის შეუძლებელს გახდის ვაჭრობის გაგრძელებას ისე, როგორც ვახორციელებთ, რადგან ცვლილება ძალიან დააზარალებს ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მდებარე მიწოდების ჯაჭვებს“, – აღნიშნა მაროშ შევჩოვიჩმა.

მისი თქმით, ბლოკმა სინანულითა და იმედგაცრუებით მიიღო ტარიფებთან დაკავშირებული ტრამპის წერილი, თუმცა კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად ამერიკელ კოლეგებთან შემდგომ თანამშრომლობას გეგმავს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.

დონალდ ტრამპის მუქარა, რომ მომავალი თვიდან ევროკავშირის იმპორტზე 30%-იანი გადასახადი დაწესდეს, დღეს დილით ევროპის საფონდო ბირჟებზე უარყოფითად აისახა.

ევროპის ბაზრების უმეტესობა ვაჭრობის დაწყებისას დაეცა, რამაც პანევროპული Stoxx 600 ინდექსი 0.6%-ით შეამცირა.

გერმანიის DAX 0.95%-ით დაეცა, საფრანგეთის CAC 40-მა 0.8% დაკარგა, იტალიის FTSE MIB ინდექსი თითქმის 0.9%-ით დაეცა, ხოლო ესპანეთის IBEX 0.7%-ით შემცირდა.