29 ოქტომბერი 2026

როცა მღვდელი პოლიტიკურ პარტიად იქცევა, მისი სულიერი ავტორიტეტი სუსტდება!

სახელმწიფო და ეკლესია: ურთიერთდამოუკიდებლობა თუ უხეში ჩარევა?


2002 წელს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაში (კონკორდატში) პირველივე მუხლში იკითხება:


🔴„სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.“


ეს ფრაზა ქმნის მკაფიო ჩარჩოს: სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნული, დამოუკიდებელი სუბიექტებია. სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის შიდა ცხოვრებაში – არც დოგმატში, არც კანონიკურ სამართალში, არც იერარქიის არჩევაში.


🔸ამავდროულად, ეკლესია არ არის და არც უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტი. იგი არ მონაწილეობს მმართველობაში და არ აქვს უფლება სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვაში უშუალოდ ჩაერიოს.
ეს არის სეკულარიზმის პრინციპის ქართული ვერსია.


თანამშრომლობა შესაძლებელია და სასურველიც კი არის იმ სფეროებში, სადაც საერთო სიკეთე იგეგმება: განათლება, კულტურული მემკვიდრეობა, სოციალური დახმარება. მაგრამ თანამშრომლობა არ ნიშნავს ერთმანეთის საქმეებში ჩარევას.სახელმწიფო ამ პრინციპს ძირითადად იცავს.
კონსტიტუცია და კონკორდატი მკაფიოდ ადგენს გამიჯვნას.


🔸ხელისუფლება -არ ნიშნავს ეპისკოპოსებს, არ განსაზღვრავს საეკლესიო კანონებს და არ ერევა ეკლესიის შიდა მმართველობაში.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეკლესიის მხრიდანაც დაცული იყოს იგივე საზღვარი.როდის ირღვევა პრინციპიპრობლემა იწყება მაშინ, როცა ცალკეული სასულიერო პირები გადადიან პოლიტიკურ აგიტაციაზე.


🔸არა მხოლოდ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდებში, თითქმის ყოველდღიურად არაერთხელ ფქისრდება, რომ მღვდლები ქადაგებებში ან საჯარო გამოსვლებში იმეორებდნენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების გზავნილებს, აფასებდნენ პარტიებს ან კანდიდატებს და ამით ეკლესიის ავტორიტეტს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აქცევდნენ.


იყო შემთხვევები, როცა სასულიერო პირები ღიად უჭერდნენ მხარს ულტრამემარჯვენე ჯგუფებს ან, პირიქით, ღიად ეწინააღმდეგებოდნენ მოქმედ ხელისუფლებას ისე, რომ ამას აღარ ჰქონდა მორალური შეფასების სახე, არამედ პირდაპირი პოლიტიკური ჩარევის.
ასევე იყო მცდელობები, რელიგია სახელმწიფო იდენტობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოეყენებინათ – მაგალითად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივა, რომელიც თავად ზოგიერთმა მღვდელმთავარმა შეაფასა როგორც ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის საშიში ნაბიჯი.
ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ სახელმწიფოს სეკულარულ ბუნებას, არამედ თავად ეკლესიასაც.
🔸როცა მღვდელი პოლიტიკურ პარტიად იქცევა, მისი სულიერი ავტორიტეტი სუსტდება.


მრევლი იწყებს ეკლესიის აღქმას არა როგორც სულიერი სახლის, არამედ როგორც პოლიტიკური მოთამაშის.
სახელმწიფო, თავისი კონსტიტუციური ვალდებულებით, ვალდებულია დაიცვას გამიჯვნის პრინციპი. ამასთან, მას აქვს სრული უფლება მოითხოვოს, რომ ეკლესიაც იცავდეს იმავე პრინციპს. თუ სასულიერო პირი უხეშად ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ეს აღარ არის „აზრის გამოთქმა“ – ეს არის კონკორდატით დადგენილი საზღვრის დარღვევა.

ურთიერთდამოუკიდებლობა ორმხრივი ვალდებულებაა. სახელმწიფო ამ ვალდებულებას ასრულებს, როცა არ ერევა ეკლესიის შიდა საქმეებში. იგივე უნდა გააკეთოს ეკლესიამაც: არ გამოიყენოს თავისი ავტორიტეტი პოლიტიკური ზეწოლისთვის და არ აქციოს ტაძარი პარტიული აგიტაციის ადგილად. ეკლესიის ძალა არ არის პოლიტიკურ გავლენაში.


მისი ძალა არის სულიერ ავტორიტეტში და იმაში, რომ რჩება იმ სივრცედ, სადაც ადამიანი პოულობს ღმერთთან ურთიერთობას. ვინც ამას ავიწყდება და უხეშად ერევა სახელმწიფო პოლიტიკაში, ის არ იცავს არც ეკლესიას და არც ქვეყანას – ის ორივეს ასუსტებს.