ემანუელის ორმაგი სტანდარტების ბუმერანგი
ბუმერანგი თუ კარმა? მაკრონისთვის ძალადობა საფრანგეთში დანაშაულია, საქართველოში კი დემოკრატიის დაცვის არგუმენტი?!
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის, თავდასხმებში მონაწილე პირები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ, ხოლო სამართალდამცველები მთელი ერის მხარდაჭერას იმსახურებენ. ერთი შეხედვით, სრულიად ლოგიკური და სახელმწიფოებრივი პოზიციაა: პოლიციელებზე თავდასხმა, საჯარო დაწესებულებების დარბევა და მერია-პრეფექტურების დაწვა დემოკრატიის ზეიმი ნამდვილად არ არის.
მაგრამ აქ ერთი უხერხული კითხვა ჩნდება: რატომ არის ძალადობა საფრანგეთში სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხოლო საქართველოში -დემოკრატიის სახელით შეფუთული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი?
სწორედ აქ იწყება პარიზის პოლიტიკური მეხსიერების გამოცდა,როცა სხვის ეზოში დემოკრატია უფრო იაფი ღირს.
საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში არაერთხელ გვინახავს, როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციელებს, როგორ ზიანდებოდა სახელმწიფო ქონება, როგორ იწვოდა ინფრასტრუქტურა და როგორ გადადიოდა პოლიტიკური პროტესტი ძალადობრივ დაპირისპირებაში.
ამ ყველაფრის ფონზე დასავლელი პოლიტიკოსების, მათ შორის საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ხშირად დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ენით იყო გამოხატული.
რა თქმა უნდა, ხელისუფლების კრიტიკა დემოკრატიის ნაწილია. არც პოლიციას აქვს უფლება, ძალას გადააჭარბოს, არც ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტი ჩაახშოს, მაგრამ ეს პრინციპი ყველა ქვეყანაში ერთნაირად უნდა მოქმედებდეს.
- თუ პარიზში მერიის დაწვა მიუღებელია, თბილისში სახელმწიფო შენობის დაზიანება რატომ უნდა შეფასდეს მხოლოდ პოლიტიკური პროტესტის კონტექსტით?
- თუ ფრანგი პოლიციელი სახელმწიფოს სამსახურში მყოფი ადამიანია, ქართველი პოლიციელი რატომ უნდა იქცეს საერთაშორისო პოლიტიკური რიტორიკისთვის მოსახერხებელ სამიზნედ?
დემოკრატია გეოგრაფიული კოორდინატებით არ იცვლება. ის არც ფრანგულ აქცენტზეა დამოკიდებული და არც იმაზე, რომელი ხელისუფლებაა დასავლეთისთვის პოლიტიკურად სასურველი.
მაკრონისთვის სახელმწიფო სუვერენიტეტია, საქართველოსთვის – პოლიტიკური დებატის საგანი?
საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია ერთ რამეს ნათლად აჩვენებს: სახელმწიფოს აქვს უფლება, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, საჯარო დაწესებულებები და სამართალდამცველები. ამავე დროს, მას ეკისრება ვალდებულება, ძალა კანონიერად და პროპორციულად გამოიყენოს. სწორედ ამ ბალანსში მდგომარეობს დემოკრატიის არსი.
მაგრამ როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება საქართველოს მოვლენებს აფასებს, ქართველი საზოგადოება სამართლიანად ელოდება, რომ იგივე სტანდარტი იმოქმედებს ორივე მიმართულებით. არა მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლების მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, არამედ მაშინაც, როცა ისინი პოლიციელებს უპირისპირდებიან; არა მხოლოდ მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებაა გამოსაძიებელი, არამედ მაშინაც, როცა ძალადობა თავად დემონსტრანტების მხრიდან მოდის.
თუ საერთაშორისო პოლიტიკოსი მხოლოდ ძალაუფლების ერთ მხარეს ხედავს, ეს უკვე პრინციპულობა კი არა, შერჩევითი ხედვაა.
პოლიტიკაში არსებობს ერთი ძველი ჭეშმარიტება: სხვისი პრობლემების მორალური სიმაღლიდან შეფასება ადვილია, ვიდრე იმავე პრინციპების საკუთარ ქვეყანაში დაცვა. სანამ არეულობა სხვის დედაქალაქში ხდება, განცხადებების კეთება მარტივია. შეიძლება ისაუბრო დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, პროტესტის უფლებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, მაგრამ როდესაც ცეცხლი საკუთარ ქალაქში ჩნდება, როდესაც თავდასხმის ობიექტი შენი ქვეყნის მერია ან პრეფექტურაა და როდესაც პოლიციელებს შენი მოქალაქეები ესხმიან თავს, პოლიტიკური ლექსიკა უცებ იცვლება: თავისუფლების ნაცვლად ჩნდება პასუხისმგებლობა, პროტესტის ნაცვლად – სამართალი, ხოლო დემოკრატიის დაცვის ნაცვლად – სახელმწიფოს დაცვის აუცილებლობა.
და აი, სწორედ აქ ისმის კითხვა: თუ ეს პრინციპები საფრანგეთისთვის მისაღებია, რატომ არ უნდა იყოს ისინი საქართველოსთვისაც მისაღები?
და მაინც -ბუმერანგია თუ კარმა?
შეიძლება ამას ბუმერანგი ვუწოდოთ. შეიძლება – პოლიტიკურ კარმასაც. თუმცა, უფრო ზუსტი სიტყვა იქნებოდა ორმაგი სტანდარტის გამოცდა.
მაკრონის განცხადება, თავისთავად, სწორ პრინციპს გამოხატავს: ძალადობა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ხოლო სამართალდამცველები დაცული უნდა იყვნენ კანონის ფარგლებში, მაგრამ ეს პრინციპი უნივერსალურია – ის არ ეკუთვნის მხოლოდ საფრანგეთს და არც მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომელთა ხელისუფლებებთან პარიზს კარგი ურთიერთობა აქვს.
- თუ საფრანგეთის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ პოლიციელებზე თავდასხმა და საჯარო დაწესებულებების დაწვა მიუღებელია, მაშინ საქართველოს შემთხვევაშიც იგივე შეფასება უნდა მოქმედებდეს.
- თუ ქალბატონ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ძალადობრივი ქმედებები სისხლისსამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, ამავე დროს უნდა მოითხოვდეს, რომ ყველა საქმე სამართლიანად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და პოლიტიკური ანგარიშსწორების გარეშე იყოს გამოძიებული.
სხვა შემთხვევაში დემოკრატია უნივერსალური ღირებულება კი აღარ გამოდის, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელსაც სხვადასხვა დედაქალაქში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ.
დემოკრატია მაშინ არის დემოკრატია, როდესაც მისი წესები ყველასთვის ერთნაირია – მეგობრისთვისაც, მოწინააღმდეგისთვისაც და იმ ქვეყნისთვისაც, რომლის ხელისუფლებაც პარიზს არ მოსწონს და თუ ეს მარტივი ჭეშმარიტება პოლიტიკოსებს მხოლოდ საკუთარ ბოსტანში ახსენდებათ, მაშინ ბუმერანგის დაბრუნებაში გასაკვირი არაფერია, სხვისთვის დაწერილი მორალური გაკვეთილი ზოგჯერ საკუთარ კართან ბრუნდება.
თბილისი – პარიზი, ელვა დეპეშა.
გოჩა ნაჭყებია
