17 ოქტომბერი 2026

“ქართული ოცნების” სხდომის განრიგი ცნობილია: არმაგედონი გადაიდო, ქარიშხალი „გუბაზი“ საქართველოს გვერდს აუვლის!

რას უნდა ველოდოთ „ქართული ოცნების“ ხვალინდელი სხდომისგან – პოლიტიკურ მიწისძვრას, ქარიშხალს თუ მორიგ სანიმუშო შეკრებას, სადაც ყველა თავის ადგილზეა, ყველაფერი კონტროლდება და რეგიონში ქვეყანაც წარმატებულად ვითარება?

საზოგადოების გარკვეული ნაწილი მმართველი გუნდის ხვალინდელ შეკრებას უკვე პოლიტიკური არმაგედონის მოლოდინში ხვდება. ვიღაც დიდ პოლიტიკურ მიწისძვრას ელოდება, ვიღაც – საკადრო ცუნამს, ვიღაც კი, როგორც ჩანს, პოპკორნიც მოიმარაგა, რომ ისტორიული სანახაობა არ გამორჩეს. ხალხს ხომ დიდი ხანია, ცვლილებები ისე ენატრება, როგორც ზაფხულში წვიმა, ზამთარში კი – გათბობა.

თუმცა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სინოპტიკოსების პროგნოზით, განგაში ნაადრევია! მოსალოდნელი ქარიშხალი სახელწოდებით „გუბაზი“ ქვეყანას, სავარაუდოდ, გვერდს აუვლის. შესაძლოა, სადღაც პოლიტიკური ღრუბლები შეიკრიბოს, ქარი ამოვარდეს, რამდენიმე ხმაურიანი განცხადებაც გაისროლონ, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური მდგრადობისთვის საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

მოკლედ, ვისაც ხვალინდელი დღისგან ხელისუფლების შიგნით ქუხილი, მეხის გავარდნა და კაბინეტებში სკამების გადანაცვლება წარმოუდგენია, უმჯობესია, პოპკორნი ჯერ არ გახსნას. სანახაობა შეიძლება მოსალოდნელზე გაცილებით მშვიდი აღმოჩნდეს.

პროგნოზის მიხედვით, სხდომა, დიდი ალბათობით, ნაცნობი პოლიტიკური რიტმით ჩაივლის. ირაკლი კობახიძე ოპონენტებს სიტყვიერად კვლავ არ დაინდობს, „ნაცებს“ პოლიტიკურ მათრახს გადაუჭერს და, ტრადიციისამებრ, რამდენიმე ირონიულ ფრაზასაც შემოგვთავაზებს.

დარბაზში, სავარაუდოდ, გაირკვევა, რომ ხელისუფლების მთავარი პრობლემა ისევ ოპოზიციაა, ოპოზიციის მთავარი პრობლემა – ხელისუფლება, ქვეყნის მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამ ორ მხარეს ერთმანეთის გარეშე პოლიტიკური დღის წესრიგის წარმოდგენა უჭირს.

შალვა პაპუაშვილი, თავის მხრივ, ბრიუსელს სათანადო დოზით გადაუვლის. ევროპელ ბიუროკრატებს, მათი განცხადებებისა და პოლიტიკური პოზიციების მიხედვით, შეიძლება კიდევ ერთხელ აუხსნან, სად სცდებიან, რას ვერ იგებენ და რატომ არ უნდა ასწავლონ საქართველოს ის, რაც საქართველოს ხელისუფლებას, მისი შეფასებით, თავადაც შესანიშნავად ესმის.

ასე რომ, სხდომის პოლიტიკური მენიუ წინასწარ ნაცნობი ჩანს: კობახიძე – ოპოზიციისთვის, პაპუაშვილი – ბრიუსელისთვის, დანარჩენები კი, სავარაუდოდ, საერთო პოლიტიკური სუფრის გარშემო თავიანთ სიტყვას იტყვიან.

რეალურად, დღის წესრიგის მთავარი ნაწილი ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმებს, მიზნებსა და ამოცანებს დაეთმობა- აფქტია, რომ  ქვეყანა ვითარდება, სახელმწიფო ძლიერდება, ეკონომიკა წინ მიდის და ხელისუფლება მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. ნამდვილად შესაქებია ის ადამიანებიც, რომლებმაც, მმართველი გუნდის შეფასებით, ქვეყნისთვის თავი არ დაზოგეს და წარმატებას მიაღწიეს.

ამიტომაც, ხვალინდელი სხდომის გარშემო შექმნილი მოლოდინები, შესაძლოა, გადაჭარბებული აღმოჩნდეს. არც პოლიტიკური არმაგედონია გარანტირებული და არც ხელისუფლების შიგნით გარდამტეხი ცვლილებები. მოსალოდნელია ნაცნობი პოლიტიკური რიტორიკა, ოპონენტების კრიტიკა, ბრიუსელის მისამართით ნათქვამი მწვავე სიტყვები და ქვეყნის განვითარების გეგმებზე საუბარი.

ქარიშხალი „გუბაზი“ კი, ამ პროგნოზით, საქართველოს გვერდს აუვლის – ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ვინმე საპირისპიროს არ დაამტკიცებს.

თუმცა, ერთი რამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს: პოლიტიკაში ყველაზე დიდი ქარიშხალი ყოველთვის ხმაურით არ იწყება, ხოლო ყველაზე დიდი ცვლილება ყოველთვის სხდომათა დარბაზში არ ხდება.

 ზოგჯერ ცვლილება მაშინ იწყება, როცა საზოგადოება სიტყვების ნაცვლად შედეგებს ითხოვს.ასე რომ, პოპკორნი შეგიძლიათ, დროებით შეინახოთ. ხვალ შეიძლება არც სკამები გადაყირავდეს, არც პოლიტიკური ცუნამი აგორდეს და არც ვინმემ თანამდებობა დატოვოს.

გოჩა ნაჭყებია