შუა გაიკრიფა, ახლა ერთგულების დროა!
დადგა დრო, როდესაც წლების განმავლობაში ჩრდილში მოქცეული, ჩაჩოჩებული და „ჩანერგილების“ მიერ შეგნებულად გარიყული ადამიანები საკადრისად რომ დაფასდნენ!
ეს ის ხალხია, ვინც ყველაზე მძიმე დღეებში არ გაქცეულა, ვინც არ უღალატა საკუთარ სიტყვას. ვინც ზეწოლის, ინტრიგების, შანტაჟისა და შიდა მავნებლობის მიუხედავად, საქართველოსა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების გვერდით იდგა.
2012 წელი უბრალო პოლიტიკური კალენდარული თარიღი არ ყოფილა. ეს იყო გარდატეხის წელი, წელი, როდესაც ქართველმა ხალხმა თქვა – კმარა ! კმარა ძალადობის, უსამართლობის, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და იმ სისტემის, რომელმაც ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მომავალზე იმედი წაართვა!
მაგრამ ბრძოლა მაშინ არ დასრულებულა, პირიქით – სწორედ მაშინ დაიწყო ყველაზე რთული ბრძოლა.
წლების განმავლობაში ხელისუფლების შიგნით არაერთმა ადამიანმა მოიკიდა ფეხი, ვინც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად ყველაფერზე იყო წამსვლელი.
ზოგი ვითომ თანამებრძოლი იყო, ზოგი – ვითომ ერთგული, ზოგი კი სწორედ იმ დროს მუშაობდა, როდესაც სხვები ქვეყნისთვის იბრძოდნენ.
ცხვრის ტყავში გახვეული მგლები ნელ-ნელა გამოიკვეთნენ, სვავებმა, რომლებიც სხვისი შრომითა და სხვისი გამარჯვებით ცდილობდნენ საკუთარი პოლიტიკური კარიერის აშენებას, საბოლოოდ საკუთარი სახე თავადვე გამოაჩინეს და დღეს უკვე ერთი რამ ნათელია: შუა გაიკრიფა!
ვინც საქართველოს ერთგულად ემსახურებოდა – ერთ მხარეს დარჩა და ვინც საკუთარ სკამს, გავლენას და პირად ამბიციას ემსახურებოდა მეორე მხარეს აღმოჩნდა.
ლუსტრაციასაც წლები დასჭირდა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნებოდა, რომ ამ ყველაფერს ბოლო არასოდეს ექნებოდა.
შესაბამისი კანონიც ვერ იქნა მიღებული, სახელები არ დასახელებულა, ბევრი კითხვა უპასუხოდ დარჩა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ლუსტრაცია – დროის ლუსტრაცია.
დრო ყველას ამხელს და სწორედ ამ დროის ფონზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გამჭრიახობა და მოთმინების უნარი- დაელოდოს მომენტს, როდესაც ყველა ადამიანი საკუთარ ნამდვილ სახეს თავად გამოაჩენდა.
დღეს ის ადამიანები, რომლებიც ოდესღაც პოლიტიკურ მომავალს გვპირდებოდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან პოლიტიკური სცენიდან ზოგი ხმაურით, ზოგი ჩუმად, ზოგიც უკანასკნელ ძალებს იკრებს, რომ როგორმე კიდევ ერთხელ დაბრუნდეს იმ სკამზე, რომლებიც უკვე წარსულს ჩაბარდა.
ზოგის მატარებელი რუსთავის N 12 დაწესებულებასთან გუგუნებს, ზოგისთვის ადგილი უკვე ისტორიაშია, ხოლო ისტორიის წიგნებში ყველა ვერ მოხვდება ღირსების სახელით. ზოგიერთისთვის იქ მხოლოდ ერთი პატარა აბზაცი დარჩება – როგორც გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის.
პრემიერები მოდიან და მიდიან, მინისტრები ინიშნებიან და იცვლებიან, პარტიული თანამდებობები იცვლება, პოლიტიკური სახეები ჩნდებიან და ქრებიან, მაგრამ საქართველო რჩება!
რჩება ჩვენი მიწა, ჩვენი დროშა ჩვენი ენა, ჩვენი ისტორია, ჩვენი ერი და სწორედ ამიტომ, დღეს მთავარი ბრძოლა უკვე პიროვნებებზე კი არა, ქვეყნის მომავალზეა!
ვერავინ უნდა დაგვავიწყოს, საიდან მოვედით, ვერ დაგვავიწყოს, რა ფასად მოვიდა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, ვერავინ უნდა დაგვავიწყოს, რომ სახელმწიფოს მშენებლობას ერთგული ადამიანები სჭირდება და არა პოლიტიკური ავანტიურისტები, რომლებიც ქარის მიმართულებას ყოველ ჯერზე იცვლიან.
საქართველოს არ სჭირდება პოლიტიკური ტურისტები, არ სჭირდება ისინი, ვინც გარკვეულ მომენტში- გარკვეულ ადგილას აღმოჩნდნენ, საქართველოს სჭირდება ადამიანები, რომლებიც მაშინაც დგანან სამშობლოს გვერდით, როცა რთულია, როცა მათ არავინ აქებს, როცა არავინ პირდება თანამდებობას, როცა ერთგულებას ფასი აქვს.
აი, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა დაფასდნენ!
ხოლო ისინი, ვინც წლების განმავლობაში ღალატით, ინტრიგითა და პოლიტიკური მანიპულაციით ცდილობდა ქვეყნისა და ხელისუფლების დასუსტებას მათ საბოლოო შეფასებას ხალხი და ისტორია მისცემს.
ისტორია დაუნდობელია, მას ვერ მოატყუებ, ვერ მოისყიდი, ვერ დაავალებ, ვინ გმირად ჩაწეროს და ვინ მოღალატედ, ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
დღეს კი ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: საქართველოს მშვიდობა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობა შემთხვევით არ მოსულა და თუ ამ ქვეყნის შენარჩუნება გვინდა, პოლიტიკური ინტრიგების ეპოქა უნდა დასრულდეს დასრულდეს ერთმანეთის ჩაძირვა, დასრულდეს ჩუმი ომები, დასრულდეს სკამებისთვის ბრძოლა.
ქვეყანა სკამზე მაღლა დგას, საქართველო პოლიტიკოსზე მაღლა დგას, ნებისმიერ პარტიაზე მაღლა დგას და ვინც ამას ვერ გაიგებს, მას თავად ქართველი ხალხი დაუწერს საბოლოო განაჩენს – არა შურისძიებით, არამედ ხმის, არჩევანისა და ისტორიის ძალით.
დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ იკვეთება პოლიტიკური ბრძოლის ახალი ეტაპი, ჩვენ მხოლოდ ერთი რამ უნდა მოვითხოვოთ: ერთგულებს -პატივი, შრომას დაფასება, ღალატს – პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საქართველოს მშვიდობა.
და ამ რთულ გზაზე, ჩემი ღრმა რწმენით ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო და რჩება იმ პოლიტიკურ ძალად, რომელმაც საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
შეიძლება პოლიტიკოსები შეიცვალონ, შეიძლება პარტიული კაბინეტები შეიცვალოს, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები არ უნდა იცვლებოდეს.
ჩვენი საქმე ერთია – საქართველო, ჩვენი პასუხისმგებლობა ერთია – სამშობლო და ჩვენი მომავლის იმედი ერთია – ძლიერი, მშვიდობიანი და სუვერენული საქართველო!
გაუმარჯოს საქართველოს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა!
დიდება უფალს!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია
