ნინიკო მშვიდობაძე: მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე!
არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, ვთვლიდი, რომ როგორც ჟურნალისტი, ობიექტურობის შენარჩუნებისთვის, არ უნდა ვყოფილიყავი რომელიმე პარტიის წევრი. დიდხანს გაგრძელდა ასე, საკმაოდ დიდხანს, ანუ მანამდე, სანამ ერთხელაც არ მივხვდი, რომ ერთადერთი პარტია, რომლის წევრობა გულწრფელად მსურდა, “ქართული ოცნება” იყო.
და ეს სურვილი, როგორც მავანს ჰგონია ან სურს, არ გამომდინარეობდა არც მატერიალური კეთილდღეობის მიღების მიზნით და არც სხვა რამ პრივილეგიების გამო. მაშინაც, როცა უპარტიო ვიყავი და ახლაც, როცა ამ პარტიის წევრი ვარ, ვთვლიდი და ვთვლი, რომ “ქართული ოცნება” არის ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც ამ ქვეყნის განვითარება და ჩვენი სამშობლოსთვის წარმატებების მოტანა შეუძლია, ძალა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობისა და მოვალეობების გრძნობა, რომლისთვისაც უმთავრესია ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!
6 ნოემბერს, კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, გამიჩნდა რეალური შიში, რომ არ მომხდარიყო ის, რაც ჩემს სამშობლოში 2008 წელს დატრიალდა. საშიშროება კი დიახაც, რომ რეალური იყო და ახლავე ავხსნი რატომაც:
2008 წლის რვა აგვისტომდე იყო განმუხურის შემთხვევა, ანუ დაგეგმილი პროვოკაცია გარეთ რუსეთის, ხოლო შიგნით – სააკაშვილის რეჟიმის მიერ. ყველას კარგად გახსოვთ ის კადრები, რუს ცისფერჩაფხუტიანებთან როგორ მიდის მხოლოდ ტელეკამერების წინ გმირად ქცეული სააკაშვილი და როგორ თამაშობს ძლიერი მხედართმთავრის როლს, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იქცევა ჰალსტუხისჭამია მთავარსარდლად, მხდალ პრეზიდენტად, რომელსაც გორში მოტოციკლის ხმა თვითმფრინავის ხმა ეგონა და შეშინებული ისე გაიქცა, დაცვაც ძლივს დაეწია…
დიახ, განმუხურს მოჰყვა 2008 წლის 8 აგვისტო, მოჰყვა დაკარგული 125 სოფელი, საკუთარი სახლი დაკარგა თითქმის 150 000-მდე ადამიანმა, რომელთაგან 30 000 დღემდე დევნილობაში რჩება. გვახსოვს ისიც, თუ როგორ იგზავნებოდა მოსკოვში წერილი წერილზე მაშინდელი კულტურის მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ კრემლში კონცერტის გამართვის თხოვნით, როგორ ხვდებოდა სააკაშვილი გაშლილი სუფრითა და ხელებით რუს ტურისტებს ლარსის საბაჟოსთან და როგორ გადასცეს რუსულ კომპანიებს თითქმის ყველა ენერგოსისტემა…
დიახ, ეს ყველას გვახსოვს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიაა.
ამდენად, 6 ნოემბრის ტრაგედიის შემდეგ ჩემი შიში, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, მით უმეტეს მაშინ, როცა ყველა ვხედავთ რა ბოროტ ძალასთან, რამხელა მონსტრთან უწევს ბრძოლა დღევანდელ ხელისუფლებას. ამ ბოროტი ძალისთვის, კოლექტიური გიენებისთვის, როგორც მე მათ ვუწოდებ, ქვეყანა, სამშობლო ან/და ადამიანები კი არაა მთავარი, ან მათ ამ ქვეყნის ან/და ადამიანების კეთილდღეობა კი არ სურთ, არამედ ამ ქვეყანაში მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის, მხოლოდ საკუთარი პრივილეგიებისთვის იბრძვიან და ამისათვის ყველაფერზე მიდიან, აბსოლუტურად ყველაფერზე. და რაოდენ დიდი იყო ჩემი სიხარული, როცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დღეს საქართველოს მართავს გონიერი, პრაგმატული და ჯანსაღად მოაზროვნე ძალა, რომელიც კირბალთან დიახაც რომ, დაგეგმილ პროვოკაციას არ წამოეგო, გამოძიებაც დაიწყო, დაკავებულიც გაათავისუფლა და ქვეყანა კიდევ ერთხელ იხსნა მოსალოდნელი საფრთხისაგან…
იმ ღამით, 6 ნოემბრის ღამით, ციცქნა ელენიკოსთან ჩახუტებული ვფიქრობდი, რას ვიზამდი, ილიას და ელენეს მომავალს საფრთხე რომ შექმნოდა და მივხვდი: ყველაფერს და კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუთხარი უფალს მადლობა მშვიდობისთვის, რადგან მაშინ, როცა მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული, საქართველო მშვიდობის ოაზისია და ეს სწორედ არსებული ხელისუფლების, პარტია “ქართული ოცნების” დამსახურებაა.
მადლიერების გამოხატვა უდიდესი ადამიანური თვისებაა და უმადურობაზე დიდი ცოდვა არ არსებობს, ამიტომ უფლის შემდეგ მადლობას სწორედ არსებულ ხელისუფლებას, პრემიერს და მმართველ პარტიას ვუხდი უპირველესად მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება, რომ ჩემი რწმენა შეურყვნელია, რომ ადამიანის უფლებები პრიორიტეტულია, რომ სიტყვის თავისუფლება და ბიზნესი დაცულია, რომ ქვეყნის ინფრასტრუქტურა წესრიგდება, რომ სოციალური და ჯანდაცვის პროგრმებისთვის სახელმწიფო ბოლომდე იხარჯება და ერთხელაც დავწერ ამ პროგრამებზე, რომ ქართულმა კულტურამ კიდევ ერთხელ მოახდინა ფურორი მსოფლიოში და ჩვენი ნიკალა, ფიროსმანი, რომელიც ყოველთვის “პაპაჩემივით მიყვარდა”, მსოფლიოს გააცნო და ბევრი ასეთი რომ…
ევროპა? ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, პროტოქართველები, ანუ ჩვენი წინაპრები იყვნენ სწორედ პირველი ევროპელები და დღესაც, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ქართული სიტყვებია შემონახული: იბერია, ლელო, გურია… დიახ, ის, რასაც თქვენ ევროპას ეძახით, ჩემი წინაპრების მიერ აღმოჩენილი მიწებია, სადაც დასახლდნენ და ცხოვრება, გამრავლება დაიწყეს და დიახ, დღეს საქართველო თავის ისტორიულ ადგილს უბრუნდება ისევ და ისევ ამ ხელისუფლების, ამ მმართველი პარტიის ძალისხმევითა და ბრძოლით, რომელიც ცალ ფეხზე კი არ დადგა პრივილეგიების მოლოდინში, არამედ პირიქით, ღირსებით და ღირსეულად შეეგება ყველა გამოწვევას და ისე, როგორც ქართველთა წესია, თავაწეულად დგას ეროპისკენ მიმავალ გზაზე, საკუთარი რწმენით, საკუთარი ენით, საკუთარი დამწერლობით, საკუთარი კულტურით, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე დიდი ისტორია აქვს!!!
და ბოლოს, ისევ მტკიცედ და ხაზგასმით ვამბობ, რომ “ქართული ოცნება” დღეს არის ერთადერთი პარტია, რომელსაც ქვეყნის ხსნა, განვითარება, წინსვლა და ქვეყნისთვისწ წარმატების მოტანა შეუძლია ყველა ასპარეზზე!!!
პ.ს. დღეს ლანჩხუთში “ქართული ოცნების” კონფერენცია ჩატარდა, რომელზედაც პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარედ უკვე მესამედ აირჩიეს ალექსანდრე სარიშვილი გულწრფელად ვულოცავ მას ამ პოსტს, ვუსურვებ, რომ კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობა კიდევ ერთხელ განემტკიცებინოს და ასევე ვულოცავ პარტიის ბიუროს ახალ შემადგენლობას. წინ ბევრი გამოწვევა გველოდება, მეგობრებო, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!!!
ქართული ოცნება / Georgian Dream
ნინიკო მშვიდობაძე