სალომეს უნდა “დედოფლად” ვაღიაროთ…

– პრემიერის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სწავლის გაგრძელებას შეძლებს გადასახადის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული 30 ათასი სტუდენტი, არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. არადა, ეს თითქოს ერთნაირად მისაღები უნდა ყოფილიყო როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. წავიკითხე განათლების რამდენიმე ეგრეთ წოდებული ექსპერტის უარყოფითი გამოხმაურებები ამ კონკრეტული ინიციატივის შესახებ.
ზოგი ამბობს, რომ ამ ფულს სახელმწიფო მოქალაქეების ჯიბიდან იხდის, რისი უფლებაც არა აქვს, ზოგი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტებისთვის უნდა ეკითხათ ჯერ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ზოგი პირდაპირ მოუწოდებს სტუდენტებს, რომ „ასეთი შურაცხყოფა“ არ მოითმინონ, რადგან ხელისუფლება მათ „მოსყიდვას“ ცდილობს… თქვენ როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას?
– რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ! საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ეს სიკეთე განკუთვნილი. უამრავი სტუდენტია, რომელიც გადასახადის გადაუდელობის გამო სწავლას გამოეთიშა და პრემიერის ამ გადაწყვეტილებით ათასობით ახალგაზრდა აისრულებს ოცნებას, განაგრძობს სწავლას და დასახულ მიზანს განახორციელებს. თავისთავად, მტივნეული თემაა, როცა ადამიანს სწავლა უნდა და სახსრები არ გააჩნია. რასაკვირველია, კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ არც ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა, უსახსრობის გამო უსწავლელი არ დარჩეს, მაგრამ პრემიერის ეს კონკრეტული გადაწყვეტილება რომ უპრეცედენტოა და ათასობით ახალგაზრდის გულს გაახარებს, ეს ხომ მისასალმებელი და სასიხარულო ფაქტია!
რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს, ჩვენ ვიცით, რომ ესენი არიან აგენტურის მიერ დაფინანსებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ. სწორედ ამ მიზეზით, მათ ანერვიულებთ და აბოროტებთ ყველა ის კეთილი საქმე, ყველა წარმატებული ნაბიჯი, რასაც ხელისუფლება მოსახლეობის სასიკეთოდ დგამს. ყველაფრის მკადრებლები არიან ეს ადამიანები.
„ნაციონალები“ ბოროტები იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ასეთივე არიან ახლაც… უარყოფით შეფასებებს აკეთებენ, რადგან ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთ დამფინანსებლებთან, ვალდებულნი არიან, ყველაფერზე უარყოფითი შეფასება დადონ და ორიოდე კაციც რომ დააჯერონ გამოგონილ სიცრუეში, ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მათთვის. მათი მთავარი ამოცანაა, ეროვნულ ფასეულებებზე ორიენტირებული გუნდი როგორღაც საქართველოდან მოაშორონ, ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში და შემდეგ ქვეყანა ავანტიურაში ჩაითრიონ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათთვის არის კატასტროფა, რადგან ჯერ ისეც ნულს ქვემოთ დასული რეიტინგი აქვთ და საზოგადოების დადებითი მუხტი ხომ საერთოდ აპარტახებთ. დიდი ხანია, იციან, რომ არჩევნების გზით ისინი ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაში და ახლა დაგეგმილი სცენარიც ჩაუფლავდათ, რის განხორციელებასაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდების დახმარებით აპირებდნენ. ამიტომაც გამწარდნენ ასე ძალიან, რომ ეს რევოლოციური სცენარი აღარ გამოვა და დამფინანსებლების იმედებს ვეღარ გაამართლებენ.
– წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპას დავანახოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების ნამდვილი სახე, სანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოგვცემენ, თუმცა სწორედ ახლა დაიწყო ხელისუფლებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რასაც დასავლეთისგან უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები, მიუხედავად იმისა, რომ იგივე ხდება ამერიკაში, – ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება დააპატიმრონ, მოქმედს კი იმპიჩმენტს უპირებენ. ხომ არ ჯობდა, სხვა დრო შეგვერჩია პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის?
– ვერ გავიგე და ძალიან ცუდად მხვდება ყურში, როცა ამბობენ, რომ „ახლა ამის დრო არ არის“. „სხვა დრო“ რას ნიშნავს? კონსტიტუციურ მმართველობაში და სამართლიან სახელმწიფოში „ახლა“ და „ამ დროს“ ცნება არ არსებობს, როცა ვინმე კონსტიტუციას არღვევს, მით უფრო, თუ ეს ის ადამიანია, რომელიც თავად უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის გარანტი. სამართალმა არ იცის „დრო“, როდესაც ადამიანი რაღაცას ჩაიდენს.
ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“, ვინც ამ ფაქტის გამო გვსაყვედურობენ, ცდილობდნენ, საქართველო გამოეყენებინათ რუსეთთან ომში, რათა რუსეთის მოქმედება გადმორთულიყო საქართველოზე, შემცირებულიყო საზღვრებზე რუსეთის გავლენები და ამით დაეცვათ თავიანთი საზღვრები. ეს რომ ვერ გაუვიდათ და ვერ ჩართეს ომში საქართველო, ახლა ამბობენ, რომ არც ჩვენი კონსტიტუცია აინტერესებთ და არც სამართალი.- როგორც თვითონ ფიქრობენ, ისე უნდა იყოს და ისე უნდა ვიმოქმედოთ.
ევროპარლამენტარისგან ასეთი რამის მოსმენა სამარცხვინოა და აშკარად მიუთითებს პირად ან პოლიტიკურ ინტერესზე, რაც მათ ან მათ სახელმწიფოს სჭირდება. იმიტომ ვამბობთ, რომ საქართველომ სუვერენული პოლიტიკა უნდა გაატაროს, რათა ასეთმა ოდიოზურმა ფიგურებმა ქვეყნის მთავრობას არ მიუთითონ, რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, როგორი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ურთიერთობები დაამყაროს… ისევე, როგორც ამას წინა ხელისუფლების დროს აკეთებდნენ. ზუსტად „ოცნების“ ხელისუფლებამ გადადგა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართულებით პირველი ნაბიჯები და დაიწყო დამოუკიდებელი მოქმედება. ამის გამო არიან გამწარებული, ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველოში თავიანთი გავლენებით ვეღარ სარგებლობენ. აბა, ამერიკას გაუბედონ და იგივე უთხრან!
საქართველო დაბალ ღობედ მიაჩნიათ, უნდათ, ისევ ისე იყოს ყველაფერი, რასაც შეჩვეული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ ისე აღარ არის – ეტყოდნენ, ცალ ფეხზე დადექიო და დადგებოდნენ! ტერიტორიებიც დაკარგა და უამრავი სისაძაგლე ჩაიდინა „ნაციონალურმა“ რეჟიმმა. ეს ადამიანები, ვისაც დღეს საქართველოს კონსტიტუცია არ აინტერესებთ, საკუთარი თვალით უყურებდნენ, როგორ შეიჭრა ქვეყნის ხელისუფლება იარაღით ხელში ტელევიზიაში 2007 წელს და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს იყო „დემოკრატია“.
– „გირჩი“ სანაძლეოს დებს და ამბობს, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ. დანარჩენი ოპოზიცია კი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის დროს დარბაზში საერთოდ არ შევა…
– მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რომ არ შეუძლია, იმპიჩმენტი მოაწყოს, თუ ხმათა რაოდენობა არ ჰყოფნის, ფაქტია, მაგრამ მინდა, რადიკალებს შევახსენო, როდესაც მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, რა გამოხმაურება ჰქონდა ამ ფაქტს ოპოზიციაში. როგორ ლანძღავდა, რა სიტყვებით, რა ეპითეტებით მოიხსენიებდა ზურაბიშვილს ოპოზიცია! ახლა, როდესაც თვითონ რაღაც დივიდენდები მიიღეს, გადაიფიქრეს, ანუ, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ, საქართველოს პოლიტიკა და სამართალი, კონსტიტუცია საერთოდ არ აინტერესებთ. წესით, სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა დაუჭიროს მის იმპიჩმენტს მხარი, რადგან პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ისე კი არა, რომ შეცდომა მოუვიდა, ღიად, პირდაპირ და გამიზნულად დაარღვია კონსტიტუცია. თუ გავიხსენებთ, ეს ქალბატონი ჯიუტი და თავნება პიროვნება იყო ყოველთვის, ახლა კი უნდა, რომ დედოფლად ვაღიაროთ, მაგრამ მის „დედოფლობას“ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და ამას ვერ ხვდება.
– ახლახან გაირკვა, რომ „ვივამედის“ ბინადარი ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, ბიუჯეტის ხარჯებით თურმე პაბლო ესკობარის საფლავის მოსანახულებლად იმყოფებოდა. რა ემოციური კავშირი უნდა ჰქონოდა სააკაშვილს მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დამნაშავესთან, კოლუმბიელ „კოკაინის მეფესთან“?
– ეტყობა, ბავშვობაში ჰქონდა წაკითხული, ან ფილმები ჰქონდა ნანახი და მისი კუმირი იყო. პრინციპში, თვითონაც ხომ ესკობარივით იქცეოდა საქართველოში. იმიტომაც არიან გაბოროტებულები, – ერთ დღეს გაიღვიძებდნენ, რაღაც არ მოეწონებოდათ და იტყოდნენ, – „მოდი, მოვკლათ, მოდი, დავარბიოთ, წავართვათ, დავაყაჩაღოთ… ეს ტელევიზია ნერვებს მიშლის, შევცვივდეთ იარაღით“… და ა. შ. ეს ხომ ნანახი გვაქვს… იმიტომ წავიდა, რომ თავისი მასწავლებლის, თავისი იდეური მეგობრის საფლავი მოენახულებინა. „ნაციონალების“ ხელისუფლებას არავითარი სახელისუფლებო ნიშანი რომ არ ჰქონდა და როგორც ბანდა, ისე იქცეოდა, ხომ ვიცით?
– სულ უფრო ახლოვდება დრო, როდესაც ევროკომისიამ უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, 12 რეკომენდაციიდან სათითაოდ ყველა პუნქტი სრულდება. ახლა, მაგალითად, დაამტკიცეს დეოლიგარქიზაციის გეგმაც, რაზეც საუბარი იყო ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე. იმედია, ჩვენს მცდელობას ევროპა სათანადოდ შეაფასებს…
-თუ მიღწევების, კანონების მიღებისა და სხვადასხვა ვალდებულების შესრულების კუთხით მოგვიდგებიან, საქართველოს აუცილებლად მისცემენ სტატუსს, რადგან უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველო 3-4 ნაბიჯით წინ არის. თუმცა, თუ იმ პრინციპის მიხედვით იმოქმედებენ, რომ ომი უკრაინასთან ჯერ კიდევ არ დასრულებულა, საქართველო კი არ ჩაერთო რუსეთთან კონფრონტაციაში და არ შეასრულა ეს მოთხოვნა – ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სტატუსი არ მოგვანიჭონ. რითაც საზოგადოების მღელვარებას გამოიწვევენ და ეცდებიან, ძალისმიერად შეცვალონ ხელისუფლება.
მათ თავიანთი გათვლები აქვთ რუსეთის დასუსტების მიმართულებით, მაგრამ ჩვენ, ეს პატარა ქვეყანა, რუსეთს ვერ შევეჭიდებით და ვერც ჩვენს მოქალაქეებთან, ოსებთან და აფხაზებთან ომში ჩავერთვებით. არიან ნატო-ს ქოლგის ქვეშ მყოფი ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირის ეკონომიკა უმაგრებთ ზურგს, ჩაერთონ და თვითონ იომონ. საქართველოს კი გაცხადებული აქვს, რომ მშვიდობიანად დაიბრუნებს საკუთარ მოსახლეობას თავისი ტერიტორიებით.
წყარო: “ საერთო გაზეთი“