ამერიკული ოცნება გასაბერ ბუშტს ჰგავს, რომელიც ჰაერის პატარა წნევასაც ვერ უძლებს
“თბილისი 24” -ის სტუმარია ამერიკაში მოღვაწე ქართველი მწერალი და პუბლიცისტი ირმა ბეგლარიშვილი.
ირმა, მოდი დაგვანახე ამერიკა შინაურის თვალით. საქართელოში, შენ ჩემზე უკეთ იცი, ჰგონიათ რომ ოქროს კოშკებს უდგამენ მანდ, ოღონდ მოხვდე. წლებია ამერიკაში ცხოვრობ, ამერიკის მოქალაქე ხარ, სულიერად იცნობ „ამერიკელ ერს“, თუ ასეთი ბუნებაში არსებობს, როგორები არიან ისინი
– პირველ რიგში მოგესალმებით და მივესალმები ჩემს საქართველოს. თუ ქართველი ხარ, მაშინ სადაც არ უნდა წახვიდე, უკან ანდამეტივით გეძახის სამშობლო, შენი ფესვები. როცა, მე საქართველო დავტოვე, (1999წელს) სამწუხაროდ, სხვა არჩევანი არ მქონდა. თორემ, რომელი დედა მოიგლიჯავს მკერდიდან წლის და ათი თვის ბავშვს. მაშინ, ჩვენი უბედურების სათავე შევარდნაძე და მისი ხუნტა გვეგონა. თუმცა, გვიან გავათვიცნობიერეთ, რომ ეს იმ სისტემის დასაწყისი იყო, იმ წყობილების,რომელიც აგვარჩევინეს.
ეს მე თავადაც გვიან გავათვიცნობიარე და ემიგრაციაში ქართველები სააკაშვილის გაპრეზიდენტებას სიხარულით შევხვდით. გვეგონა დამთავრდა ჩვენი მძიმე ყოფა და მართლა დავბრუნდებოდით სამშობლოში. კი, გეღიმებათ, მაგრამ მაშინ ჩვენ ასე გვჯეროდა. ძილშიც კი ჩემი შვილის ტირილის ხმა მესმოდა. ავად რომ ხდებოდა მთელი სხეული მიგრძნობდა. მაშინ თავს ვამხნევებდი-ცოტა მოითმინე-მეთქი. თითქოს, სიბრაზე მქონდა სამშობლოს მიმართ, რომ მაიძულა შვილის დატოვება და უცხო მიწაზე გადმოხვეწა. მაგრამ, მოგვიანებით მივხვდი, რომ სამშობლოსაც ჩვენსავით უჭირდა.
ახალი ჩამოსული ვიყავი, რომ ამერიკა იაფფასიან ბიჟუტერიას შევადარე, გარედან რომ ბრწყინავს და შიგნით არაფერია. ის ამერიკა, რომელზეც სულ გვესმოდა ჩვენი ბავშვობის დროს, ფაქტობრივად იქ დარჩა, ჩვენს ბავშვობაში. ადამიანებს გვგონია, სადაც ჩვენ არ ვართ იქაა უკეთესი. გადამეტებული წარმოდგენა ამქვეყანაზე ზედმეტი ფანტაზიის ნაყოფია. წლების წინ მიხაროდა, ქართველები რომ არაფრით ვგავდით ამერიკელებს.
აქ ყველა თავისთვის ცხოვრობს. სულ არ აინტერესებს გვერდით ვინ ცხოვრობს, მოკვდა თუ დარჩა. შემოღობილი აქვთ თავისი პირადი და იმ მწირ სივრცეში არიან „ბედნიერები.“
მეტყვით, რატომ დარჩით ამდენხანსო? თავიდან მეც მეგონა ორ წელიწადში მოვაგვარებდი პრობლემებს, მაგრამ სამწუხაროდ არ აღმოჩნდა.
24-ე წელია უკვე რაც აქ ვარ და გაგეღიმებათ -ერთი დღით არ მიცხოვრია საქართველოს გარეშე. სიზმარშიც კი სულ საქართველოში ვარ! ახლა, იმ დღეს ვეფერები როცა დავბრუნდები სამშობლოში. იმ სამშობლოში, რომელიც დაგლეჯილია, გაყიდული. მაგრამ, მაინც ვბრუნდებით, მეც და ჩემი შვილიც.
ამერიკული ოცნება არ არსებობს! ვინმემ უკან რომ დამიბრუნოს ის წლები, რაც გავიარე – უარს ვიტყოდი. რადგან ძნელია, ის მეორედ გავიარო, რასაც ერთხელ უკვე გავუძელი. სანამ სხვისი გაღმერთების ილუზიიდან არ გამოვალთ, მანამ არფერი გვეშველება.
2.მათი ყველაზე დადებითი და უარყოფითი თვისება რა არის?
ამერიკელების დადებითი თვისებაა, რომ მეტნაკლებად მოწესრიგებული ქვეყანაა,კანონმორჩილი. კანონი უზენაისია მათთვის. ჩვენგან განსხვავებით მათ ისევ თავიანთი მთავრობის, პრეზიცენტის სჯერათ. თუმცა, უკვე ხმამაღლა დასცინიან ოპოზიციურ არხებზე პრეზიდენტს.
ოჯახს მანამ არ ქმნიან, სანამ მატერიალურად არ მომძლავრდებიან. აქ, მშობლების იმედზე არავის მოჰყავს ცოლი. ჩვენთან რომ 40-50 წლის კაცებს ისევ დედები ინახავენ, აქ მონური შრომით.
ცხოველთა უფლებებია მეტად დაცული, ვერ ნახავ ქუჩის ძაღლს. ერთხელ, ზაფხულში, მანქანაში დავტოვე ჩემი ძაღლი და ათი წუთის მერე მოვბრუნდი. ქალი იდგა და პოლიციის გამოძახებას აპირებდა. ძლივს გადავათქმევინე.
ცხოველები ვერ დაიცავენ საკუთარ თავს, მათ ადამიანებმა უნდა მიხედონ. ჩვენთან კი იმდენი უპატრონო ძაღლია, სულ მეტირება. თუმცა მოხუცები დგანან ხელგაწვდილნი და ცხოველები რა გასაკვირია.
ვზივარ და ვფიქრობ რა აქვთ კარგი?
ის, რომ თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და არავის ეკითხებიან: ჩემთვის ეს დადებითი მხარეა თ უარყოფითი.
აქ მედია საშუალებებით ადამიანები იმდენად არიან დაზომბირებულები, კითხვის ნიშნებიც არ უჩნდებათ, ისე ჩადგებიან რიგში.
უმრავლესობამ არ იცის საკუთარი ქვეყნის ისტორია,საერთოდ რამდენი წლისაა ამერიკა, ვინ ცხოვრობდა ამ მიწაზე და სხვა უამრავი.
წლების წინ მიხაროდა, რომ ქართველი არ ჰგავდა ამერიკელს. მერე უფროდაუფრო ვამჩნევდი, თუ როგორ ემსგავებოდნენ აქ მაცხოვრებლებს.
მერე, მოგვიანებით იმასაც მივხვდი, ეს კაპიტალიზმის დამახასიათებელი თვისება იყო.
3. რა არის ის თვისება , რომელიც მანდ ჩამოსულ ადამიანს უნდა გააჩნდეს?
ვიცი, ბევრს ამერიკა ოცნების ქვეყანა ჰგონია. ეს ოცნება კი ამ ქვეყანაში შემოსვლისთანავე იმსხვრევა. რატომღაც ჰგონიათ ჩვენთან რომ აქ ყველა ბედნიერია, აქ ოცნებები ხდება. ამერიკული ოცნება გასაბერ ბუშტს ჰგავს, რომელიც ჰაერის პატარა წნევასაც ვერ უძლებს.
ყოველდღე უამრავი ქართველი შემოდის მექსიკიდან. ჰყიდიან საქართველოში ყველაფერს და უკეთესის შეძენის სურვილით აქ მორბიან.
თვეობით ზიან სახლებში, რადგან სამსახურები უკვე ძნელი საშოვია.
ის, რაც ჩვენ 90-იანებში გადავიტანეთ, იმის მეათედს ვერ გადაიტანს ამერიკა. ალბათ, ყველამ ნახა ის ვიდეო, სადაც ტუალეტის ქაღალდის გამო ლამის დახოცეს ერთმანეთი. ესენი ვერ გაუძლებენ დიდი წნეხს, თუნდაც ერთი კვირითაც რომ არ ჰქონდეთ ელ.ენერგია , წარმომიდგენია რა მოხდება.
უამრავი უმუშევარი ხალხი, რომელიც 120 ქვეყნიდან შემოდის,დღეში მათი რაოდენობა 18 000 უდრის, რაც თავის შედეგს მალე გამოიღებს.
ღამის გასათევიც ძნელი მოსაძიებელია უკვე. სხვადასხვა საიტებზე ვკითხულობ სასოწარკვეთილი, გულმოსული ადამიანების კომენტარებს, რომლებიც ღამის გასათევ ადგილს ვერ პოულობენ.
სანამ ამერიკაში წამოსასვლელად გაემზადება ნებისმიერი, ეს ყველაფერი კარგად აწონ- დაწონოს,არის ამ ყველაფრის გადასატანად მზად?
4. მედია რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე?
წლების წინ ერთმა ამერიკელმა მკითხა, კომუნისტები ბავშვებს მართლა ჭამდნენო?
როცა ჩამოვუთვალე, რამდენი რამე გვქონდა უფასო, სკოლა, სამედიცინო მომსახურება, უმაღლესი სასწავლებელი… გაკვირვებული ჩამეკითხა:აქ რა გინდათ, თუ ყველაფერი გქონდათო?
მწარე ღიმილით ავუხსენი, რომ ეს რეიგანმა მოახერხა გორბაჩოვის დახმარებით, დაენგრია საბჭოთა კავშირი. გყავთ ახლა აქ, ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, რეიგანის ნაჩუქარ სახლში გამოკეტილი-მეთქი.
ამერიკელების 90% დღემდე სჯერა, რომ მეორე მსოფლიო ომი ამერიკამ მოიგო.
ასწავლიან, უნერგავენ ამერიკელ ბავშვებს,რომ ამერიკა საუკეთესო ქვეყანაა, რომ დემოკრატიის შუქურაა და ამ დროს ვიეტნამის ომზე რომ ჰკითხო მონაწილესაც კი, თუ რატომ იბრძოდა, ვერ გიპასუხებს.
აქ პროპაგანდა-აგიტაცია უმაღლეს დონეზეა და სიცრუეც განმტკიცებული აქვთ, ისე რომ სიმართლეს ვერ დააჯერებთ.
ერთმა მითხრა , კოვიდის დროს -მე მჯერა ჩემი ტელევიზიისო.
5. რუსების მართლა ასე პანიკურად ეშინიათ?
რომ არ ეშინოდეთ,სხვა ქვეყნებს კი არ წააქეზებდნენ, თავად დაუპირისპრდებოდნენ. კი, ეშინიათ. ეს იგრძნობა ფარდის უკანაც.ეშინოდათ ცივი ომის დროსაც და ეშინიათ ახლაც. რაღაცით მაგონებს „უდიპლომო სასიძოდან“ ნაწყვეტს, ვარდენი რომ ეძახის მეზობლებს გამოუშვით, გამოუშვითო. ქალს რომ იჭერენ და ეს უკანასკნელი თან რომ გარბის.
6.რაიმე, ცხოვრებისეულ კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდი ამერიკულ ჟანრში?
ტყუპების აფეთქება ახალი მომხდარი იყო. მე ხანგრძლივი ერთთვიანი სამუშაოს შემდეგ დასვენების დღე მქონდა და ბრუკლინში, ჩემთვის ხილი და პროდუქტები შევიძინე. ავტობუსების ტერმინალზე ჩემი რეისის მოსვლას ველოდებოდი. უცბად, გამახსენდა რომ სატელეფონო ბართი საყიდი მქონდა და ჩემს უკან მდგომს ვთხოვე: ათ წუთში მოვალ და ჩემს ჩანთას ყურადღება მოაქციეთ-მეთქი. თავი დამიქნია და მეც მშვიდად წავედი ჩემი საქმის მოსაგვარებლად.
უკან დაბრუნებულს სამი პოლიციელი დამხვდა, რომელიც ამ ჩანთას შეშინებული უვლიდა გარშემო.გამეღიმა და სიცილით ვუთხარი- ვგავარ ახლა მე ტერორისტს-მეთქი?
იმ ქალს ვინც დამპირდა, რომ ჩემს ჩანთას მიხედავდა, მაშინვე პოლიცია გამეძახებინა,ტერორისტი ვეგონე.
შემდეგ, ახალი ჩამოსული ვიყავი, როცა შევამჩნიე ყველას კარებზე ყვავილების გვირგვინი რომ ეკეთა. მეგონა რომ ყველა სახლში მიცვალებული იყო. მითხრეს რომ ეს წესი იყო! აქ თითქმის ყველას აქვს კარებზე ყვავილების გვირგვინი.
და ბოლოს: მსოფლიოში გაფანტული ქართველები მინდა მსგავსად დაბრუნდნენ სამშობლოში, როგორც ებრალებმა დაიწყეს ისრაელში დაბრუნება.