7 დეკემბერი 2024

გურების თამაში – ლელო

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში დღემდე შემონახულია წარმართული ტრადიციის თამაში ლელობურთი. ლელოს ისტორია გაცილებით ძველი და სიღრმისეულია, ვიდრე ის ცნობილი, 1854 წლის ბრძოლა შუხუთფერდთან.
ყველაფერი რომ უფრო გასაგები იყოს, ცოტა შორიდან დავიწყებ.

ისტორიული წიაღსვლების თანახმად, პროტოქართველები კავკასიიდან შორს, მცირე აზიაში გადავიდნენ, ისინი მოედვნენ ბალკანეთის, აპენინის, პირინეის და ბრიტანეთის ნახევარკუნძულებსაც კი. სწორედ ამ ტომებმა მისცეცს დასაბამი ევროპულ ცივილიზაციას.

პროტოქართველებს კუნძულებზე ცხადია, სხავადსხვა სახელები ეწოდათ: ბალკანეთზე – პელასგები, აპენინებზე – ეტრუსკები, პირინეებსა და ბრიტანეთის კუნძულებზე კი- იბერიელები. სხვათა შორის, ბასკეთში სიტყვა “ლელო”  მზეს ნიშნავს, გურია – ჩვენებურს, ჩვენიანს. ხოლო ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში დღესაც თამაშობენ ე.წ. ყველიერის ფეხბურთს, ზუსტად იმავე წესებით, როგორიც ლელოს აქვს და ამ თამაშსაც საუკუნეების ისტორია აქვს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ისტორიული წყაროების თანახმად, ქართული დამწერლობის ხასიათის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, კოლხეთი გურ-ად იწოდებოდა, ანუ გურები ერქვა წინარე ქართველურ ტომს. გურ – გურია, აქ – ჩვენთან, იქ კი, ბასკეთში – ჩვენებურს ეძახიან გურიას.

ლელოსაც მივადექით. დაიმახსოვრეთ, რომ ბასკეთში ლელო მზეს ნიშნავს.
ლელო უძველესი ქართული სიტყვაა და რაიმეს ძალით გატანას, გადატანას ნიშნავს. მისი ისტორია უხსოვარი დროიდან მოდის. ის ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაშია, სადაც ბურთის ფორმაც და ფერიც (მას წითელი ფერი ჰქონდა) მზეს განასახიერებდა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სიტყვა „ლელოს“ კავშირი ჰქონდეს ლილესთან, მზის სვანურ ღვთაებასთან.

დღესდღეობით ბურთს მხოლოდ ძველებური, ბორჯღალის ფორმა შემორჩა. სხვათა შორის, ბორჯღალი, ბორჯღალა სიტყვა-კომპოზიტია. ის ქართველური წარმოშობის სიტყვაა და მისი შესატყვისია მეგრული “ბარჩხალი” – (თვალისმომჭრელი) ნათება, ელვარება, კაშკაში. დღევანდელ სალაპარაკო მეგრულში “ბჟა ბარჩხალია” – იტყვიან მცხუნვარე, მოკაშკაშე, სხივებდაფენილ მზეზე.

ზოგი მკვლევარი ბორჯღალის განსხვავებულ ინტერპრეტაციას იძლევა: “ბორჯ” მეგრულად დროს, ჟამს აღნიშნავს, ხოლო ღალ (ა) მეგრულად – წაღებას, სვლას. ამ ინტერპრეტაციით, მთლიანობაში, ბორჯღალ დროის სვლას, ჟამის წამღებს, მარადისობას ნიშნავს. დრო ტრიალებს ისე, როგორც დედამიწა მზის გარშემო და ამ წრებრუნვით დრო გადის ულევად. მარადიულობის განსახიერებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ ღალ (ი) მეგრულად მდინარესაც აღნიშნავს, ანუ გამდინარეა, რომელიც მუდმივ მოძრაობაშია.

რიგი მკვლევარის მიხედვით, ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და  ფესვს ნიშნავს, საძირკველს, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა ბურჯი.

სიტყვა ღალ ნიშნავს წმინდა (ჯანსაღ) ნაყოფს, ბარაქას. მაშასადამე, ბორჯღალი სიტყვა-კომპოზიტია და ნიშნავს — ბურჯის (ბორჯი), იგივე ფესვის — გამოსავალს, „წმინდა ნაყოფს“, ბარაქას, იგივე წმინდა ფესვიდან აღმოცენებული „წმინდა“ (ჯანსაღი) ნაყოფი.

წინათ ლელოს 16 კილოგრამიანი ბურთი ხარის ტყავისგან იკერებოდა. ხარი წარმართული ხანის საქართველოში მზის ღვთაება (ისევ მზე) იყო. ქრისტიანულმა რელიგიამ ხარიც ისეთივე შემწყნარებულურად მიიღო, როგორც თამაში ლელო და უკვე ქრისტიანი ქართველები ხარის რქებზე სანთლებსა და ჯვრებს ამაგრებდნენ. ბურთი შეკერვისას ივსებოდა ზღვის სილითა და კოლხური მუხის ნახერხით. ზღვა სიცოცხელს განასახიერებდა ქართულ მითოლოგიაში, ხოლო მუხას, საკულტო ხეს, სიცოცხლის, მზის ხეს უწოდებდნენ.

ბურთში ამ ნაერთის ჩაყრის შემდეგ ზემოდან ასხამდნენ შავი ღვინის, თაფლისა და ბროწეულის წვენის ნაზავს, ეს იყო მაგიური სასმელი, რომელიც აგუნას საპატივცემულოდ მზადდებოდა.

სასმელი იმდენად მათრობელა იყო, რომ მოთამაშეებს თამაშის დაწყებამდე, მხოლოდ თითო ყლუპის დალევის უფლება ჰქონდათ. აგუნა ღვინის წარმართული ქართული ღვთაება იყო, ვაზი კი საქართველოში მზის კულტს უკავშირდებოდა.

სხვათა შორის, ლელობურთი აუცილებლად კვირა დღეს თამაშდებოდა. ქართულ მითოლოგიაში კვირას მზისა, ანუ მზის დღე ეწოდებოდა.

აი, აქ გავიხსენოთ, ბასკური ლელო, რომელიც მზეს ნიშნავს. ასე რომ, ვარაუდი, რომ სიტყვა ლელოს წინაპარი შესაძლოა ლილეო ყოფილიყო, სულაც არაა გამორიცხული.

ასეთია კოლხური, უფრო სწორად კი, გურების ლელოს ისტორია. თუმცა უკვე შემდეგ, ქრისტესაქეთ 1800-იან წლებში განვითარებული მოვლენების გამო, ეს თამაში მხოლოდ და მხოლოდ სოფელმა შუხუთმა შემოინახა და ის 1854 წლის 20 მაისს, შუხუთფერდის ბრძოლას უკავშირდება.

ამ ბრძოლაში ერთმანეთს ქართველები და ოსმალები დაუპირსპირდნენ. ოსმალების მოხალისეთა რაზმს ეთნიკურად ქართველი ხასან-ბეგ თავდგირიძე მეთაურობდა. ბრძოლის ველზე ლანჩხუთელმა აზნაურმა ერასტი ჭყონიამ მოკლა ხასან-ბეგი.
ეს ბრძოლა და ხასან-ბეგ თავდგირიძის სიკვდილი ასახულია ხალხურ სიმღერაში “ხასანბეგურა“, რომელიც მსოფლიო პოლიფონიის შედევრია და რომლის 19 ვარიანტი არსებობს.

აი, ესაა ჩვენებური, ჭეშმარიტად გურული ლელობურთი, რომელსაც უამრავი მნახველი ჰყავს დღესაც და რომელიც ყოველი წლის აღდგომა დღეს შუხუთში იმართება.

წლებია ლელობურთი სახალხო დღესასწაულად იქცა და წელს შუხუთი ისევ ელოდება ტურისტებს, სტუმრებს, მათ, ვისაც საქართველოს ისტორია და ეს ძალიან ძველი და მზის სათაყვანო თამაში აინტერესებს.

ნინიკო მშვიდობაძე