საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 1:37

ვინ არიან ახალი გუბერნატორები

18-08-20 20:09:13 | Print

 იხარე მუშავ, წამებულო, პრემიერმა ახლო-ნათესავების დასაქმებისათვის შექმნილი უწყებების პირველი პირები, ანუ   ახალი გენერალ- გუბერნატორები დაასახელა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, 9 სახელმწიფო რწმუნებულის არსებული  პოსტიდან 7-ს ახალი კადრები დაიკავებენ.

ახალ მეფისნაცვლებს, ფაქტობრივად თვითმმართველობის სფეროში მუშაობის და რეგიონებთან კოორდინაციის არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ.

 „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შევარდნაძის მიერ შექმნილი, ცენტრალური ხელისუფლების არაფრისმომცემი, უფუნქციო, ბიუჯეტისმჭამელი  გაგრძელებაა რეგიონებში- „სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის“ ინსტიტუტი ხელუხლებელი დატოვა.  

   გუბერნატორს რეალურად არა აქვს რაიმე არსებითი ფუნქცია და ის მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყევტილების მიმტანია ადგილზე. გუბერნატორი ოფიციალურად არ ერევა ადგილზე არანაირი გადაწყვეტილების მიღებაში, თუმც,  ქართულ რეალობაში გუბერნატორი ადგილზე არის ყველაფერი,  ყველაზე უპირატესი გავლენის მქონე და შესაბამისად, ვისი კადრიც არის, რეგიონში მისი პოზიციები ძლიერია.

საერთო ჯამში გუბერნატორის ინსტიტუტის საშტატო ერთეულთა ჯამი  285 -ია, 61 მილიონ 320 ათასი ლარიანი დაფინასებით.

 

გურიის გუბერნატორი - ზურაბ ნასარაია 

( დაფინანსება ბიუჯეტიდან 610.000 ლარი , საშტატო ერთეული-31  )

პრემერის განცხადებით, მას აქვს „მრავალფეროვანი გამოცდილება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის საკითხებში“.

ნასარაია  რკინიგზის დეპარტამენტში  პროფესიული კავშირის თავმჯდომარე იყო და პრემიერი  ბახტაძე მას  რკინიგზაში მუშაობის პერიოდიდან იცნობს.

ნასარაია „ქართული ოცნების“ აქტიური შემწირველიცაა. 2013 წელს მას პარტიისთვის 6.000 ლარი აქვს შეწირული.  უფრო ადრე კი ნასარაია პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრი იყო.

სამეგრელოს გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია

( დაფინანსება ბიუჯეტიდან 800.000 ლარი , საშტატო ერთეული-33  )

პრემიერის თქმით, ალექსანდრე მოწერელია სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან მოიყვანა.

-„მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნეს პროექტების გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. - განაცხადა ბახტაძემ.

ალექსანდრე მოწერელია გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

არაოფიციალური ინფორმაციით,  მისი კანდიდატურა მთავრობას სოფლის მეორნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, წარუდგინა.

იმერეთის გუბერნატორი-შავლეგ ტაბატაძე

( დაფინანსება ბიუჯეტიდან 735.000 ლარი , საშტატო ერთეული-32  )

იმერეთის რეგიონის გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა შავლეგ ტაბატაძე წარადგინა, რომელიც სამხედრო პირია, შეიარაღებულ ძალებში  20  წელია, მსახურობს.

-„შავლეგო გახლავთ გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი. ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო. - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი- ბესიკ ამირანაშვილი

( დაფინანსება ბიუჯეტიდან 860.000 ლარი , საშტატო ერთეული-32  )

     სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე მამუკა ბახტაძემ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბესიკ ამირანაშვილი, წარადგინა . ამირანაშვილი  თანამდებობიდან ჩამოლაბორანტებულმა ექსმინისტრმა  გიორგი მღებრიშვილმა სკანდალით გაათავისუფლა. 

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღემდე ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

შიდა ქართლის გუბერნატორი-გიორგი ხოჯევანიშვილი

( დაფინანსება ბიუჯეტიდან 625.000 ლარი , საშტატო ერთეული-32  )

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის სახელმწიფო სტრუქტურაში კერძო სექტორიდან გადმოინაცვლებს.

-„ის დღემდე იკავებდა თანამდებობას  კომპანია „მაგთიკომში,' განაცხადა ბახტაძემ, თუმც არ უთქვამს  , რომ გიორგი ხოჯევანიშვილს  2011-2013 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მუშაობდა,  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა და რომ მისი ძმა - ალეკო ხოჯევანიშვილი  შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია.

ქვემო ქართლის გუბერნატორი-შოთა რეხვიაშვილი

( დაფინანსება ბიუჯეტიდან 585.000 ლარი , საშტატო ერთეული-31  )

რეხვიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 პრემიერის განცხადებით კი, „მას  ასევე აქვს დიდი გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში“.

იურისტი რეხვიაშვილი 1995 წლიდან პროკურორია და 18 წლის განმავლობაში მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, 2012-2013 წლებში  არჩილ კბილაშვილის, მოადგილე იყო.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი-შალვა კერესელიძე

( დაფინანსება ბიუჯეტიდან 595.000 ლარი , საშტატო ერთეული-31  )

მამუკა ბახტაძის განცხადებით, იგი მისი პრიორიტეტი ისაა, რომ ის  დუშეთშია დაბადებული,  იცნობს რეგიონის სპეციფიკას და მის პრობლემებს.

9 გუბერნატორიდან პრემიერმა მხოლოდ ორი  არ შეცვალა:

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ( დაფინანსება ბიუჯეტიდან 725.000 ლარი , საშტატო ერთეული-32  ) და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის  გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე. ( დაფინანსება ბიუჯეტიდან 585.000 ლარი , საშტატო ერთეული-31  )

 ირაკლი ქადაგიშვილი  კახეთის გუბერნატორად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა.  მანამდე ის 2012 წლიდან აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიასა და ადმინისტრირებაში.

არაოფიციალური ინფორმაციით, კახეთში ის ერთადერთი კადრი იყო, რომელსაც ე.წ. კახური კლანი არ მფარველობდა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 457 times