საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:02

აბა, რამდენი ცხოვრობთ ჩერნობილიდან შემოტანილი არმატურით აშენებულ, რადიაციულ სახლებში?

18-02-12 19:27:34 | Print

თბილისში ხმები დადიოდა, რომ ნაციონალების მაღალი ეშელონების წარმომადგენელი გივი თარგამაძე და მისი ძმა ეწეოდნენ უკრაინიდან სამშენებლო ლითონის იმპორტს და ძალიან დიდი ეჭვი არსებობდა, რომ ეს სწორედ ჩერნობილის არმატურა იყო.

ეს საცხოვრებელი კორპუსები კი არა მიკრობებით, რადონით  და რადიაციით გამოტენილი "კრემატორიუმებია ", რომლებიც  ერთი მიწისძვრა და ხუხულასავით ჩამოიფინება ძირს...

გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია "მშენებელთა  ლიგის" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე

მშენებლობის სფეროში რომ სრული განუკითხაობა და ქაოსია, ამის შესახებ არაერთხელ მისაუბრია მედიასაშუალებებით, მაგრამ დღეს მინდა პირველ რიგში, რამდენიმე დღის წინ მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ სამწუხარო ფაქტს შევეხო.

მოგეხსენებათ, უამრავი ადამიანი დაშავდა, რომ არა მატარებლის მემანქანის პროფესიონალიზმი, დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა, რისთვის ჩატარდა ამ მეტროსადგურის რეკონსტრუქცია თუ რემონტი, ვის ჭირდებოდა?

საქართველოში თუ რაიმე კეთდება, იქნება ეს მშენებლობა, რეკონსტრუქცია თუ სხვა, ეს იმისთვის კი არ კეთდება, რომ მოქალაქეებს ჭირდებათ, არამედ იმისთვის, რომ რომელიმე კონკრეტულმა კომპანიამ ფული "გააკეთოს", ტენდერი იქნება თუ კომერციული შესყიდვაო.

აი, ეს არის მთელი პრობლემა, უფრო მეტიც, ტრაგედია. მეტროსადგურ "ვარკეთილში" მანამდეც შეკიდული ჭერი იყო, რომელიც მყარ ანკერებში იყო გადაწყვეტილი, ხისტად და მყარად იყო მიერთებული ლითონის მილაკები, რასაც თავისი დანიშნულება ჰქონდა და ვიზუალურადაც კარგად გამოიყურებოდა.

ამიტომაც ვფიქრობ, რეკონსტრუქცია ფულის საშოვნელად გაკეთდა.

მშენებლობის სფეროში გამეფებული სრული განუკითხაობის უპირველესი მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მშენებლობის სამინისტრო.

სამინისტროს ვინ ჩივის, სანთლით რომ ეძებოთ, მთავრობაში, სამინისტროებში, პარლამენტში და მერიაში ერთ მშენებელს ვერ ნახავთ.

ამ დარგის თითო მრჩეველი მაინც აიყვანონ პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა, რომ მშენებელი როცა მივა იქ, დაელაპარაკოს.

ყველგან მხოლოდ არქიტექტორები და ურბანისტები, იგივე არქიტექტორები არიან.

ყველაფერი არქიტექტორებმა აიღეს ხელში, მშენებლები კი გვერდით გაწიეს, რაც ყოვლად დაუშვებელია.

არქიტექტურა არ არის მშენებლობა, ის მშენებლობის მხოლოდ გარკვეული ნაწილია (20%), დანარჩენი სამშენებლო ნაწილებია დაწყებული საძირკვლიდან, კონსტრუქციული ნაწილი, ტექნოლოგია, ორგანიზაცია, შრომის დაცვა და ა.შ.

თბილისს არც ურბანისტის (განაშენიანების სპეციალისტი) ხელი ეტყობა, განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილს, მიჯრით მიწყობილმა მრავალსართულიანმა კორპუსებმა ქვის ჯუნგლებს დაამსგავსა დედაქალაქი.

ერთმანეთთან ასე ახლოს იმიტომ აშენებდნენ ამ კორპუსებს, რომ ფართობი მოეგოთ, ქაოტური მშენებლობების პროცესი თუ არ შევაჩერეთ, უარესი გველის, მთლად ჩაბნელდება ქალაქი.

უამრავი ადამიანია მშენებლობებისგან დაზარალებული, სახლები თავზე ენგრევათ.

ე.წ. ხრუშჩოვკებს რამდენჯერმე უფრო მეტ სართული დააშენეს, რომლებსაც გაცილებით ღრმა საძირკველი ჭირდება, მიწა რომ მოჭრეს და საძირკველი ჩააღრმავეს, ძირი შენობის ფუნდამენტი გაშიშვლდა და ჰაერში გამოეკიდა, გრუნტი დასუსტდა, რის გამოც შენობა "დაჯდა" და კედლები დაებზარა.

ძველ შენობას მთლად გვერდით უშენებენ მრავალსართულიან კორპუსს, რის გამოც ზიანდება ფუნდამენტი და ძველი კორპუსები ინგრევა.

აქ მეორე სერიოზული პრობლემაც წარმოიშვა, შენობები ისე უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან, რომ მზის სხივი თავისი დახრით შევიდეს იქ, რადგან ულტრაიისფერი სხივები მიკრობებს სპობს, გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

ისეა მიწყობილი ერთმანეთზე ეს მრავალსართულიანი კორპუსები, რომ მზის სხივი შიგნით ვეღარ აღწევს, მიკრობებით გამოვსებული კორპუსები კი სვადასხვა დაავადებებს იწვევს.

ცალკე საკითხია რა მასალებით ვაშენებთ, ან ვარემონტებთ სახლს, საშენი მასალა, განსაკუთრებით მოსაპირკეთებელი მასალები აუცილებლად უნდა გადიოდეს შემოწმებას.

ჩვენთან მოსაპირკეთებელი მასალები ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოდის, ცნობილი ფაქტია, რომ ამ იმპორტული საქონლის ეკოლოგიურ უსაფრთხოებას საბაჟოზეც კი არ ამოწმებენ.

იგივე რუსეთში მოსაპირკეთებელ მასალაზე სამმაგი კონტროლია დაწესებული, პირველად საბაჟოზე მოწმდება მისი ეკოლოგიური უსაფრთხოება, მეორედ რეალიზაციის დროს საცალო თუ საბითუმო ვაჭრობაში, ბოლოს უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე, შემოწმების გარეშე ამ მასალის გამოყენება არ ხდება.

შეიძლება ცალცალკე ეს მასალები გარკვეულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ მშენებლობისა თუ რემონტის დასრულების შემდეგ, სპეცხელსაწყოებით (დოზიმეტრები) უნდა მოხდეს მთლიანად შენობის შემოწმება, ჰაერის ტოქსიკურობის განსაზღვრა, რადიაციის, რადონის (რადიოაქტიური მძიმე ინერტული აირი), ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე და ა.შ. აღმოჩნდა, რომ რადონი რადიაციაზე მეტად თუ არა, ნაკლებად სახიფათო ნამდვლად არ ყოფილა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, მისი გამოსხივების გასაზომადაც სხვა აპარატურას (რადონომეტრი) იყენებენ.

რომ ეგონათ რადიაციის მიზეზით არიან გარდაცვლილებიო, ამ ადამიანების 70% რადონით ყოფილა მოწამლული.

ურანისა და სხვა რადიაქტიური ნივთიერებებისგან განსხვავებით, რადონს გარკვეული დოზით ყველა საშენი მასალის შეიცავს, რადგან იგი დედამიწის ქერქში არსებული ყველა ქანის შემადგენლობაშია.

ამიტომ აუცილებლად უნდა განისაზღვროს საშენ მასალებში რადონის შემცველობის დონე, შეესაბამება თუ არა დასაშვებ დოზას.

ეს ნივთიერება მიწის ქერქიდან თავისითაც თავისუფლად ამოდის, ამიტომ მშენებლობას როცა ვიწყებთ, აუცილებლად უნდა შემოწმდეს გრუნტი რადონის შემცველობაზე, რადგან იატაკსა თუ კედლებში უპრებლომოდ გაივლის და მისი დახურულ სივრცეში დაგროვება სასიკვდილო შედეგს იწვევს.

უკვე აშენებულ შენობებში სისტემატურად უნდა მოწმდებოდეს სარდაფი და პირველ-მეორე სართული. ამ შემოწმებებს რომ არ ვაკეთებთ, იმიტომაც იმატა კატასტროფულად ონკოლოგიურმა დაავადებებმა.

უცხოეთში არათუ ადამიანს, შინაურს ცხოველსაც კი არ უშვებენ სადგომში, თუ რადონის დონე არ არის შემოწმებული.

მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეული დაავადებებით უამრავი ადამიანი იღუპება, გარდაცვლილთა რაოდენობის ლამის 70%-ზე მეტი.

საქართველოსთვის რადონზე არანაკლები პრობლემა რადიაციული გამოსხივებაა, ვგულისხმობ სამშენებლო სფეროს.

მოგეხსენებათ, 1986 წელს უკრაინაში აფეთქდა ჩერნობილის ატომური რეაქტორი.

ის რეგიონი, სადაც ეს ობიექტი მდებარეობს (მოცულობით საქართველოზე დიდი ტერიტორიაა) ძირითადად სამრეწველო ზონა იყო მსხვილი ფაბრიკა-ქარხნებით, რეაქტორის აფეთქების შემდეგ, მთლიანად ჩაიკეტა იქაურობა და წლების განმავლობაში აღარავის უშვებდნენ.

მოგვიანებით, ნელნელა ფარულად დაიწყეს მავანთ იქ შესვლა, იმ უზარმაზარი ფაბრიკა-ქარხნების ჯართად დაჭრა და სამშენებლო ლითონის გამოშვება, რომლის ნაწილი საქართველოშიც შემოდიოდა.

თბილისში ხმები დადიოდა, რომ ნაციონალების მაღალი ეშელონების წარმომადგენელი გივი თარგამაძე და მისი ძმა ეწეოდნენ უკრაინიდან სამშენებლო ლითონის იმპორტს და ძალიან დიდი ეჭვი არსებობდა, რომ ეს სწორედ ჩერნობილის არმატურა იყო.

ეჭვს ის ინფორმაციაც აძლიერებდა, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა მედიასაშუალებებით (2006–2007 წლები), რომ ერთი მილიონი ტონა არმატურა, რომელიც რუსეთში უნდა შესულიყო, რუსებმა დააკავეს და ქვეყანაში არ შეუშვეს.

მათ შეამოწმეს ეს სამშენებლო ლითონი, აღმოაჩინეს რომ რადიაციული იყო ტვირთი არ გაატარეს და საერთოდ ჩაკეტეს უკრაინიდან იმპორტისთვის საზღვარი. ეს ტვირთი შემობრუნდა და საქართველოში შემოვიდა, წარმოიდგინეთ, ერთი მილიონი ტონა რადიაციულად დაბინძურებული სამშენებლო ლითონი.

ჩვენთან არავინ ამოწმებდა და დღესაც არავინ ამოწმებს, რომც შეემოწმებინათ გივი თარგამაძეს ვინ გაუბედავდა ამას?!

დიდი ეჭვია, რომ ეს ლითონი უკვე ჩადებულია "საქმეში", ახალაშენებულ შენობების კედლებში, იატაკში, გადახურვებსა და სახურავში ჩადებულია ეს არმატურა და ასხივებს რადიაციას, კიდევ რამდენი წელი გაგრძელდება ასე, ვინ იცის. ფაქტობრივად, ყველა ახალაშენებული კორპუსია შესამოწმებელი რადიაციაზე, გარდა ამისა უნდა შემოწმდეს კაფეები და ბარები, რომლებიც ძირითადად სარდაფებში და პირველ სართულებზეა განთავსებული, ოღონდ უფრო რადონის შემცველობაზე, რადგან ნიადაგიდან ამოსული ეს ნივთიერება პირველად იქ აღწევს, ზემო სართულებზე კონცენტრაცია შედარებით მცირდება.

– ბატონო ანზორ, ვთქვათ, შეამოწმეს და რადონის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა, კაფეებს და ბარებს კი დახურავენ, მაგრამ რა ეშველება იმ მრავალსართულიან კორპუსებს, სადაც უამრავი ხალხი ცხოვრობს?

— ძალიან ძნელი საშველია, იმიტომ ვამბობ, რომ მშენებლობის დაწყებამდე უნდა შემოწმდეს ყველაფერი.

ჩემი ახლობელი იყო რუსეთიდან ჩამოსული, რომელსაც სამშენებლო ფირმა ჰქონდა, გაოგნებული იყო იმ განუკითხაობით, რაც საქართველოში ხდებოდა. 30 წელზე მეტია, რაც მსოფლიოში დაიწყეს რადონის შემცველობის შემოწმება, ჩვენ ისევ ღრმად გვძინავს.

ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში ჩაატარეს შემოწმება მას შემდეგ, რაც გამოიკვლიეს რა უბედურებას იწვევდა რადონი, აღმოჩნდა, რომ შემოწმებული შენობების მესამედი ისე იყო გაჯერებული ამ ინერტული აირით, რომ აღარაფერი ეშველებოდა, ამიტომ დაანგრიეს.

უზარმაზარ ფინანსებს დებენ ქვეყნები ამგვარ გამოკვლევებში. ყველაზე უკეთესი რადონით გაჯერებული შენობის დანგრევაა, მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მძლავრი ვენტილაცია უნდა დავამონტაჟოთ, რომ მავნე აირი გაიწოვოს, ეს ვენტილაცია 24-საათიან რეჟიმში უნდა იყოს ჩართული.

გარდა ამისა, შემოდის ჩვენთან უკვე შემოდის სპეციალური ნივთიერებები, კალმატრონი და სხვა, რომელიც ემატება ბეტონსა თუ დუღაბში და ის გაზს აღარ ატარებს, უკვე აშენებულ სახლში შეუძლიათ ამ დანამატიანი დუღაბით შელესონ კედლები, იატაკი და ჭერი.

ერთი სიტყვით, შეიძლება შეველა და ამის რეკომენდაციებსაც გამოვაცხადებთ, "მშენებელთა ლიგაც" ამზადებს ამ დანამატებს და სურვილის შემთხვევაში, რადონის შემცველობაზე შემოწმებასაც ვახდენთ.

ვითარების გამოსწორება თუ გვინდა, პირველი რიგში მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი უნდა შეიცვალოს, ასევე ის მავნე პრაქტიკა, ელექტრონულად რომ ხდება ნებართვის გაცემა. მხოლოდ არქიტექტურული ნაწილია საჭირო ნებართვის მისაღებად, თანაც მთლიანად კი არა, მხოლოდ შენობის ფასადის არქიტექტურულ ნახაზს წარადგენენ და ისე ღებულობენ ნებართვას.

კანონი მიიღეს, სადაც გაწერილი იყო, რომ, როდესაც ნებართვა გაიცემა, შესაბამისი ბანერი დაიდგმება და მშენებლობა დაიწყება, მერე ადგილზე უნდა ჰქონდეს მშენებელს გაკეთებული დანარჩენი სამშენებლო ნაწილი, გეოლოგიური, კონსტრუქციული ნაწილი და ა.შ. აი, ეს წესი უნდა გაუქმდეს აუცილებლად, პროექტის გზადაგზა კეთება არ გამიგია, ის ბოლომდე უნდა იყოს დამთავრებული, ექსპერტიზებიც გავლილი უნდა ჰქონდეს და მერე უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეები ექსპერტები არიან, რომლებიც ისე დახურდავდნენ, რომ 300–400 ლარის გამო, ნებისმიერ საექსპერტო ცნობას აწერენ ხელს.

იმიტომაცაა კედლის ძირში რომ აუშენებენ ვინმეს მაღლივ კორპუსს და სახლი თავზე ენგრევა.

მერე ეს ექსპერტი ცნობას გასცემს ამ მრავალსართულიანი კორპუსის გამო არ დანგრეულაო, აბა ვისი ბრალია?

პროექტში პირველი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაა, უნდა ჩატარდეს გრუნტების გამოკვლევა, შეიძლება თუ არა ამ გრუნტზე ამდენი სართულის აშენება, ამხელა დაშორებით და ა.შ. შემდეგ კონსტრუქციული შემოწმება ხდება, გარემოს დაცვის კუთხით, რამდენად მისაღებია იმ კორპუსის აშენება და ა.შ. სრულფასოვნად რომ არ კეთდება პროექტი, დაუხატავენ შვიდსართულიან შენობას, მიიღებენ ნებართვას და მერე ერთი იმდენი სართული, თუ მეტი არა, ემატება.

ჯერ როგორ შეიძლება დაბალსართულზე გათვლილ საძირკველზე ამდენი სართულის დაშენება.

ხომ ხედავთ რა ამბავია ატეხილი ატენის ქუჩაზე 27-სართულიან კორპუსს რომ აშენებენ, აქაც ხომ შენებისას შეცვალეს სართულების რაოდენობა.

ამასაც თავი დავანებოთ, დარღვეულია შესაბამისი კანონი, რკინა-ბეტონის კარკასული შენობა 12 სართულიანზე მეტი არ უნდა იყოს, თუ მაინც ააშენებ, მაშინ დაცული უნდა იყოს ოთხი პირობა, პირველი ესაა ანტისეისმური მედეგობა.

ამას როგორ გააკეთებ, როცა არც რაიმე მოწყობილობა გვაქვს, არც კადრები გვყავს, რომ ეს გააკეთებინო და არც გაკეთებულა არასდროს საქართველოში.

ყველა 12-ზე მეტ სართულიანი რკინა-ბეტონის კარკასიანი შენობა, რაც შენდება უკანონოა.

რა ეშველება ამას, ან ეს შენობები დაიყვანონ 12 სართულზე, მაგრამ როგორ მოანგრევენ, როცა უკვე ხალხი ცხოვრობს იქ. ერთი "გმოსავალია", ეს კანონი შეცვალონ ან საერთოდ გააუქმონ.

მიეჩვია ხალხი უკანონობას, ორი სართულით მეტი რომ ააშენეს და შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება არ მიაქციეს, მერე უმატეს და ლამის 40 სართულზე ავიდნენ.

ჰაერიდან კი არ მოიტანეს სტანდარტი რკინა-ბეტონის კარკასული შენობა 12 სართულზე მეტი რომ არ უნდა იყოს.

ისინი მკვლელ შენობებად გამოაცხადეს, 1988 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის დროს, ლენინანაკანში კარკასული შენობების 98% დაინგრა, სხვათა შორის, მაშინ არცერთი "ხრუშჩოვკა" არ დანგრეულა.

1999 წელს თურქეთის ქალაქ იზმითში მომხდარი მიწისძვრის დროსაც ძირითადად ამგვარი შენობები დაინგრა, ძალიან დიდი მსხვერპლი იყო.

ჩვენ კი რას ვაკეთებთ, სეისმურ ზონაში ვცხოვრობთ, უკვე 8 ბალზე გათვლილი შენობები უნდა აშენდეს, იმის მაგივრად, რომ ნებართვა არ გავცეთ ამ "მკვლელი შენობების" დარღვევით აშენებაზე, 30–40 სართულიან კორპუსებს ვაშენებინებთ.

ისე, ვინ არის ოფიციალურ დონეზე პასუხის მომთხოვნი, როცა მშენებლობის სამინისტრო გააუქმეს და პროფესიონალი მშენებლები ყველა დონეზე ჩამოიცილეს.

მშენებლობის სამინისტრო არ არის მხოლოდ რაღაც სამეურნეო დარგი, რომელიც მხოლოდ შემოსავალს გაძლევს და ხალხს გისაქმებს, მას სამხედრო სტრატეგიული დანიშნულებაც აქვს, ამიტომაა ყველა ქვეყანაში ეს სამინისტრო.

ნათქვამია, მშვიდობა თუ გინდა, ომისთვის ემზადეო, თუ ვემზადებით ომისთვის, სამხედრო ობიექტებს მშენებლობის სამინისტრო აშენებს, სხვას ვერც გააკეთებინებ, რადგან ეს სამხედრო საიდუმლოება უნდა იყოს, როგორ შეიძლება გარეშე პირს, მითუმეტეს არაპროფესიონალს ანდო.

მანანა სუხიშვილი

"საერთო გაზეთი"

 

Rate this item
(0 votes)
Read 418 times