საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:41

ერთი წალენჯიხა არ ეწერა მიხეილ შეტანილის ავტობუსს

17-09-18 00:18:42 | Print

მიხეილ შეტანილი -  უკრაინისთვის შეტენილი ახალი ბომბი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შევიდა, თუმცა კი არ შევიდა, კუნთმაგარმა ტიპებმა იღლიაში ამოიჩარეს და შეიტანეს.
შეიტანეს როგორც მუთაქა, როგორც თივით გატენილი ტომარა, პოლონეთიდან აქეთ, უკრაინაში, გადმოათრიეს, მერე იღლიაში ამოიჩარეს და ლვოვისკენ წააცუნცულეს.

ამ სპეცოპერაციის მერე სააკაშვილს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მიხეილ შეტანილი.
უკრაინა-პოლონეთის საზღვართან კვირას მომხდარი ამბავი საქართველოში ერთხელ უკვე მოხდა 2003 წლის ნოემბერში.
სააკაშვილი მაშინაც ზუსტად ასე შეიტანეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში და საქართველოს ცხრა წლით შეტენეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი წლით შ ე ტ ე ნ ე ს უკრაინას მიხეილ შეტანილი და ამ შეტენვის შედეგად კიდევ რამდენი ახალი უბედურება ელის ისედაც ბედკრულ უკრაინას, რომელსაც ისიც კი ვერ გაურკვევია, რა მიზნით და რისთვის სტენიან საეჭვო ბიოგრაფიის და საეჭვო რეპუტაციის ამდენ უცხოტომელს…

უკრაინას დიდი სინანულისა და დიდი იმედგაცრუების ჟამი წინა აქვს, მანამდე კი იმაზე ღირს დაფიქრება, რატომ ჰგავდა ასე ტყუპისცალივით 2017 წლის 10 სექტემბრის სცენარი საქართველოში 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის სახელით განხორციელებულ სცენარს?

ერთი წალენჯიხა არ ეწერა მიხეილ შეტანილის ავტობუსს და კობა ნარჩემაშვილის ნაცვლად ახლა ვიღაც მსუქან გენერალს "ეკაჩავებოდა" სააკაშვილი, თორემ სხვა ყველაფერი იგივე იყო `ისტორიული~ ფრაზით - ხელი ჩასწიე-თი დაწყებული და მუქარის სიტყვებით დამთავრებული.

იმ პირდაპირ რეპორტაჟს თუ მივადევნებდით თვალს, რომელსაც სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია "რუსთავი 2" შემთხვევის ადგილიდან თუ ადგილებიდან გადმოსცემდა, ცხადი იყო, რომ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის სპეცოპერაციას, რომლის დეტალები რამდენჯერმე შეიცვალა, სააკაშვილი კი არა, რაღაც სხვა ძალები უწევდნენ კოორდინაციას, რომლებიც, როგორც პოლონეთში მოძრავ სააკაშვილის კოლონას, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ე.წ. სააკაშვილის მხარდამჭერთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მასის გადაადგილებას მაღალპროფესიონალურ დონეზე არეგულირებდა.

გასაოცარი იყო, იმდენად სინქრონულად და ორგანიზებულად ხდებოდა ეს…
რა ხდება ამ დაულაგებელ და აბურდულ-დაბურდულ მსოფლიოში, ვინ გეგმავს, ვინ აფინანსებს, ვინ მართავს ამ მასშტაბურ სპეცოპერაციებს და ვინ დაათრევს აღმა-დაღმა ამ ნახევრად შეშლილ სააკაშვილს მის ბანდასთან ერთად ამა თუ იმ ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალებების მოსამზადებლად და სისრულეში მოსაყვანად?

ისეთი რა საერთაშორისო მაფია მოქმედებს ერთდროულად ყველა კონტინენტზე, რომელიც დემოკრატიის საახელით, სამართლიანობის სახელით, ადამიანის უფლებათა დაცვის სახელით ათას უმსგავსობას ჩადის?

ბოლოს და ბოლოს, ისეთი რა ძალა მფარველობს სააკაშვილს, რომ საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამო დღემდე პასუხი ვერ ვაგებინეთ, ამასობაში კი ეს ძებნილი კაცი უკრაინაში "მიავლინეს" წესრიგის დაასამყარებლად.

რა ჰქვია ყოველივე ამას და რით შეიძლება ამის ახსნა?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, შეიძლება უკრაინაში შეტანილი მიხეილი, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის, უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, სუვერენულ სახელმწიფოში ძალადობრივი გზით შეჭრისთვის, შეიძლება არც დაიჭირონ და არც  გაასამართლონ.
ახლა მთავარია, ეს უკრაინაში შეტანილი მიხეილი ჩვენ არ მოგვიგდონ უკან…

ამასწინათ ჭკუისკოლოფი უსუფაშვილი გვმოძღვრავდა, ამდენს ნუ ვლაპარაკობთ, დავანებოთ თავი ამ ავანტურისტ სააკაშვილს, ყურადღებას ნუ მივაქცევთო.
ჩვენ კი დავანებებთ თავს, მაგრამ თვითონ რომ არ გვანებებს თავს ეს მოუშორებელი ჭირი, ეს მოურჩენელი სახადი?!

შეცდომაა, თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ სააკაშვილის ეპოქა საქართველოში დამთავრდა.

მხოლოდ სააკაშვილი არ არის ის, რაც სააკაშვილის სახელით მხოფლიო ასპარეზზე ხდება.
ამიტომაც, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უკრაინისთვის შეტენილი მიხეილი ჩვენ არ შემოგვტენონ უკან.

დაბოლოს, ახლა ხომ მაინც მიხვდით, ქართველებო, 2012 წელს რა ცხრათავიანი ურჩხული მოაშორა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა?
ივანიშვილი რომ არა, ეს ურჩხული დღესაც აქ, საქართველოში იქნებოდა, თუმცა, იქნებოდა თუ არა მის მიერ გასხვისებულ-გაფეშქაშებული ქართული სახელმწიფო, აი, ეს კიდევ საკითხავია…

ვახტანგ ხარჩილავა

"საერთო გაზეთი"

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 401 times