საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:18

უკვე რამსები გაქვთ-მეთქი არეული და არ იცით, ვის აუჯანყდეთ,ცხენს ვერაფერს აკლებთ და უნაგირს წაუშინეთ წიხლები

17-09-14 11:32:46 | Print

გელა ზედელაშვილი: ძმებო, “მარშელებო”, თქვენ გუშინ მაგრად ჩაიჭერით!

პატივცემულო “მარშელებო”, ბიჭებო, მეგობრებო, ძმებო, შინაურებო და გარეულებო, თქვენს რიგებში ბევრია ისეთი, ვისაც პატივს ვცემ და მეგობრად მიმაჩნია. სანდრო (ბრეგაძევ), ძმაო, შენ ხშირად დაგისვამს ჩემთვის შეკითხვა: ხომ ვართ ძმებიო? ვართ-მეთქი, – გპასუხობ ყოველთვის და მახსენდება ის პერიოდი, როცა ერთად ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს. ჰოდა, ახლა მოგმართავთ “მოყვარეს პირში უძრახე”-ს პრინციპით:

თქვენ გუშინ მაგრად ჩაიჭერით, უკვე რამსები აგერიათ და შეცდომით მიადექით კახა კალაძის საარჩევნო შტაბს.

მეტიც, ოფისშიც კი მოინდომეთ შეჭრა და მტრების გულის გახარება! ფაქტობრივად, იქცევით ისე, როგორც იქცევიან “ნაციონალები” და იქცევა სააკაშვილი უკრაინაში. ალბათ, მეჩვენება, მაგრამ მომენტებში მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნებით თუ უნებლიედ, ვიღაცის წისქვილზე ასხამთ წყალს. მით უმეტეს, ბლომად დაასხით წყალი მტრების წისქვილზე, როცა კახა კალაძეს მიუვარდით ოფისში და კარის შემტვრევაც სცადეთ. მე რა მეჩვენება და რას ვფიქრობ, ეს შეიძლება ნაკლებ საინტერესოა, ალბათ, თქვენც ხედავთ, რომ ამ ყველაფერმა საზოგადოებაში უკურეაქცია გამოიწვია და გააჩინა სამართლიანი კითხვა: კი, მაგრამ რა შუაშია კახა კალაძე, როცა ის აღარც ვიცე-პრემიერია, აღარც მინისტრი და ჯერ არც თბილისის მერი?

მაშინ, თუ ასეთი პრინციპი გაქვთ, მომდევნო დღეებში უნდა მიუვარდეთ ელენე ხოშტარიას, ზაალ უდუმაშვილს, ალეკო ელისაშვილს და სხვებს. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს ადამიანები აშკარად გამოდიან მიწის გაყიდვის მომხრეებად?!

სანამ კალაძეს მიუცვივდებოდით საარჩევნო შტაბში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება:

“მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ მორატორიუმი ძალაშია, უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება ნებადართული არ არის და ოპონენტების მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ჩვენი ხელისუფლების ინიციატივით იქნა აღიარებული სტრატეგიულ რესურსად და უცხოელებზე მის გასხვისებაზე დაწესდა შეზღუდვები; ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა კონსტიტუციის პროექტში.
საუბარი იმაზე, რომ მორატორიუმში დროებით შეტანილი ცვლილება არაა შესაბამისობაში საკონსტიტუციო ჩანაწერთან, სიმართლეს არ შეესაბამება. ცვლილება ეხება მხოლოდ საფინანსო სექტორს და ისიც, შეზღუდული ვადით. საუბარია იმაზე, რომ საფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს, კანონის ამოქმედებამდე, დარჩეთ სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების საკუთრებაში დროებით დარეგისტრირების უფლება, იმ შეზღუდვით, რომ გარკვეულ ვადაში მოახდენენ ამ მიწის რეალიზაციას, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე.
აღნიშნული დროებითი ცვლილება განპირობებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ფერმერებს და გლეხებს შეეძლოთ საკუთარი მიწის ქონებრივ აქტივად გამოყენება, საფინანსო სექტორთან თანამშრომლობა და სოფლის მეურნეობის მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა და ამავდროულად, არავითარი საფრთხე არ დაემუქროს სასოფლო-სამეურნეო მიწების განვითარებას.
კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დროებითი ცვლილება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების ყოველგვარ შესაძლებლობას გამორიცხავს და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება”.

დავუშვათ, როგორც თქვენ ამტკიცებთ, პრემიერ-მინისტრმა იცრუა, მაშინ, მოდით, ვნახოთ ის ჩანაწერი, ანუ პროექტი, რომელიც თქვენ ჩაიხვიეთ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნორმალურად არ წაგიკითხავთ. აგერ ვდებ ასლს, სადაც საერთოდ არ არის ნათქვამი, რომ ჩვენი მიწები უნდა გაიყიდოს უცხოელებზე. კანონ-პროექტი გვეუბნება:

საფინანსო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ უფლება, მიწები გადასცენ უფლებამოსილ პირებსო. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უფლებამოსილი პირი გახლავთ საქართველოს მოქალაქე. ამის გასაბათილებლად თქვენ იშველიებთ არგუმენტს, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლება გახდეს არაბი, ჩინელი თუ ირანელი. ვატყობ, კანონში გინდათ ჩაწერა, რომ მიწა უნდა გასხვისდეს, მხოლოდ ქართველზე. ასე არ გამოვა, რადგან ქვეყანაში გვყვანან მოქალაქეები – აზერბაიჯანული ეროვნების, სომეხი ეროვნების… ქურთები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები და ასე შემდეგ. სხვა საკითხია, რამდენადაა მოწესრიგებული საქართველოში საემიგრაციო პოლიტიკა, თორემ ვინც მოქალაქეობას მიიღებს, მას ვერ აუკრძალავ ვერც მიწის ყიდვა-გაყიდვას და ვერც შენობა-ნაგებობების შესყიდვა-გასხვისებას.

 და ბოლოს… ცამდე მართლებიც რომ იყოთ, მაინც ვერ გავიზიარებ თქვენს მოქმედებას, რაც ჩაიდინეთ კალაძის ოფისთან. თუ მოსალოდნელ ცვლილებებთან გაქვთ პრეტენზია, ამ ცვლილებებს ჰყვანან ავტორები. თუ მთავრობასთან გაქვთ პრეტენზია, თქვენთვის ცნობილია მთავრობის წამყვანი ფიგურების ვინაობაც.

თუ დავით საგანელიძესთან გაქვთ პრეტენზია, მასთან მისასვლელი გზები არ გეშლებათ, ჩემზე უკეთესად იცით. აი, ამიტომ გეუბნებით, უკვე რამსები გაქვთ-მეთქი არეული და არ იცით, ვის აუჯანყდეთ. ასე მგონია, ცხენს ვერაფერს აკლებთ და უნაგირს წაუშინეთ წიხლები.

მე არ მგონია, რომ კახა კალაძე დაბალი ღობეა და ვინმეს უნაგირობას ასრულებს, მაგრამ ამ ეტაპზე ის არის კერძო პირი, რომელიც აპირებს, გახდეს თბილისის მერი. სხვათა შორის, მერობის პირობებშიც კი არ მოეთხოვება პასუხი მიწების ყიდვა-გაყიდვის საკითხში, ეს ყველაფერი გახლავთ პარლამენტის გადასაწყვეტი. მგონი, პარლამენტისკენ მიმავალი გზაც ჩემზე უკეთესად იცით ქუთაისშიც და თბილისშიც.

P.S. ვიცი, ახლა ზოგიერთი თქვენი წევრი დაიწყებს, ეს წერილი მავანთა დავალებით დაიწერაო. ზოგი რას მობოდავს, ზოგი – რას. არა, ძვირფასებო და საყვარლებო, ეს წერილი დაიწერა მხოლოდ ჩემი სურვილით – გეუბნებით იმას, რასაც ვფიქრობ. ძალიან არ მიყვარს ხოლმე წამოძახებები, მაგრამ ხან იძულებული ვხდები, რაღაც დეტალები გავიხსენო:

როდესაც მე ამბავი ავტეხე ჯერ კიდევ 2013 წელს, კახეთი ინდოელებმა წალეკეს-მეთქი და ბიძინა ივანიშვილს პირველივე პრესკონფერენციაზე პირადად მივმართე (სხვათა შორის, ამის მერე დაწესდა მორატორიუმი), მაშინ ზოგიერთმა მისაყვედურა, ცოტა საინტერესო შეკითხვა უნდა დაგესვა, ეგ თემა არ არის აქტუალურიო. არა, მაშინაც აქტუალური იყო, მაგრამ პოლიტიკურად არ გახლდათ მომგებიანი. ვინც მაშინ მსაყვედურობდა, დღეს კახა კალაძის ოფისს უშენს წიხლებს, რატომ?

პასუხი თქვენზეა, საზოგადოებას მოახსენეთ!

გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი

წყარო: https://leaderinfo.ge/2017/09/13/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%96%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9D-%E1%83%9B/

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 1766 times