საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:15

თაობათა სასაკლაო

17-09-12 22:20:48 | Print

როცა ოცი წლის ხარ, გგონია, რომ ორმოცდაათი წლის კაცი უკვე მოხუცია, სამოცი წლისა კი ძალიან, ძალიან ბებერი. ახალგაზრდული ასაკის სენია ეს, თუმცა ეს სენი დროთა განმავლობაში, წლების მატებასთან ერთად, ნელ-ნელა იკურნება.


დიახ, ახალგაზრდობა განკურნებადია, ისე, როგორც განკურნებადია ახალგაზრდობის წლებთან დაკავშირებული სხვა გვერდითი მოვლენები და სიმპტომები – მაქსიმალიზმი, ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე და საკუთარ შესაძლებლობებზე, წინა თაობათა ნაღვაწისადმი ქედმაღლური, აბუჩად ამგდები დამოკიდებულება, ილუზია იმისა, რომ შეგიძლია სამყაროს გარდაქმნა და გადაკეთება.


ჩვენ, უფროსი ასაკის ადამიანები, დროის მიერ განკურნებული ყოფილი ახალგაზრდები ვართ, რომლებმაც საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ ყველა ის ავადმყოფობა, რომლებიც ახალგაზრდულ ასაკთან არის დაკავშირებული.


ამიტომაც ვიცით ზედმიწევნით კარგად, დიდ ბედნიერებასთან და დიდ სიკეთეებთან ერთად როგორი ხიფათის და როგორი სერიოზული შეცდომების შემცველია ახალგაზრდული წლები, ჯერ კიდევ დაუღვინებელი ახალგაზრდული ენერგია და ის ეიფორიულ-მირაჟული შემართება, რომლითაც ახალგაზრდა კაცი ცხოვრებასთან შეჭიდებას და მასზე გამარჯვებას ცდილობს.
როგორც დასაწყისში ვთქვი, როცა ოცი წლის ხარ და როცა ვარდისფერი სიზმრებით და ვარდისფერი ხილვებით ხარ გაბრუებული, სამყაროს სხვანაირად უყურებ და 50 თუ 60 წლის ადამიანები უკვე ჩამოსაწერად გამზადებული ბალასტი გგონია.


სამწუხაროდ და საუბედუროდ, ზუსტად ასე ფიქრობს დამოუკიდებელი და სუვერენული ქართული სახელმწიფო, რომელიც უკვე 27 წლისაა, მაგრამ მაინც 20 წლის ყმაწვილივით აზროვნებს და საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებს მიზანმიმართულად აძევებს ასპარეზიდან.


იმას, რაც საქართველოში დიდი ხანია ხდება, თამამად შეიძლება ვუწოდოთ დისკრიმინაცია ასაკობრივი ნიშნით, რაც, წესით და რიგით, ისევე მიუღებელი და დაუშვებელი უნდა იყოს, როგორც დისკრიმინაცია რელიგიური აღმსარებლობისა თუ ეთნიკური წარმოშობის ნიშნით, თუმცა ამ თემაზე, ფაქტობრივად, არავინ საუბრობს, თითქოსდა ეს პრობლემა საერთოდ არ არსებობდეს.
არადა, როგორ არ არსებობს, როდესაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველი ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან ამ უმწვავეს პრობლემას, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მათთვის.


სამუშაოს მაძიებელთა მრავალრიცხოვანი არმიის წარმომადგენლები მუდმივად აწყდებიან ერთსა და იმავე ბარიერს, რომ სამუშაოზე მიიღებიან მხოლოდ 35 წლამდე, უკიდურეს შემთხვევაში, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეევი.


სამუშაოზე მიღების მოთხოვნებსა და პირობებში სიტყვა არ არის დაძრული კვალიფიკაციზე, ცენზზე, სამუშაო გამოცდილებაზე, იქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ასაკობრივ ზღვარზე, რომლის გადალახვის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩაკეტილია ყველანაირი პერსპექტივა ნებისმიერი სამუშაოს შოვნისა.
დამლაგებელი რომ დამლაგებელია, შეიძლება დამლაგებლად, გნებავთ, ჭურჭლის მრეცხავადახ არ მიგიღონ, თუ 35–40 წელს ხარ გადაცილებული.
მარკეტში გამყიდველის ან რესტორანსა თუ კაფეში ოფიციანტად მუშაობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ოცნება.


გამოდის, რომ ქართულ რეალობაში ადამიანები 40 წლამდე “ცოცხლობენ”, 40 წლიდან კი საპენსიო ასაკამდე შუალედი, ეს არის სრული უპერსპექტივობის და უიმედობის ზონა.
არ ვიცი, არსებობს თუ არა ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ ვარაუდის დონეზე, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი სწორედ 35 წლის შემდეგ ტოვებს საქართველოს და ბედის საძიებლად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იფანტება.


35–40 წელი – ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ საკუთარ სამშობლოში, ფაქტობრივად, ჩამოსაწერად ხარ გამზადებული, როგორც ზედმეტი ბარგი, როგორც ამორტიზებული და გაცვეთილი ჭანჭიკი.
არადა, 35–40 წელის ცხოვრების მხოლოდ შუა გზაა, თუმცა რაღაც უჩინარი ძალა შუა გზაზე გაჩერებს და წინ წასვლის საშუალებას არ გაძლევს.
რატომ ხდება ასე? რა ძალაა ეს უჩინარი ძალა, ვინ დააწესა ამგვარი დისკრიმინაციული ასაკობრივი ცენზი, რომელიც ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ამუხრუჭებს და მოსახლეობას ქვეყნიდან გაქცევისკენ უბიძგებს, რითაც კიდევ უფრო მძიმდება ისედაც უკიდურესად მძიმე და პირქუში დემოგრაფიული სურათი?
ეს არის კითხვები, რომლებზეც ჯერჯერობით პასუხი არ გაცემულა და არ გაცემულა იმ მიზეზითაც, რომ ეს კითხვები ჩვენს მთვლემარე და დეპრესიულ საზოგადოებაში, ჯერჯერობით, არც კი დასმულა იმ სიმწვავით და იმ კატეგორიულობით, როგორსაც ყოფნა-არყოფნის ეს საკითხი იმსახურებს.


საქართველო ის ქვეყანა იყო, სადაც სახლში შემოსულ ყმაწვილს უფროსები ფეხზე წამოუდგებოდნენ.
ეს გახლდათ პატივისცემის გამოხატულება არა მხოლოდ ამ ყმაწვილისადმი, არამედ, პირველ ყოვლისა, მომავლისადმი, რომლისთვისაც ამ ყმაწვილს მომავალში უნდა ეპატრონა.
ეს ყმაწვილი მომავლის კაცი იყო, მომავლისკენ მიმავალი კაცი, უფროსი თაობის მიერ მომავლისთვის გაგზავნილი, დესპანი, რომელსაც იქ, მომავალში, უნდა წაეღო წინა თაობების მიერ დაგროვილი გამოცდილება და სიბრძნე.


აი, ამიტომაც ჰქონდა ქართველ კაცს განსაკუთრებული დამოკიდებულება ახალგაზრდა თაობისადმი.
“ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა”, – ესეც ქართველი კაცის ნათქვამია.
დიახ, ქართველ კაცს ნამდვილად ურჩევნია, რომ შვილი მას სჯობდეს და ის ყველაფერს აკეთებს ამისთვის.
ქართველი მშობლის დამოკიდებულება შვილებისადმი ზოგჯერ მსხვერპლშეწირვას ჰგავს, იმდენად ბევრია ამ დამოკიდებულებაში ფანატიზმისა და თავგანწირვის ელემენტები.
ასე რომ, ქართველი კაცის ბუნებაში, მის ხასიათში საერთოდ არ ზის უმცროსი თაობისადმი აგრესიული, ანტაგონისტური განწყობის ნიშანწყალი.
ასე იყო ოდითგან, ასე არის დღემდე.


ჩვენ შესანიშნავი ახალგაზრდობა გვყავს – ჩვენზე უფრო ლამაზები, ჩვენზე უფრო განათლებულები, ჩვენზე უფრო კარგები.
დღევანდელ რეალობაში უფროს თაობას, საშუალო თაობას თუ უმცროს თაობას შორის არანაირი ხიდჩატეხილობის პრობლემა არ არსებობს, რომელსაც შეუძლება რაღაც ობიექტური მიზეზები გააჩნდეს – ვთქვათ, იდეოლოგიური, მსოფლმდეხველობრივი, ფასეულობათა და ღირებულებათა სხვადასხვაობა და შეუთავსებლობა ან სხვა რაღაც ამგვარი.
პრობლემა, რომელზეც ამ წერილში ვსაუბრობთ, ხელოვნურად შემოგდებული პრობლემაა, მართული პროცესია, რომელსაც თავისი უჩინარი რეჟისორები და ავტორები ჰყავს და რომლებიც, ჩვენი ვარაუდით, ქართული გვარ-ტომისანი არ უნდა იყვნენ, იმდენად მზაკვრული, იმდენად მავნებლური და ანტიქართულია ის, რაც ამ პროცესების ქვეტექსტში იკითხება.
პირველი შეტევა უფროს და საშუალო თაობაზე გასული საუკუნის 90-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების განდევნის შემდეგ ქვეყანაში მხსნელად და მესიად დაბრუნდებული ედუარდ შევარდნაძის მიერ განხორციელდა.


1995 წელს შევარდნაძის რეკომენდაციით პარლამენტის თავმჯდომარედ ირჩევენ სრულიად ახალგაზრდა ზურაბ ჟვანიას, “მწვანეების” ლიდერს.
ეს იყო მოულოდნელი, შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება შევარდნაძის მხრიდან, რომელმაც ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, გამოიწვია და მერე ღიად დაუპირისპირდა ქართველ საზოგადოებას, შესთავაზა რა მას უმაღლეს თანამდებობაზე ისეთი კანდიდატი, რომელიც ძალიან ბევრი ნიშნით სულაც არ იყო სასურველი და მისაღები ფიგურა ქართველი ამომრჩევლისთვის.
ზურაბ ჟვანიას დიდ პოლიტიკაში მაშინვე შემოჰყვა ახალგაზრდა პოლიტიკოსების მთელი პლეადა, რომლებმაც მცირე ხანში ხელთ იგდეს თითქმის მთელი ძალაუფლება, მოგვიანებით კი ეს ყველაფერი “ვარდების რევოლუციით’ დაგვირგვინდა.


თუმცა სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მანამდე, ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომლის გამოც განადგურდა და გაჩანაგდა თითქმის ყველა დარგი – მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები, კინემატოგრაფია, თეატრები, მუსიკალური ხელოვნება, მწერლობა, მედიცინა ჩარეცხა და თან ჩაიყოლა მთელი უფროსი თაობა, რომელსაც, გასაგები მიზეზების გამო, არ შეეძლო ქვეყნიდან გაქცევით ეშველა საკუთარი თავისთვის.


ისინი, გაკოტრებულნი, ყოველგვარი სახსარის გარეშე დარჩენილები, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი – სამუშაო ადგილები, ბანკებში შენახული დანაზოგი და, რაც მთავარია, დაკარგეს ყოველგვარი ფუნქცია, ჩაიმარხნენ და ჩაიხოცნენ იმ სახლის ნანგრევებში, რომლებსაც სხვებთან ერთად ისინიც აშენებდნენ და ყველაფერი, რაც გააჩნდათ, ამ სახლის კედლების ამოყვანას შესწირეს.
შევარდნაძის და მისი გუნდისთვის რომ გეკითხათ, ეს განუზომლად დიდი ტრაგედია სამოქალაქო ომის და სეპარატისტულ რეჟიმებთან დაპირისპირების შედეგი იყო, რომლებმაც ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა.


რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, მაგრამ არსებობს სხვა სიმართლეც, რომლის შესახებაც შევარდნაძე და მისი გუნდი დუმდა.
არც სამოქალაქო ომს, არც სეპარატისტებთან ხანგრძლივ დაპირისპირებას არ მიუყენებია საქართველოსთვის იმხელა ზიანი, რაც შევარდნაძემ მიაყენა თავისი მავნებლური და ძირგამომთხრელი საქმიანობით.


სწორედ შევარდნაძის დროს განიავდა და კაპიკებში გასხვისდა საერთო-სახალხო ქონება, მის მიერ დაარსებული ბანკებით პირწმინდად გაიძარცვა ქვეყნის მთელი მოსახლეობა, სხვადასხვა ფინანსური მაქინაციებით ერთეულების ჯიბეებში გადაინაცვლა მოქალაქეთა ანაბრებმა, რითაც დაზარალდა ყველა, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა უფროსი თაობა.
დაზარალდაო, კი ვთქვით, მაგრამ სიტყვა დაზარალდა არ გამოხატავს იმ კატასტროფის მასშტაბებს, რაც უფროს და საშუალო თაობას დაატყდა თავს.
ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის მაღალკვალივიციური სპეციალისტები, ინჟინრები, ეკონომისტები, მეცნიერების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლები, ანუ ის ადამიანები, რომელთა მხრებზეც იდგა ქვეყანა, ფუნქციადაკარგულ მასად იქცა.


როგორც ჩანს, პროექტის ავტორები თვლიდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ცხოვრობდნენ და ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად, ვერ გამოდგებოდნენ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლებად და ხელს შეუშლიდნენ დემოკრატიული ღირებულებების და ფასეულობების დამკვიდრების და განვითარების პროცესს.
შევარდნაძის დროს ფარულად და მალულად დაწყებული გეგმა საბჭოთა მენტალიტეტით “დაავადებულ-დასნეულებული” თაობებისგან საზოგადოების “გაწმენდა-გაჯანსაღებისა” უკვე ღიად და დაუფარავად გააგრძელა შევარდნაძის მოწაფემ და მის მიერვე საქართველოს მომავალ პრეზიდენტად გამოცხადებულმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, მასწავლებლისგან განსხვავებით, ზოგჯერ ვერ იოკებდა მოჭარბებულ ემოციებს და ისეთ რაღაცებს დააყრანტალებდა ხოლმე, რაც საიდუმლოდ უნდა შეენახა.


სააკაშვილმა ღიად უწოდა უფროსი თაობის წარმომადგენლებს, საპატივცემულო და დამსახურებულ ადამიანებს “ჩარეცხილები”, თუმცა ის არ განუმარტავს, ვინ და რატომ, რა დანაშაულისთვის ჩარეცხა ისინი.


“ნაციონალებს” სწყინთ, როცა მათ ნეობოლშევიკებს უწოდებენ, არადა, რა არის აქ საწყენი – “ნაციონალებიც” ზუსტად ისე იქცეოდნენ, როგორც გასული საუკუნის 30-იან წლებში იქცეოდნენ კომუნისტები და კომკავშირლები, რომლებმაც მის მიერვე დაარსებული უნივერსიტეტიდან ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს და მას თან მიაყოლეს პროფესორ-მასწავლებელთა მთელი პლეადა.
ბოლშევიკებსა და ნაციონალებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აქვთ საერთო – ბოლშევიკები მთელი სერიოზულობიოთ ფიქრობდნენ შეექმნათ ახალი ტიპის ახლებურად მოაზროვნე ადამიანი.
30-იან წლებში “უღმერთოთა კავშირის” თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის შვილიშვილი, უმცროსი მიხეილ სააკაშვილიც არ მალავდა, რომ მასაც ის იდეა აწუხებდა, რაც მის პაპას და პაპის თანამოაზრეებს – ახალი ადამიანის, ახალი ქართველის შექმნა.


ღმერთს ჩანაცვლებულ მიშას ამ დიადი მიზნის სისრულეში მოსაყვანად, ცხადია, ხელისშემშლელ ფაქტორად მიაჩნდა იმ ადამიანების არსებობა, რომლებიც თავიანთი განათლების, აღზრდის, გამოცდილების გამო ამ “დიად” იდეას შიზოიდურ გამოხტომად და სატანის მიერ ნაკარნახევ მკრეხელობად შეაფასებდნენ.
ამიტომაც დაიწყო სააკაშვილმა ფართომასშტაბიანი რეპრესიები ყველა მიმართულებით, რომ საბოლოოდ ჩაერეცხა ის ადამიანები, რომლებიც შევარდნაძის ფარულ და შენიღბულ გენოციდს სასწაულებრივად გადაურჩნენ.


ჩვენთვის მისაბაძი ამერიკის შეერთებული შტატების თუ ევროპული სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებას რომ ვუკვირდები, იქ პოლიტიკურ ელიტას უფროსი თაობის ადამიანები წარმოადგენენ და სწორედ ისინი ქმნიან პოლიტიკურ ამინდს.


იშვიათი გამონაკლისის გარდა, მთელ ცივილიზებულ სამყაროში ასეა – ადამიანები თავიანთი პოლიტიკური კარიერის მწვერვალებს 60–65–70 წლის ასაკში აღწევენ, საქართველოში კი ამ ასაკის ადამიანები უკვე ჩამოწერილად, ანუ `ჩარეცხილებად~ ითვლებიან.
საქართველოში პოლიტიკურ კარიერას მაშინ ამთავრებენ, როცა პოლიტიკური კარიერის ზედა საფეხურისკენ აღმასვლას უნდა იწყებდნენ.
სულ ახლახან აშშ-ის პრეზიდენტად 70 წლის ტრამპი აირჩიეს, რომელსაც კონკურენციას 66 წლის ჰილარი კლინტონი უწევდა.
დღევანდელ სიტუაციაში საქართველოში მსგავსი რამ წარმოუდგენელია რომ მოხდეს – 70 თუ 66 წლის ადამიანებს პრეზიდენტობის კანდიდატად კი არა, რომელიმე მეორეხარისხოვანი სამმართველოს უფროსადაც კი არავინ წარადგენს.


ეს ტენდენცია კარგად არის ასახული თუნდაც საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელ შემადგენლობაში.
ცოტათი ქალბატონი გუგული მაღრაძე და ბატონი რეზო არველაძე რომ არ შველოდნენ საქმეს თავიანთი საპენსიო ასაკით, პარლამენტის წევრთა საშუალო ასაკი ძალიან ახალგაზრდული, მე ვიტყოდი, ზედმეტად ახალგაზრდული იქნებოდა.


ახალგაზრდების საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს, მაგრამ, როცა დარღვეულია ბალანსი თაობათა შორის, როცა, ფაქტობრივად, დაწესებულია ასაკობრივი ცენზი, რაც ძალიან ჰგავს თაობათა დისკრიმინაციას, არა გვგონია, ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგეს ქვეყნის განვითარებას.
ვერც ვვითარდებით, რადგან განვითარებისთვის მხოლოდ ახალგაზრდული ენერგია და ენთუზიაზმი არ კმარა, თუ მას არ წაეშველა გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება და რომელიც მხოლოდ წლებს მოაქვთ.


ილია ამბობდა: “ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულგანათებული კაცები აკლია”.
დღეს საქართველოს მცოდნე და გონებაგახსნილი ადამიანები არ აკლია, მაგრამ უსახელო და უხილავმა მტერმა ამ ადამიანებს გზები ჩაუხერგა და იმ პრობლემებთან მისვლის საშუალება მოუსპო, რომელთა მოგვარება ამ ადამიანების ცოდნის და გამოცდილების გარეშე ძალიან დიდხანს გაგვიჭიანურდება.
არ შეიძლება, ქვეყანა თაობათა სასაკლაოდ იქცეს!


არ შეიძლება, ქვეყანაში ასაკობრივი ცენზით შემორაგული “რეზერვაციები” არსებობდეს, რომლის მკვიდრნიც, მორალურად განადგურებულნი, “ჩარეცხილები”, უფუნქციოდ დარჩენილნი, ისე ელოდებიან სიკვდილს, როგორც ხსნას და შველას.


ვახტანგ ხარჩილავა


“საერთო გაზეთის” მთავარი რედაქტორი

Rate this item
(0 votes)
Read 497 times