საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:57

აფხაზები წარმოშობით მეგრელები არიან

16-07-15 15:10:08 | Print

მარადიული ეჭვმიტანილი

 

წინასიტყვაობის მაგიერ

 

ზუგდიდიდან წალენჯიხაში რომ მივდივარ, ხელმარცხნივ, იქ, სადაც მკვეთრი მოსახვევია, თითქოს ვიღაცამ თეთრი გედი დააფრთხოო, ისე მოულოდნელად ამოფრინდება სივრციდან თეთრი ეკლესია.

ეს კორცხელის ეკლესიაა...

ჩემი ცხოვრების გზაზე დგას ეს ეკლესია – ნახევარი საუკუნეა, ის მხვდება სახლში დაბრუნებულს და ის მიმაცილებს სახლიდან თბილისისკენ მიმავალს.

კორცხელის ამბები რომ ვნახე, რატომღაც სწორედ ეს ეკლესია გამახსენდა უცებ და პირველი კითხვა, რამაც გონებაში გამიელვა, ეს იყო:

– როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ის, რაც სამეგრელოს ამ უმშვენიერეს სოფელში მოხდა?

მხოლოდ ცემა-ტყეპის ამაზრზენ ფაქტებს არ ვგულიხსმობ, პირველ ყოვლისა, ის მაოცებს და მაკვირვებს, როგორ შეიძლებოდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაზე დიდი შეურაცხყოფა და ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა ამ კუთხეს, სამეგრელოს თუნდაც ერთ სოფელში გაემარჯვა?

სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდე და სანამ იმ პრობლემაზე ვისაუბრებდე, რომლებიც დღეს არსებობს სამეგრელოში და რომლებიც შეიძლება იყოს მიზეზი `ნაცმოძრაობის~ იმ უცნაური და ალოგიკური გამარჯვებისა სამეგრელოში, მინდა ერთი ჩემი ადრინდელი წერილი შემოგთავაზოთ, რომელსაც, ჩემი აზრით, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, იქნებ, ცოტათი მაინც გაგვიადვილდეს ზუსტი შეფასებებით მივცეთ სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქართული სახელმწიფოებრიობის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს საკითხებთან.

ვ. ხ

 

მეგრულში არსებობს ასეთი სიტყვა – უზისხირე, რაც პირდაპირი თარგმანით უსისხლოს ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი – უგულოს, უჯიშოს, უნდილს, ნათესავის, ახლობლის არმოყვარეს.

არ მინდა უზისხირე საქართველოში ცხოვრება!

უზისხირე საქართველოს ცქერით დავიტანჯე, იმ საქართველოს ცქერით, რომელსაც შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში მშვიდად უყუროს, როგორ შეურაცხყოფენ მის სისხლსა და ხორცს, როგორც დათა თუთაშხია იტყოდა, წუპაკი მამაძაღლები.

შეგრძნებას იმისა, რომ მე და ისინი ერთნი ვართ, შეგრძნებას იმისა, რომ მათ გარეშე არ ვარსებობ მე და ჩემს გარეშე არ არსებობენ ისინი, ერთადერთ, უალტერნატივო დასკვნამდე მივყავართ – სადაც არ უნდა ვიყოთ, ვინც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთის წინაშე საერთო პასუხისმგებლობა გვაკისრია და როდესაც უარს ვამბობთ ამ საერთო პასუხისმგებლობაზე, ამით უარს ვამბობთ საკუთარ თავზე.

მე მგონი, სამშობლოს ღალატი სხვა არც არაფერია, თუ არა უარის თქმა საერთო პასუხისმგებლობაზე.

რამდენ ქართველს აუცრემლდა თვალები იმ დღეს ამ შემაძრწუნებელი კადრების ნახვისას, რამდენი ქართული მუშტი შეიკრა სიმწრისა და ბოღმისაგან?

არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საქართველო კარგა ხანია, ორად არის გაყოფილი – ერთ მხარეს ბედნიერი, მაძღარი, კმაყოფილი, მხიარული, უზრუნველი საქართველო, მეორე მხარეს – უბედური, მშიერი, დევნილი, დამცირებული და შეურაცხყოფილი...

– მეგრულ სკოლებს გაგიხსნით, მაღალ ხელფასებს დაგინიშნავთ, ისწავლეთ და განათლდითო! – შემოგვაპარეს აფხაზმა ძმებმა.

– არა, ჩვენ მშობლიურ ენაზე გვინდა სწავლაო, – იუარა ტელეკამერის წინ ერთმა მეგრელმა, იუარა არცთუ ისე ხეირიანი ქართულით, რბილი ლ-თი და მეგრული ინტონაციით.

განა ამ მეგრელმა არ იცის, რომ მეგრული ენაც მისი მშობლიური ენაა, მაგრამ მას მაინცდამაინც ქართულ ენაზე სურს განათლება მიაღებინოს თავის შვილებს, რადგან მან იცის, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენაა, ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და ამ ენისთვის უარის თქმა ქართული სახელმწიფოს უარყოფას, ამ სახელმწიფოს სივრციდან გასვლას ნიშნავს.

დიახ, ამ მეგრელმა გლეხკაცმა ხეირიანად არ იცის ქართული, სამაგიეროდ, მან იცის, რას ნიშნავს საქართველო, რაც არ ისიც ზოგმა ქართველმა აკადემიკოსმა, პოლიტიკოსმა, მეცნიერმა, მწერალმა, ჟურნალისტმა!!!

ამ მეგრელმა, საუკუნეების წინათ, ნებაყოფლობით შესწირა მსხვერპლად თავისი უმშვენიერესი, უმდიდრესი მეგრული ენა საერთო ქართული სახელმწიფოს შექმნის იდეას, რომ ამ სახელმწიფოში ქართულთან ერთად მეგრულიც გადაერჩინა, როგორც ქართული ძირი და ფესვი, მისი განუყოფელი ნაწილი, გადაერჩინა თავისი თავი, თავისი თვითმყოფადობა და განუმეორებლობა.

მაგრამ – არაო! – უთხრეს ამ გულუბრყვილო მეგრელს და მეგრულად ნათქვამი სიტყვა ქართულად არ ჩაუთვალეს, ენა დაუწუნეს, საკუთარ სახლში უცხოდ აგრძნობინეს თავი, ერთმანეთში მეგრულად საუბარი ლამის სეპარატიზმად მოუნათლეს, დააკომპლექსეს, დათრგუნეს.

ქართველისა და ქართული სახელმწიფოს არსის არასწორმა გაგებამ, საქართველოს ერთიანობის ყალბად გაგებულმა კონცეფციამ შვა გაუცხოებისა და უნდობლობის ატმოსფერო, რომელიც ხან რას მოგვალანდებს და ხან – რას...

* * *

როგორ ხდება ეს – გალში, გნებავთ, სამაჩაბლოში ომია, დანარჩენ საქართველოში კი მშვიდობაა და იმავე ქართულ ტელეეკრანებზე ისეთი დიმპიტაური და ჰარიჰარალეა გაჩაღებული, თუ ძალიან ფხიზლად არ იქნები, შეიძლება დაგავიწყდეს, რომ შენს სამშობლოში ომია!

აკი ბევრს დაავიწყდა კიდეც და ამ სისხლით და ცრემლით გაპოხილ ეკრანზე ახლა თავის უბადრუკ ბედნიერებას, თავის უბადრუკ სიმდიდრეს ჰფენს და სულაც არ ადარდებს, რას იტყვის ამაზე ის გალელი დედა, რომელსაც გალიდან წალენჯიხაში მიჰყავს შვილი, რომ იქ როგორმე ქართულ სკოლაში ასწავლოს და ქართველად აღუზარდოს საქართველოს.

უკიდურესად უჭირს ამ დედას – შვილისთვის ხეირიანი ტანსაცმელი ვერ უყიდია, ნორმალურად ვერ გამოუკვებავს, მაგრამ ამ გზას, საქართველოსკენ მიმავალ გზას, მაინც ჯიუტად არ თმობს!!

– აღოსავლეთ საქართველოს მოვუარეთ, ამ მეგრელებმა რა გააჭირეთ საქმე? – ასეთი რამ უთხრა, თურმე, ერთმა გენერალმა ერთ ქართველ მწერალს და მეცნიერს (გენერლის ეროვნებას შეგნებულად არ ვასახელებ).

მართლაცდა, რა `გააჭირეს~ საქმე ამ მეგრელებმა თავისი საქართველოთი?

– აფხაზეთის ომი, ეს იყო მეგრელების წინააღმდეგ დაგეგმილი გენოციდი, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დაიწყო მაშინ, როდესაც შეიარაღებულმა ბანდიტებმა ხუთგზის გადაუარეს სამეგრელოს, – ასეთ შემაძრწუნებელ შეფასებასაც გაიგონებთ ხოლმე მავანთაგან.

– ჯერ აქ გადაუარეს ხუთგზის, მერე კი აფხაზეთში ჩასდიეს, – უფრო ამძაფრებენ ამ შეფასებას სხვები – იქიდან კი კოდორის ხეობით გადმორეკეს და მთელ საქართველოში დაფანტეს – როგორც ციხეში, ისე გამოკეტეს სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებში, მიტოვებულ შენობებში, თერთმეტი ლარი მიუგდეს და იქ სიკვდილს გადარჩენილნი, აქ გასწირეს სასიკვდილოდ.

ასეა თუ ისე, მთელს ამ ცუდად აბურდულ-დაბურდულ ვარაუდებში ერთი რამ უდავოა – აფხაზეთში ქართველობის დიდი ნაწილი მეგრული წარმოშობისაა და სამეგრელოს დაჩოქების შემდეგ აფხაზეთში გალაშქრება მეგრელთა ხერხემალში გადამსხვრევის მცდელობად რომ შეფასდებოდა ეჭვის მთესველთა მეცადინეობით, ეს სულაც არ არის გასაკვირი.

ხანდახან ვფიქრობ, მართლაც ძალიან ჭკვიანურად და ვერაგულად ხომ არ იმუშავა ძალიან ჭკვიანმა და ვერაგმა მტერმა და სისხლიანი დრამა, რომელიც ქართველებმა გაითამაშეს ერთმანეთთან და რომელშიც მოგვიანებით აფხაზეთის თემაც ჩაერთო, იმ ჭკვიანი და ვერაგი მტერის მიერ ხომ არ იყო დაწერილი?

ამ დრამაში მთავარ როლებს ჩვენ, ქართველები კი ვთამაშობდით, მაგრამ არ ვიცოდით, რას ვტამაშობდით და როგორი იქნებოდა ამ თამაშის ფინალი.

სამეგრელომ აფხაზ სეპარატისტთა პირველი მცდელობა მომენტალურად აღკვეთა, როცა მთელი სამეგრელო, დიდიან-პატარიანად, ღალიძგას მიაწყდა თავისიანების გამოსასარჩლებლად, რომლებსაც, ვიღაცებმა გაბედეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

– ქართველთა შეურაცხცმყოფელები უნდა დაისაჯონ! – ასეთი იყო ამ მრავალრიცხოვანი სახალხო ლაშქრის საერთო გადაწყვეტილება და არ არსებობდა ძალა, რომელიც ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ხელს შეუშლიდა.

სეპარატისტები მიყუჩდნენ, გაისუსნენ და მხოლოდ მაშინ ამოიღეს ხმა, როდესაც ხუთჯერადი ლაშქრობის შედეგად უჯიათი სამეგრელო ბოლოსდაბოლოს `მოათვინიერა~ სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოსულმა ქართულმა ხელისუფლებამ, რითაც აფხაზ სეპარატისტებს მთავარი საფრთხე მოუხსნა და გაუნეიტრალა.

ჯერ სამეგრელო უნდა დაემარცხებინათ სამეგრელოში, რომ მერე ადვილად დაემარცხებინათ საქართველო აფხაზეთში – აი, რა ამოცანა დაისახა ვიღაცამ და ეს ამოცანა წარმატებით შეასრულა კიდეც!

მოგვიანებით სამეგრელო აფხაზეთის ტერიტორიიდანაც გააძევეს, რითაც დასრულდა საქართველოსგან აფხაზეთის ჩამოშორების დიდი გეგმა.

დიახ, აფხაზეთში ქართველთა გენოციდი განხორციელდა და რადგან ეს ქართველები იმავდროულად მეგრელები არიან, იმის თქმა, რომ ეს იყო მეგრელთა გენოციდი, მაინცდამაინც დიდ აზრობრივ ცდომილებას არ უნდა შეიცავდეს.

* * *

– აფხაზეთის საკითხი სამეგრელოში წყდება! – ამ მოსაზრებას ძალიან ბევრი ქართველი პოლიტიკოსი იმეორებს სხვადასხვა ვარიაციით და შეფერილობით, მაგრამ არავინ ამბობს, რა რესურსები დარჩა გოლგოთის გზაგამოვლილ სამეგრელოს აფხაზეთის საკითხის გადასაწყვეტად.

არც სამეგრელოში დარჩა სამეგრელო – უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა მისი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რეგიონი დატოვა და სხვადასხვა ქვეყნებს მიაშურა ლუკმაპურის საშოვნელად, ვინც შორს ვერ წავიდა, თბილისის ბაზრებს შეეხიზნა, `გათბილისელდა~ და მშობლიურ კუთხეს მოსწყდა.

არც სამეგრელოში დარჩა სამეგრელო. არც აფხაზეთში დარჩა სამეგრელო და შედეგად, საქართველოს მონოლითური სხეული შეირყა, დაიბზარა, დაშლის პირას მივიდა.

სამეგრელო საქართველოს ხერხემალია, – ყველას გვახსოვს ეს ფრთიანი ფრაზა.

და თუ სამეგრელო საქართველოს ხერხემალია, მაშინ ზუსტია მტრის გათვლა – ამ ხერხემალს გამეტებით უნდა ირტყა, დალეწო, დაფშვნა, რომ საქართველომ მყარად ფეხზე დგომა ვერ მოახერხოს.

* * *

არა მარტო აფხაზეთის ქართველობა, თვით იმ ადამიანების 60-70 პროცენტი, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ და თავიანთ თავს აფხაზებს უწოდებენ, წარმოშობით მეგრელები არიან!!!

ძალიან გულწრფელად და ალალად თუ ჩავუღრმავდებით აფხაზურ საკითხს, ეს საკითხი აფხაზური კი არა, მეგრული საკითხი გამოდის, უფრო ზუსტად – მეგრულ-აფხაზური!

მეგრელთა ერთმა ნაწილმა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ვერ მოუარა და ვერ უპატრონა, ფაქტობრივად, საძირკველი განუმტკიცა მცირერიცხოვანი აფსუური ეთნოსის აფხაზ ხალხად ჩამოყალიბებისა და გარდასახვის პროცესს.

ის, რაც აფხაზეთში მოხდა, უპრეცედენტო, ცოტათი ტრაგიკომიკური შეფერილობის იტორიაა, რომელსაც ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება.

საქმე ის არის, რომ ეს მეგრელი, რომელიც თვითონ იყო აფხაზი ანუ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი, დროთა განმავლობაში აფსუურ ენაზე ამეტყველდა და აფსუად გადაკეთდა, სახელი აფხაზი კი შეინარჩუნა.

ასე მივიღეთ აფსუურ ენაზე მოლაპარაკე მეგრელი აფხაზები ანუ აფსუურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები, რომლებმაც აფსუათა მწირი რიგები შეავსეს, გააძლიერეს, გაამრავალრიცხოვნეს და აფხაზებად გადმოთარგმნილ აფსუებთან ერთად შექმნეს ადამიანთა ის გაერთიანება, რომელსაც დღეს აფხაზ ერს ვეძახით.

რომ მოხდეს საოცრება და კახეთში პანკისელმა ქისტებმა კახელები დაირქვან, კახელების ერთი ნაწილი კი ქისტურად ამეტყველდეს და მერე ორივემ ერთად იმის მტკიცება დაიწყოს, კახელები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც ქისტურად ლაპარაკობენო, ხომ გაგიკვირდებათ?

გაგიკვირდებათ, აბა, რა! ჰოდა, დაახლოებით მსგავსი რამ მოხდა აფხაზეთში, მოხდა, ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ.

ბოდიშს ვიხდი ჩემს ძვირფას კახელებთან, მათი სახელი რომ ვახსენე ამ უხერხულ კონტექსტში, მაგრამ ეს მეტი სიცხადისა და თვალსაჩინოებისთვის გავაკეთე – რაც კახეთში შეუძლებელია, რომ მომხდარიყო, რატომღაც შესაძლებელი გახდა, მომხდარიყო აფხაზეთში?

რატომ?

რატომ და, სწორედ იმიტომ, რომ კახელთა ქართველობა არასოდეს არავის დაუყენებია ეჭვქვეშ, რასაც ვერ ვიტყვით ბედუკუღმართი მეგრელების მისამართით.

მეფის რუსეთიდან მოყოლებული, კომუნისტურ ეპოქაში `მეგრელთა საქმით~ დაგვირგვინებული, პოლიტიკა მეგრელთა წინააღმდეგ, სინამდვილეში ქართული საზელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვიკაცია იყო, რომელსაც ხანდახან ქართული საზოგადოებაც აყოლებდა ხმას საქართველოს ერთიანობის სახელით.

მეგრელი – მარადიული ეჭვმიტანილი, ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე `ფხიზლად~ მდგარი ქართველის ფხიზელი მზერით გაზომილ-აწონილი, ამ სუსხიანი მზერის მარადიულ კონტროლქვეშ მყოფი, სულ იმის მტკიცებაშია, რომ ქართული სახელმწიფოს ერთგულია.

ვინც ამ მარადიული ეჭვმიტანილის სტატუსს ვერ გაუძლო, ვინც თავის მართლებით დაიღალა, ერთხელაც გაბრაზდა და: – დამანებეთ თავი, არა ვარ ქართველი, მეგრელი ვარ და შემეშვითო, – თქვა.

ეს საბედისწერო დასკვნა, რომ მეგრელი კი ხარ, მაგრამ ქართველი არა ხარ, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებს და უსახელმწიფოდ დარჩენილი ბოგანო აფსუაა უფრო ადვილად გახდები – ან გარუსდები, ან სულაც `აფხაზთა სახელმწიფოს~ შექმნი და ამით მოიკლავ სახელმწიფოებრიობის შინაგან მოთხოვნილებას, ათასწლეულებში გამოტარებულ გენეტიკურ ხსოვნას სახელმწიფოებრიობისა.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აფხაზი ხალხი ფრიად მცირერიცხოვანია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ძალზე მცირეა რაოდენობა იმ მეგრელებისა, ვინც აფსუობაზე მოაწერა ხელი, ხოლო ის სამასი ათასი ადამიანი, რომელიც ჯერ მშვიდობიანობის, მერე კი ომის დროს თავგანწირული იბრძოდა ამ, ძირძველ ქართულ მიწაზე საქართველოს შესანარჩუნებლად, ამ სამასი ათასი ადამიანიდან ყველა, უკლებლივ ყველა გმირია, თუმცა, დღეს მათ გმირები კი არა, დევნილები ჰქვიათ – დევნილები იქიდანაც და დევნილები აქედანაც...

* * *

აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი დიმიტრი გულია წარმოშობით მეგრელი იყო და, როგორც ამბობენ, სიცოცხლის ბოლო წლებში რატომღაც ძალიან ნანობდა, რომ აფხაზებს მწერლობა შეუქმნა...

დიმიტრის ვაჟი, გიორგი გულიაც, მწერალი იყო, ოღონდ რუსულენოვანი ანუ რუსი მწერალი.

რაღაც კანონზომიერება არის იმაში, რომ მეგრელი გულიას აფხაზურ მწერლობაზე ქორწინებამ ქვეყანას რუსი მწერალი მოუვლინა და არა აფხაზი მწერალი!

გიორგი გულია მეგრელების ანუ ქართველებისთვისაც დაიკარგა და აფხაზებისთვისაც... რაც გულიებს დაემართათ, იგივე დაემართათ ბევრ სხვა გააფხაზებულ ქართველს – თვითონ თუ არა, მათი შვილები და შვილიშვილები გარუსდნენ, ამ ფინალისთვის კი ნამდვილად არ ღირდა ამდენი წვალება და ჯახირი.

აფხაზური მწერლობის, კულტურისა და ხელოვნების შექმნასა და ცამოყალიბებაში ლომის წილი უდევთ წარმოშობით ქართველ ინტელექტუალურ მამელუქებს და იანიჩრებს, თუმცა ესენი მაინც უფრო შემსრულებლები იყვნენ, მთავარი დამკვეთი კი სავჭოთა კავშირის იდეოლოგიური სამსახური გახლდათ, რომელმაც სტალინისა და ბერიას შემდეგ, ფაქტობრივად, ამ ქართველების მიერ `დაჩაგრული~ აფხაზების მეურვეობა და აპეკუნობა იკისრა.

აფხაზებს სტალინი იმდენად არა, მაგრამ მერხეულელი ლავრენტი ბერია კი განსაკუთრებული სიძულვილით სძულდათ და თავიანთ ყველა უბედურებას – დაწყებული ნესტორ ლაკობას უეცარი სიკვდილით, დამთავრებული აფხაზეთში ქართველთა მასობრივი ჩასახლებებით – ბერიას სახელს უკავშირებდნენ.

ბევრს გაუკვირდება, მაგრამ, რადგან ბერიაზე ჩამოვარდა სიტყვა, ვისარგებლებ შემთხვევით და ბარემ აქვე ვიტყვი: ბერიამ, ალბათ, სტალინის ჩუმი დასტურით და თანხმობით, ქართული მოსახლეობის გეგმაზომიერი გადანაწილებით და გადაჯგუფებით ხელახლა აითვისა და ქართულ ინტერესებს დაუქვემდებარა ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ქართული მოსახლეობისგან დაცლილი ქართული ტერიტორიები.

მეგრელი ბერია იყო ის კაცი, რომელიც სამეგრელოს ავტონომიის შექმნის იდეას დაუპირისპირდა, როგორც ზოგადქართულ ფასეულობათა საზიანო მოვლენას, თუმცა, `მადლიერი~ ქართველი საზოგადოების ერთი ნაწილის აქტიურობით ბერიას მოგვიანებით მაინც `გაუჩალიჩეს~ მეგრელთა საქმე~, რომელიც თბილისელი ინფორმატორების `დანოსების~ და ცილისმწამებლური წერილების ასაფუძველზე შეითითხნა და რომელშიც ბერიას მეგრელი კადრების (!) დაწინაურებასა და მფარველობაში ადანაშაულებდნენ.

 

(თემის გაგრძელება

მომდევნო ნომერში)

წყარო: "საერთო გაზეთი"

ვახტანგ ხარჩილავ

Rate this item
(0 votes)
Read 6933 times