საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 2:36

ღმერთმა ინებოს, რომ მადლი სულისა წმიდისა შევიდეს ყოველ ჩვენგანში და გაათბოს ჩვენი გაციებული გულები!

18-05-27 00:09:25 | Print

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ეკლესია აღნიშნავს და ზეიმობს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს.

ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც.

დღეს მაცხოვრის მიერ დაპირებული სულიწმიდა, გარდამოვიდა მოციქულებზე და მორწმუნეებზე, „გარდამოხდა ზეცით ნუგეშინისმცემელი იგი, ზღუდე სიმტკიცისაი და წმიდამყოფელი ეკლესიათაი, და მოღვაწეი იგი სულთაი, შემწეი იგი სულთაი, შემწეი ჭირვეულთაი, განმანათლებელი შეცდომილთაი, გვირგვინის მომცემელი იგი მოღვაწეთაი"...

- " დღეს დიდი მდინარის მსგავსად გარდამოდის ზეციდან მადლი სულისა წმიდისა!

დღეს ყოველი ადამიანი არის ტაძარი სულისა წმიდისა!

მაგრამ მადლის მისაღებად ადამიანმა გულის კარი უნდა გააღოს და შეიგრძნოს იგი.

„ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“, - აღავლენს მოძღვარი უფლისადმი ლოცვას დიდმარხვაში.

მაგრამ ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს ნათლის მიღებისათვის.

დღესაც ყოველი ჩვენგანი მზად უნდა იყოს, მიიღოს მადლი სულისა წმიდისა.

თქვენ იცით სახარებიდან, რომ მოციქულები ლოცვით, მარხვით, დიდი მოღვაწეობით ელოდნენ ამ ბედნიერ დღეს და სულიწმიდის მადლით ისინი ამეტყველდნენ უცხო ენებზე. იერუსალიმში ჩასულ ყოველ ადამიანს ესმოდა თავის ენაზე წარმოთქმული ქადაგება.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იქ ჟღერდა ქადაგება ქართულ ენაზეც.

მადლი სულისა წმიდისა გვაძლევს სიხარულს და განახლების ძალას.

სიხარული - მასზე ოცნებობს მთელი კაცობრიობა.

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მადლის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე სიხარული მიუწვდომელია.

მართალია, კაცობრიობა თანდათან მატერიალურად უკეთესად ცხოვრობს, მაგრამ მადლი და სიხარული მუდმივად აკლდება.

ბევრჯერ მსმენია ადამიანებისაგან, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, მაგრამ სიხარული არა გვაქვს ოჯახშიო.

ეს იმიტომ ხდება, რომ იქ არ არის ჭეშმარიტი რწმენა, არ არის სიყვარული და ამიტომაც არაა სიხარული.

ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო აივსოს მადლითა სულისა წმიდისა!

ღმერთმა ინებოს, რომ მადლი სულისა წმიდისა შევიდეს ყოველ ჩვენგანში და გაათბოს ჩვენი გაციებული გულები!"

წმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე
ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 19 ივნისი, 2005 წ.

Rate this item
(0 votes)
Read 154 times