საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 4:03

გილოცავთ ამაღლებას!

18-05-16 23:53:19 | Print

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა სასუფევლის საიდუმლოებებს, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ.

აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა.

შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს:

„კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11),

მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

წმ. იოანე ოქროპირი ამაღლების უჩვეულოს სასწაულს უწოდებს და აღდგომას ადარებს:

- " სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება.

ესენია:  უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.

ამონარიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უმინდესი და უნეტარესის ქადაგებიდან:

გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან;

ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა.

აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“.

ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი.

სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს - სასოწარკვეთილებას.

სახარებაში წერია, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფენი და ლოცვის დროს ამალდა ზეცად.

მას შესცქეროდნენ მოციქულები და სხვანიც და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი.

ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც.

სახარებაში წერია, რომ ამ გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა.

თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან.

მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“

ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს, - უფალი ჩვენთანაა!

მაცხოვარი ბრძანებს: „სადაც ორნი ან სამნი შეიკრიბებიან ჩემი სახელით, - მე მათ შორის ვარ“.

ამიტომ ვართ დარწმუნებულნი, რომ დღესაც ჩვენ შორისაა უფალი და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!

მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, - აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისათვის.

მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია.

ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა, არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას".

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) ამაღლების შესახებ:

- " საკმარისია, ამაღლების შესახებ ვიცოდეთ ის, რაც სახარებაში წერია.

იქ კი წერია: „და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათ მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად“ (ლუკ. 24,15).

ასე რომ, როდესაც ლოცავდა ადამიანებს, იგი ზეცად მაღლდებოდა.

ამგვარად, უფალმა ჩვენ უდიდესი პრაქტიკული სიბრძნე განგვიცხადა: მხოლოდ ლოცვით შევძლებთ ზეცად ამაღლებას.

ლოცვით საკუთარ თავს ვამაღლებთ, ხოლო წყევლით კი ძირს ვანარცხებთ.

რასაც გავცემთ, იმასვე ვიმკით. თუკი ვლოცავთ - ლოცვას, ხოლო თუკი ვწყევლით - წყევლას.

ასე რომ კურთხევა ჩვენი სულიერი ამაღლების პირობაა".

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა

ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

 

Rate this item
(0 votes)
Read 109 times