საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:09

ბზობას გილოცავთ!

18-03-31 23:06:35 | Print

მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ.

ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.

„ ...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს:

- ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა.

უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.

ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო.

ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კიცვზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს - მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

ამონარიდი უწმინდესის ქადაგებიდან: 

 

“სახარებაში წერია, რომ მთელი ქალაქი შეიძრა, როცა უფალი იესო ქრისტე შედიოდა იერუსალიმში და მთელი მოსახლეობა ელოდა იმას, რომ უფალი იესო ქრისტე დაბრძანდებოდა ტახტზე დავითისასა.

მიწიერ მეფეს ელოდნენ ისინი, მაგრამ იესო ქრისტე ტიროდა, რადგან ცვალებადია ადამიანი.

ხალხი ღაღადებდა და ამბობდა “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელისა უფლისათა”.

უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ხალხი იყვირებს, ჯვარს აცვი იესეო.

ასეთი ცვალებადია ადამიანი, როგორც ამბობს მეფე დავით წინასწარმეტყველი: ყოველი კაცი ცრუ არს.

და აი, ჩვენ შევთხოვთ უფალს, ეს სიხარული გაგვიგრძელოს. ამ სიხარულის, დღესასწაულის შემდეგ მართალია, ჯვარცმა მოდის, თუმცა ჯვარცმის შემდეგ აღდგომა და ამაღლება მოდის.

 

უფალი ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო შესვლა იერუსალიმში და ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა.

უფალი ხედავდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი, ჯვარცმა ელოდა.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვრწმუნდებით იმაში, რამდენად სუსტია ადამიანი, სიკეთე და ბოროტება რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან და როგორ უჭირს ადამიანს ბოროტების დათმობა და სიკეთის კეთება.

თითქოს სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას. ამიტომ შევთხოვ უფალს, რომ მან ძალა და მადლი მოგვცეს.”

 

ტროპარი

ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

ტროპარი

დაფლულნი შენთანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკუდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა, და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

კონდაკი

ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა დღეს და ყრმათა გალობაჲ ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხვედ ცხოვრებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

 

Rate this item
(0 votes)
Read 146 times