საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 3:53

დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს: 18 თებერვალი დიდი მარხვის აღების და შენდობის დღეა

18-02-17 22:15:00 | Print

19 თებერვლიდან დიდი მარხვა იწყება, რომელიც 8 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

მარხვის დაწყების წინ მართლმადიდებლები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ.

ამ დღეს ყველა ტაძარში მწუხრის შემდეგ სრულდება მიტევების მსახურება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება.

მიტევების ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნა.

ღვთისმსახურების დასასრულს, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

ამონარიდი უწმინდესის ქადაგებიდან:

- " დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ას გულისტკივილი არ მიეყენებინოს.

წმ. პავლე მოციქული ამბობდა, რომ ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა.

მართლაც, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა.

არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა.

მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს.

რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს.

ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად.

თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ.

შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს.

დღეს, შენდობის ჟამს, მე უპირველეს ყოვლისა, მუხლს ვიყრი თქვენს წინაშე, მთელი საქართველოსა და ყოველთა ქართველთა წინაშე და - გთხოვთ

აღავლინოთ ლოცვები ჩემთვის და შემინდოთ ყოველი ცოდვა ჩემი.

კაცთმოყვარე და სახიერმა ღმერთმა თქვენცა და მთელ საქართველოსაც შეგინდოთ ყოველნი შეცოდებანი თქვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი. 

 ღმერთმა დააყენოს სრულიად საქართველოს სინანულის გზაზე, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი.

ამინ.

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II."

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 987 times