საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 4:01

გილოცავთ ნათლისღებას!

18-01-18 19:56:14 | Print

19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას ზეიმობს! 

 

ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი ურიგდებათ მორწმუნეებს.

 

ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება.

 

ის შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და ავადმყოფობის დროს მიიღოთ.

 

ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყლით ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება.

საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს.

განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი ილია მეორე ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით:

- “ ნათლისღება ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ეწოდება - განცხადება ღვთისა, გამოცხადება ყოვლადწმინდისა სამებისა.

სახარებაში წერია, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მივიდა იოანე ნათლისმცემელთან და ნათელიღო მისგან. და ისმოდა ხმა ზეციდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“ და „სული წმინდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდოდა მაცხოვარსა ზედა“. აი, ამიტომ ეწოდება ამ დღეს ღვთის გამოცხადება - ამ დღეს წარმოჩინდა ყოვლადწმინდა სამება, გამოეცხდა ქვეყანას ღმერთი. ეს არის დღე გაწმენდისა!

ეს დღეები, - წინადღესასწაული და დღესასწაული ნათლისღებისა, არის ის დღეები, როცა აღესრულება დიდი აიაზმა. თქვენ იცით, არსებობს მცირე და დიდი აიაზმა.

წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება დიდი აიაზმა და იგი უდიდესი სიწმინდეა, რაც მოწმობს, რომ ძალა და მადლი ღვთისა არის „ამ წყალსა ზედა“ და ვინც მას მიიღებს, ისხურებს თავად, ასხურებს თავის ოჯახის წევრებსა და ბინას - კურთხეული და დალოცვილია თავის ოჯახთან ერთად.

ნაკურთხი წყალი - დიდი აიაზმა ოჯახებში მთელი წლის განმავლობაში უნდა იყოს შენახული და ყოველდღიურად, უზმოზე უნდა იღებდნენ მას.

სიტყვა - აიაზმა წარმოიშვა ბერძნული სიტყვისაგან - „აგიოს“ - წმინდა; „მეგალი აიაზმა“ - ითარგმნება, როგორც „დიდი სიწმინდე“. ამიტომ ეს დიდი სიწმინდე ყოველთვის უნდა გქონდეთ სახლში და მიიღოთ მადლი ღვთისა.

ადამიანის გული ცარიელი არასდროს რჩება, იგი აუცილებლად არის ან ტაძარი სულისა წმინდისა, ან ბოროტი სულისა. და ბედნიერია ის, ვინც ამ წმინდა აიაზმით, აღსარებით, წმინდა ზიარებით განიწმინდება და შეიქმნება ტაძარი სულისა წმინდისა“

მდინარე იორდანე მსოფლიოს უწმიდეს მდინარედ ითვლება.

ნათლისღების დღეს მდინარე აღმა მიედინება - ეს ხდება წელიწადში ერთხელ, ყოველ ნათლისღების დღესასწაულზე.

ტროპარი:

რაჟამს იორდანეს ნათელ იღე შენ, უფალო, მაშინ სამებისა თაყვანისცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყუარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა სახითა ტრედისათა დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და ყოველი სოფელი განანათლე, დიდება შენდა.

კონდაკი: განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი უფალო აწ მოისახა ჩუენ ზედა, მეცნიერებით მცნობთა მათ შენთა და განსცხადენ ნათელო შეუხებელო.

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 334 times