საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 3:30

გილოცავთ ქრისტეშობას! С Рождеством!

18-01-06 16:54:15 | Print

დიდხანს ელოდა ადამიანი მაცხოვრის გამოჩენას. ელოდა იმ დღიდან, როცა სამოთხიდან განდევნილებს იმედად გამოაყოლათ ღმერთმა:

- მოგივლენთო მხსნელს და გაუსრესსო გველს თავს.

მშობლიურ გარემოს მოცილებულნი სევდითა და სასოებით ელოდნენ. მაგრამ ცოდვებით დღითი-დღე დამძიმებულნი სულ უფრო და უფრო ეშვებოდნენ ქვესკნელისკენ.

ისევ შემოქმედმა შეაშველა ხელი. წაღმა შემოატრიალა ეშმაკის მიერ უკუღმა დატრიალებული ცხოვრების ჩარხი და იწყო ათვლა ახალმა წელთაღრიცხვამ მიწიდან ცისკენ. და დაედო ამ წელთაღრიცხვას საძირკვლად ქრისტეს შობა.

ჩუმად თავისთვის ამობრწყინდა ცაზე უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავი. მაგრამ ვისთვისაც ამობრწყინდა, ვერ გულისხმაჰყვეს. არც აუწევიათ თავი ცისკენ. იყვნენ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩაფლულნი. შორს აღმოსავლეთში კი მოგვებმა მაშინვე შეამჩნიეს იგი და ისწრაფეს კიდეც მისკენ.

გარშემო კი დუღდა და ჩქეფდა ცხოვრება. დიდებულ პალატებში, სრა-სასახლეებში რბილ, ფაფულ ხალიჩებზე დააბიჯებდნენ ამა ქვეყნის მესვეურნი. ის კი, მაცხოვარი, განხორციელებული სიტყვა, იესო ქრისტე, უფალი ჩვენი ჩვეულებრივი ჩვილი ბავშვივით იწვა ცხოველთათვის განკუთვნილ ბაგაში და ადამიანებს შობისთანავე უმხელდა უდიდეს საიდუმლოს: სიმდაბლეშიაო ადამიანის დიდება. ამქვეყნიური ყოფა და ფუფუნება კი არ განსაზღვრავსო ადამიანის პიროვნებას, არამედ ის, რაც მის შიგნითაა, მისი შინაგანი სამყაროთი წარმოჩინდებაო იგი. ასე ასწავლიდა მორჩილებითა და თავმდაბლობით გადარჩებაო ადამიანი. ამ სიბრძნისგან კი შორს იდგნენ ადამიანები. ამიტომაც იყო ერთი, უბრალო, ღარიბული ქოხიც კი არ აღმოჩნდა, რომ შეეფარებინა უფალი, უფალი, რომლის შობასაც ასე უგალობეს ანგელოზებმა:

- დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

და იშვა იესო, ბეთლემს, გამოქვაბულში, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ.

„ქალწული შობს დღეს მაცხოვარს“ - გალობს წმიდა ეკლესია და ურწმუნოთათვის ალბათ დაცინვის საბაბიც ხდება ეს:

- როგორ დღეს?! განა ორი ათასი წლის წინ არ იშვა?!

საერთოდ საეკლესიო დღესასწაულები საეროსგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ისინი ყოველწლიურად ისეთივე სიკაშკაშით გამოირჩევიან, როგორც პირველშობისას. სულ სხვაა საერო დღესასწაულები. რამდენი ღირსშესანიშნავი თარიღი შემოუნახავს კაცობრიობის ისტორიას, დროთა მსვლელობაში რომ გაფერმკრთალებულან, ფერი უცვლიათ. საეკლესიო დღესასწაულთა განცდა კი მორწმუნეთა გულებში კვლავ ინარჩუნებს პირვანდელ ბრწყინვალებას.

წელსაც მოაწია ქრისტეს შობამ. მწყემსების მსგავსად ვისწრაფოთ მისკენ.

უარვყოთ ჰეროდესეული მტრობა მისდამი.

მერე რა რომ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ, შებილწულნი. განა ცხოველთა ბაგა იუკადრისა ღმერთმა?!

ნუ შევშინდებით. იმედი ვიქონიოთ.

ღმერთი არ გაგვწირავს.

შემოვუშვათ ჩვენს გულში ქრისტე და იგი განგვიწმენდს გონებას, გაგვიხსნის ყურთასმენას და კვლავ გავიგონებთ ანგელოსთა გალობას:

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამინ!

ტროპარი:

შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა

კონდაკი:
ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი

ქრისტეშობის სიმბოლოები
მოლოდინი
ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს.

ნათელი
კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად კი მთელი სამყაროს გამსჭვალავი ნათელია. საშობაო საგალობელში ეკლესია, როგორც ძლევის ჰიმნს, ისე იმეორებს ამ სიტყვებს - „ჩვენთარ არს ღმერთი“. ღმერთი ჩვენთან მოვიდა, რათა მივიღოთ ჩვენ მარადიული სიცოცხლე და სიხარული.

შობის ვარსკვლავი
გადმოცემით, შობის ვარსკვლავი მაშინ აენთო ბაბილონის თავზე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს ახარა, რომ მისგან იშვებოდა ქვეყნიერების მხსნელი. სწორედ ამ ვარსკვლავს გამოჰყვნენ მოგვები, ანუ საიდუმლო ცოდნის მფლობელები (ასტრონომია და მათემატიკა ძველ სამყაროში წმინდა მეცნიერებებად ითვლებოდა). მოგვები იცნობდნენ დანიელის წინასწარმეტყველებას, რომელიც ქრისტეშობამდე დიდი ხნის წინ ბაბილონში ცხოვრობდა.

ხალხის აღწერა
რომის იმპერატორმა, ავგუსტინემ, ხარკის გადასახადების მოსაწესრიგებლად, იმპერიაში ხალხის საყოველთაო აღწერა გამოაცხადა. რომის ხელისუფლება ანგარიშს უწევდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს და იუდეაში აღწერა იუდეველთა ჩვეულების მიხედვით მიმდინარეობდა. იოსები და ქალწული მარიამი დავით მეფის შტოს ეკუთვნოდნენ და ამიტომ იმ ქალაქში უნდა ჩაწერილიყვნენ, საიდანაც მათი წინაპარი იყო, ანუ ბეთლემში. ქალაქში, რომელიც წინასწარმეტყველებაში მესიის შობის ადგილად არის მოხსენიებული.

ბეთლემი
ქრისტეს მოსვლა უხმაუროდ და საიდუმლოდ განხორციელდა: ბეთლემმა (ქვეყნიერების სახე ამ შემთხვევაში) ვერ იცნო თავისი მხსნელი. მხსნელის მომლოდინე ქვეყანამ კი ჭეშმარიტი მხსნელისგან განსხვავებული, მხსნელის სხვა სახე შექმნა. ჭეშმარიტი ქრისტესთვის, რომელმაც ქვეყნად ღვთაებრივი ნათელი მოიტანა, ამქვეყნად ადგილი არ აღმოჩნდა - ბეთლემმა კარი გამოუკეტა მას, იერუსალიმმა ჯვარი განუმზადა, ხოლო წუთისოფელს დღემდე მოძულებული ჰყავს იგი.

გამოქვაბული
ქრიტე მოვიდა ქვეყნად. ბეთლემს კი ეძინა ღრმა ძილით. სასტუმროების და სახლების კარებები ყრუდ იყო გამოკეტილი ახალშობილი-ღმერთისთვის. ქვეყანამ თავისი მეუფე გამოქვაბულში მიიღო, სადაც მწყემსები ღამეს ათევინებდნენ საქონელს.

წმინდა მიწაზე დღემდე დგას ოთხი დიდი კლდე, სწორედ ისე, როგორც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლის ჟამს იდგნენ. ერთ-ერთ მათგანშია იქ გამოქვაბული, რომელშიც მაცხოვარი იშვა. ასეთი უბრალო ადგილას და არა სამეფო პალატებში შობით, მაცხოვარმა იმ თავმდაბლობის მაგალითი მოგვცა, რომელსაც ხალხს უქადაგებდა. უფალი მხოლოდ ყველაზე აუცილებელს დასჯერდა, რომ ჩვენც ასევე მოვიქცეთ. გვაჩვენა, რომ არა ადგილი ანიჭებს ადამიანს მნიშვნელობას, არამედ ადამიანი ხდის ადგილს კურთხეულს. ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა იმ ყველაფერს შორის, რაც კი ქვეყნად არსებობს. ფუფუნება და გარეგნული ბრწყინვალება ადამიანს არ აღამაღლებს, ხოლო სიღარიბე მის ღირსებას არ ამცირებს.

მწყემსები
არემარე მდუმარებაში იყო ჩაძირული. ისრაელს, ღვთის რჩეულ ხალხს, ეძინა. მხოლოდ არ ეძინა რამდენიმე მწყემსს, რომლებიც მინდორში ცხვრებს მწყემსავდნენ. მათ ანგელოზი გამოეცხადა და მსხნელის მოსვლა ახარა. მწყემსებმა მაცხოვარი სუფთა რწმენით მიიღეს, ვინაიდან ღმერთი მათ გულებში იყო. მათი წმინდა სულები ზეციური ნათელის ამრეკლავ სარკეს ჰგავდნენ.

დილით კი, როცა ღვთის რჩეულმა ერმა გაიღვიძა, ვერც კი შეამჩნია, როგორ გამორჩა ყველაზე მთავარი.

პირველები, ვინც ახლადდაბადებულ მხსნელს თაყვანისცეს, მწყემსები იყვნენ, ბუნების ჭეშმარიტი შვილები, რომლებსაც მაცხოვრისათვის მხოლოდ თავიანთი გულის საგანძური შეეძლოთ მიეძღვნათ, გულის საგანძე - სავსე უბრალოებით, რწმენით და მორჩილებით. უკვე მოგვიანებით კი სიბრძნით აღჭურვილი მოგვები მივიდნენ აღმოსავლეთიდან. ეს ალბათ იმაზე მეტყველებს, რომ გულის უბრალოებას და ღრმა კეთილსინდისიერ მეცნიერებას ერთნაირად მიჰყავს ადამიანი ქრისტემდე. მხოლოდ პირველი გზა პირდაპირია, მოკლე და უფრო სარწმუნო, ვიდრე მეორე. მწყემსებს უშუალოდ ანგელოზებმა აუწყეს, ხოლო მოგვებმა უტყვი ვარსკვლავის გამოჩენიდან მოყოლებული, ძნელადსავალი და არცთუ უხიფათო გზა გაიარეს ვიდრე სასურველ მიზანს მიაღწევდნენ.

მოგვთა თაყვანისცემა
როგორც სახარება იუწყება, მწყემსების შემდეგ პირველები, რომლებმაც თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს, აღმოსავლელი მოგვები იყვნენ. მოგვთა რწმენა, ეს ბრძენთა და ფილოსოფოსთა რწმენა იყო, რომლებმაც ღმერთი ხილული სამყაროს და წმინდა წიგნების მეშვეობით შეიცვნეს, მოგვთა რწმენა ეს ღმერთისკენ მიმავალი ძნელი და გრძელი გზაა - ბაბილონიდან ბეთლემამდე. მოგვები ცრუ ღმერთების მსახურები იყვნენ, მაგრამ ჭეშმარიტმა სიბრძნემ ისინი ჭეშმარიტ ღმერთამდე მიიყვანა.

გადმოცემის თანახმად ერთი მოგვი სპარსი იყო, მეორე - არაბი, მესამე კი - ეთიოპელი. მათი სახელებია: გასპარი, მელქიოფი და ბალთაზარი. ახალშობილი მაცხოვრის თაყვანისცემიდან სამ ათწლეულზე ცოტა მეტი ხნის შემდგომ, მოგვები მოინათლნენ (მოციქულ თომასგან) და თავად გახდნენ ქრისტიანობის მქადაგებლები. მათი წმინდა ნაწილები III საუკუნესი აღმოაჩინეს და ამჟამად გერმანიაში, კიოლნის ტაძარში ინახება.

მოგვების ძღვენი
ახალშობილი მხსნელისთვის თაყვანის საცემლად შორეული აღმოსავლეთიდან მისულმა მოგვებმა, იესოს ძღვნად ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს. ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური - როგორც კაცს.

გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა, ცოტახნით ადრე მის მიძინებამდე, მოგვების მიერ მაცხოვრის შობისას მირთმეული ეს ძღვენი იერუსალიმის ეკლესიას გადასცა. სიწმინდეები თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ბიზანტიაში არ აღმოჩნდა. 400 წელს, ბიზანტიის იმპერატორმა, არკადიმ, ისინი კონსტანტინეპოლში, ახალ დედაქალაქში გადაიტანა. კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე სიწმინდეები ბიზანტიის იმპერატორების პირად საგანძურში ინახებოდა.

1433 წელს, სერბეთის მთავარი, გიორგი ბრანკოვიჩი იძულებული გახდა თავისი მცირეწლოვანი ასული მარო (მარიამი) მურატ II-თვის, თურქეთის სულთანისთვის, მიეცა ცოლად. სწორედ ამ სულთანის ვაჟმა, მუჰამედ II-მ დაიპყრო კონსტანტინეპოლი. მარომ კი, რომელსაც უფლება ჰქონდა თავის ღმერთზე ელოცა, მრავალი სიწმინდე გადაარჩინა დაპრყობილ მართლმადიდებლურ ქალაქში.

კონსტანტინეპოლის დაცემიდან ოციოდე წლის შემდეგ მარო ათონის მთაზე გაემგზავრა, რათა მოგვთა ძღვენი წმინდა პავლეს ტაძრისთვის გადაეცა. ეს სიწმინდეები დღესაც ამ მონასტერში ინახება. ოქრომ ჩვენამდე 28 ცალი, 7x5 სანტიმეტრის ზომის, კვადრატული და სამკუთხედის ფორმის ფირფიტების სახით მოაღწია. ეს ფირფიტები ერთამენთს წააგავს, მხოლოდ ორნამენტებით განსხვავდებიან. გუნდრუკი და მური კი ერთმანეთშია გადაზელილი და დაახლოებით 70 ცალი მუქი ფერის ბურთულების სახით არის შენახული. ოქროს წყლის კურთხევისთვის იყენებენ. ხანდახან, ძალიან იშვიათად, მოგვების ძღვენი ათონიდან გააქვთ, ამ სიწმინდეების საშუალებით ეშმაკეულებს დევნიან.

ჟურნალი „სამრეკლო“, №4, 2006 წ.

შობას გილოცავთ! 

С Рождеством!

Сретан Божић!

Καλά Χριστούγεννα!

 

Rate this item
(0 votes)
Read 537 times