საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 9:33

გილოცავთ ნიკოლოზობას!

17-12-18 20:45:14 | Print

კითხვაზე, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წმინდანი და ვის მიმართავენ ადამიანები ყველაზე ხშირად თხოვნით, პასუხი ერთსულოვანია: წმიდა ნიკოლოზი.

 ამ წმინდანს პატივს მიაგებენ არა მარტო ქრისტიანები, არამედ წარმართებიც და მუსლიმანებიც. კარგად იცნობენ მის მაღალ შუბლს შორეულ ჩრდილოეთში მცხოვრები ესკიმოსებიც და შუა აზიის მკვიდრი ყირგიზებიც.

 იშვიათია მორწმუნე ადამიანი ან მართლმადიდებელი ოჯახი, რომელსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია აშკარა და სწრაფი შეწევნა ამ საოცარი წმინდანისა.

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ახლანდელ ანტალიაში მდებარე სავაჭრო ქალაქ პათარში.

მისი მშობლები იყვნენ თეოფანე და ნონა – ღვთისმოსავი, ცნობილი და მდიდარი ხალხი.

გადმოცემით ცნობილია, რომ მათ დიდხანს არ ჰყავდათ შვილი, მაგრამ ბოლოს ლოცვით, ცრემლითა და მოწყალებით გამოსთხოვეს ღმერთს შვილი და ნიკოლოზი დაარქვეს.

მის დაბადებას არაჩვეულებრივი გარემოება დაერთო – დედა მშობიარობისთანავე გამოჯანმრთელდა.

მას მეტი შვილი აღარ ჰყოლია; ასეთი დიდი ადამიანი მშობლების პირველი და უკანასკნელი შვილი უნდა ყოფილიყო.

 დადგა დრო, როცა ყმაწვილს წმიდა წერილი უნდა ესწავლა. მან ყველა გააოცა თავისი მახვილი გონებით და საოცრად ჩქარა აითვისა წიგნის სიბრძნე.

ის თავს არიდებდა უსაგნო, უქმ საუბრებს, უბიწოებას იმარხავდა და სუფთა გონებით ჭვრეტდა ღმერთს. მისთვის ყველაზე საყვარელი ადგილსამყოფელი ტაძარი იყო, მთელ დღეებსა და ღამეებს იქ ატარებდა და მადლიერების გრძნობით იწვოდა.

 მომავალი წმინდანის ბიძა, ასევე ნიკოლოზი, ქალაქ პათარის ეპისკოპოსი იყო.

ის ხედავდა ყმაწვილის სულიერ ცხოვრებას და მშობლებს ურჩევდა, შვილის ნიჭი უფლისათვის მიეძღვნათ. მშობლები დათანხმდნენ. ბიძამ ნიკოლოზი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ ეპისკოპოსმა წინასწარ­მეტყველური სიტყვებით მიმართა ტაძარში მყოფ ხალხს:

 – ძმებო, მე ვხედავ ახალ მზეს, რომელიც ამოდის, ის იქნება ნუგეში მწუხარეთათვის. ნეტარია ის სამწყსო, რომელსაც ასეთი მწყემსი ეყოლება. ის დაიფარავს გზასაცდენილ სულებს და გულმოწყალე შემწე იქნება ჭირსა და მწუხარებაში.

 წმინდანის შემდგომი ცხოვრება სწორედ ამ წინასწარ­მეტყველების აღსრულება იყო.

წმიდა ნიკოლოზმა არა ერთი სასწაული აღასრულა ბავშვების დასახმარებლად.

ნიკეაში მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელიც 325 წელს გაიმართა და ისტორიაში პირველი მსოფლიო კრების სტატუსით შევიდა.

კრების 2000-ზე მეტ დამსწრეთაგან 318 ეპისკოპოსი იყო, მათ შორის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და წმინდა ნიკოლოზი.

დარბაზის შუაში სახარება იყო დაბრძანებული, ხოლო ეპისკოპოსთა სკამები ამ სახარების ირგვლივ იყო შემოლაგებული.

თითოეულ გადაწყვეტილებას მღვდელმთავრები სწორედ სახარებას უთანხმებდნენ.

 არიოზმა დაიწყო თავისი სწავლების დაცვა და არ სურდა არავის მოსმენა.

ბოლოს, ღვთისმშობლის გმობამდე რომ მივიდა, წმინდა ნიკოლოზი იმდენად განრისხდა, რომ სილა გააწნა მას.

დანარჩენმა ეპისკოპოსებმა ეს საქციელი ქრისტიანისათვის შეუფერებლად ჩათვალეს და წმინდა ნიკოლოზს მღვდელმთავრის პატივი აჰყარეს, მაგრამ იმავე ღამეს იხილეს, რომ წართმეული სახარება და ომოფორი მას თავად ღვთისმშობელმა და მაცხოვარმა დაუბრუნესდა რომ მათთვის სათნო იყო ნიკოლოზის ქმედება. ამიტომ მეორე დილითვე აღადგინეს ეპისკოპოსის ხარისხში.

ამის შემდეგ კიდევ უამრავი სასწაული აღასრულა წმინდა ნიკოლოზმა და ღრმად მოხუცებული, 85 წლისა, გარდაიცვალა 324 წლის 6 (19) დეკემბერს.

მისი ცხედარი თავდაპირველად მირონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს, შემდეგ კი ქალაქ ბარში გადაასვენეს, სადაც განისვენებს დღემდე.

გადასვენება 9 (22) მაისს მოხდა. ამიტომაც აღინიშნება ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ-19 დეკემბერსა და 22 მაისს.

წმინდა ნიკოლოზი დღემდე რჩება საოცარ მსწრაფლშემწედ და მანუგეშებლად ყოველგვარ განსაცდელსა და გაჭირვებაში.

იგი დღემდე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და მოსიყვარულე წმინდანი, ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის ერთ-ერთი ერთგული მხედარი, რომელიც არავის ჰპატიობს სიწმინდის გმობასა და შეურაცხყოფას.

 ტროპარი:

კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

 კონდაკი:

მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახარებაჲ აღასრულე და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან; ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

Rate this item
(0 votes)
Read 173 times