საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:27

24 სექტემბერი 300 არაგველის ხსენების დღეა

17-09-23 20:26:46 | Print

24 სექტემბერი - კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა - 300 არაგველთა და სასულიერო და საერო პირთა ხსენების დღეა.
1795 წლის 11 სექტემბერი. ღრუბლიან ჯანღიანი დღე საქართველოს ისტორიაში.
ერეკლეს მცირერიცხოვან ლაშქარში იდგა სამასი მთიელი, სამასი არაგველი გლეხი, ესენი იყვნენ სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი უმამაცეს მთიელ ქართველთა, რომელთა შემწეობითაც ამდენი ბრძოლა მოეგო პატარა კახს.
გადმოცემით, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს რომ ან გაიმარჯვებდნენ ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. მათი მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.
სამასი წყვილი, გაუტეხელი არწივული მზერა შეეჭრა ერეკლეს თვალებს.
სამასი ვაჟკაცური მკერდი და მხარ-მკლავი ერთ ურყევ-უბზარავ კედლად შეკრულიყო და სწორედ მაშინ სამასმა ბაგემ ერთად იქუხა და სამას მკერდიდან აღმოხდენილი ფიცი, ვაჟკაცური და ლოცვის მაგვარი:
“ ვფიცავ მეფეს და საქართველოს, ან გავიმარჯვოთ ან დავიხოცოთ!”
ანდა იქნებ სწორედ ასე თქვეს არაგველებმა ეს წმინდა ფიცი. როგორც იგი წარმოიდგინა გრიგოლ ორბელიანმა- “ თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვსდევნ მტრის ძალი, იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი!”
მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა ქართველები დამარცხდნენ.
სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკან დახევა დაიწყო.
სათაყვანო გმირსა და საძულველ მტერთ შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელნი არაგველნი.
მათ “კვლავაც მრავალნი მოსწყვიდნეს სპანი”.
ერეკლემ თავისი გუნდით მიაღწია ავლაბრის ხიდს და სწორედ იმ ჟამს , სამუდამოდ აღესრულა დილითდიდებული უწმინდესი ფიცი უკანასკნელნი არაგველნი მათგანვე დაჩეხილ მტრის გვამთა გროვაზე ესვენნენ, შორიდან ნატყორცნი გმურებით მკერდშელეწილნი. საშინლად შეძრული მეფე ძლივს გაიყვანეს ხიდზე და ძალით გაატარეს იმ გზით, საიდანაც მის დასახსნელად ყველაზე დიდი ქართველი გმირნი ჩამოსულიყვნენ- საარაგვოსაკენ.
დავით ბატონიშვილმა ზარბაზნების საკეტები ახსნა და ხელიერთპირად ხევში გადაჩეხა, მერე სასწრაფოდ ქალაქს სამხრეთიდან შემოუარა და დამარცხებული პაპის გზას გაჰყვა ანანურისკენ.
კრწანისის ბრძოლა დამთავრდა.
ჯერ კიდევ კვნესოდა კრწანისის ველი მტერ-მოყვარის გვამთა გროვებით დახერგილი და დამძიმებული.
მათ შორის-სამასი არაგველი, სამასი წმიდა, ღვთაებრივი გმირი.
ასე პატიოსნად წრფელად მოკვდნენ ისინი.
ასე მოკვდნენ, რამეთუ სამარადჟამოდ უკვდავნი ყოფილიყვნენ.

https://lomisasi.jimdo.com/300-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 3347 times