საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:25

ღვთისმშობლობას გილოცავთ, მართლმადიდებლებო!

17-09-20 23:43:08 | Print

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია 21 (ძვ. სტ. 8) სექტემბერს დღესასწაულობს. ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას 10.00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).

დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

წმიდა ანას წუხილს ქმარზე დარდიც დაემატა და ის თითქმის არავის ეჩვენებოდა. ანას უშვილობა წამოაყვედრა მისმა მხევალმაც: „უფალმა ღმერთმა დაგიხშო საშო და არ მოგმადლა ნაყოფი ისრაელიანთა შორისო“.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.

ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.

იოაკიმემ მწყემსები მოიხმო და შესაწირავი მსხვერპლის გამზადება უბრძანა. ანა მას სახლში ელოდებოდა. დაინახა თუ არა მწყემსებთან ერთად მომავალი მეუღლე, წინ მიეგება და სასიხარულო ამბავი ამცნო.

მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა, მიწაზე ფეხს აღარ დაადგმევინებდა.

როცა მარიამი ერთი წლისა გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა, შინ მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულნი. „ისმინე, ისმინე ისრაელის თორმეტო ტომო, ძუძუს აწოვებს ანა“, - სიხარულით გალობდა წმიდა ანა.

როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა, მიცემული აღთქმისაებრ, ტაძარში მიიყვანეს. უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი საკურთხეველში შეიყვანა და ასე აკურთხა: „შთამომავალთა შორის განადიდა უფალმა სახელი შენი. უკანასკნელ ჟამს შენ მიერ გამოიხსნას უფალმა შვილნი ისრაელისა“.

ცხოვრობდა ტაძარში ქალწული და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, იოსებს არ ჩააბარეს.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.

ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ტროპარი

შობამან შენმან ღმრთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა, და განაქარვა სიკუდილი, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო.

 კონდაკი

იოაკიმ და ანა ყვედრებისაგან უშვილოებისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკუდილისა განთავისუფლდეს, უხრწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა. ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანამდებობისაგან ბრალთასა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: ბერწი შობს ღმრთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩუენისასა.

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 272 times