საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:26

19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მიერ აღსრულდა ხონაში

17-09-18 20:34:14 | Print

მიქაელ მთავარანგელოზი ანგელოზთა დასის წინამძღოლი (მისი სახელი ებრაულად ნიშნავს: „რომელი ვითარცა ღმერთი“).

სწორედ მან დაამხო ანგელოზი ლუციფერი (მოელვარე).

ღმერთის მიერ მინიჭებული მადლით ეშმაკზე ძლევის გამო, მას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებიც.

ხატებსა და ფრესკებზე მთავარანგელოზ მიქაელს, როგორც მძლეველს ყველა მტრული ძალისა - ხატებზე ჯავშნით - ღვთიური მადლით შემოსილს გამოხატავენ.

იგი ფეხებით დემონს თრგუნავს, მარცხენა ხელში ზეთისხილის მწვანე რტო, ან სამკუთხედი ფარი უჭირავს. მარჯვენაში უპყრია შუბი თეთრი ალმით (ზოგჯერ - ცეცხლოვანი მახვილი), რომელზედაც მეწამული ჯვარია გამოსახული.

ზოგიერთ ხატზე ზეციურ ძალთა მხედართმთავარი მახვილით გმირავს დედამიწაზე შემოხვეულ გველს.

მთავარანგელოზი მიქაელი ასევე მონანულ სულთა მეოხია.

იგი გამოეცხადა წმინდა ევდოკის და უთხრა:

"მე ვარ მთავარი ღვთის ანგელოზთა, მე მევალება, მონანულ ცოდვილთა სულების ნეტარ ცხოვრებაში შეყვანა.

დიდი სიხარულია ზეცაში, როცა ცოდვილი ინანიებს, რამეთუ ღმერთს არ უნდა სიკვდილი მის ხატად შექმნილი კაცის სულისა".

 

ბასიანის ომში გამარჯვებული ქართველები შემოვიდნენ ოძრახეს, სადაც მეფე ელოდებოდათ. იქიდან კი ლხენა-ლხენით ტფილისს გაეშურნენ.

წმინდა თამარ მეფემ სულთნის დიდებულები თითო ნალის ფასად გაყიდა.

იმასაც ამბობენ: როცა სულთნის დიდებულები თამართან შეიყვანეს, ერთი მათგანი დაეცა მის ფერხთით და გველივით იკლაკნებოდა.

გონს მოსულს ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხეს. თამარის თავს ზევით იყო ის, ვინც მოერია ჩვენს ჯარს და შევშინდი მის დანახვაზეო, - უთქვამს, მეფე თამარის თავს ზევით კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა.

 ლოცვა ზეციურ ძალთა მხედართმთავრის მთავარანგელოზ მიქაელისადმი

უფალო, ღმერო ძლიერო, მეუფეო დაუსაბამოო, წარმოგზავნე მთავარანგელოზი შენი მიქაელი შეწევნად მონისა შენისა (სახელი), რათა მიხსნას მე ხილულ და უხილავ მტერთაგან.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, გარდამოავლინე მშვიდობა შენი სახიერი მონასა ამას შენსა ზედა.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, ეშმაკთა შემმუსვრელო, შეჰკარ ყოველნი მბრძოლნი ჩემნი და აღხოცენ იგინი პირისაგან მიწისა.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, უპირველეს ექვსფრთოვან დიდებულთა შორის, ზეციურ ძალთა, ქერუბიმთა და ყოველთა წმიდათა ზესთამბრძოლო.

ჰოი, საკვირველო მთავარანგელოზო მიქაელ, იდუმალო მფარველო, მეყავნ მე შემწედ ყოველთა განსაცდელთა, ურვათა, მწუხარებათა შინა, უდაბნოთა, წყალთა და ზღვასა მყოფსა შემქმენ მშვიდ ნავთსაყუდელად.

დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, განმათავისუფლე ეშმაკისა საცდურისაგან და შეისმინე ხმა ცოდვილისა მონისა შენისა (სახელი), რომელი ვღაღადებ და მოვიხმობ სახელსა შენსა წმიდასა, მსწრაფლ შემეწიე და შეიწყნარე ლოცვა ჩემი.

ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, სძლიე ყოველთა წინააღმდგომთა ჩემთა ძალითა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა უხრწნელისა ღმრთისმშობელისათა, ყოველთა წმიდათა მთავარანგელოზთა და ანგელოზთა, შუამდგომელობითა წმიდისა წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, წმიდისა მოციქულთასწორისა განმანათლებელისა ჩვენისა ნინოსითა, დიდისა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა, წმიდისა დიდისა ძლევაშემოსილისა გიორგისათა, წმიდისა ილია წინასწარმეტყველისა, დიდთა მოწამეთა ნიკიტასა და ევსტათესი, მეოხებითა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ყოველთა წმიდათა და ყოველთა ზეციურთა ძალთა, ამინ!

ჰოი, დიდო მთავანარგელოზო მიქაელ, შემეწიე მე ცოდვილსა მონასა შენსა (სახელი) და მიხსენ მე, ერი ჩვენი, ეკლესია და სრულიად საქართველო სიყმილისაგან, სრვისა, ძვრისა, ცეცხლისაგან, მახვილისა, შიმშილისა, მოულოდნელი სიკვდილისა, მტრისა მზაკვარისა და ყოველი ბოროტისაგან და დაგვფარენ ჩვენ დიდო მთავარანგელოზო უფლისაო მიქაელ, აწდა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

  ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა.

ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ.

მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში და მოინათლა.
მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს ღრმულისაკენ შეუცვალა მიმართულება.

ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს.

ადგილი, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, იწოდა „ხონად", რაც „ღრმულს" ნიშნავს. 

ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

 

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 390 times