საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 5:32

სულიწმინდის მადლი იყოს თქვენ თანა!

17-06-04 11:50:18 | Print

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს.

ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც. 

ამ დღეს მოციქულები ერთად შეიკრიბნენ. მოულოდნელად ხმაური ატყდა, თითქოს ქარმა დაბერაო და იქ მყოფთა თავზე ცეცხლის ენები დაირხა. სულიწმინდის მადლით მაცხოვრის 70 მოციქული სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდა.

ხმაურზე უამრავი ხალხი შეიკრიბა.

ბევრმა ვერ ახსნა ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზი, მაგრამ ვინც იწამა უფლის სიტყვები, მიხვდა, რომ ადამიანებს აღუდგათ და განუმტკიცდათ ის კავშირი, რომელიც ბაბილონის გოდოლის შენების დროს დაკარგეს.

სულიწმინდის მადლი კი გადმოვიდა უფლის მოწაფეებზე, რომლებსაც უნდა ექადაგათ მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი სარწმუნოება. ეს იყო განსაკუთრებული დღე.

სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ.

ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას - მეუფეო ზეცათაო...

სულთმოფენობის დღესას­წაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს:

როდესაც წმინდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა.

აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა.

ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს.

ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი.

მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება.

ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა.

ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს­ სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები­ ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს.

შევთხოვოთ უფალს - სულიწმიდას, რომ მოგვმადლოს ნიჭი სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა...

შევთხოვოთ სულიწმიდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრება...

 

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა,

საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 

ტროპარი- "კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად-ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად-წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდებაჲ შენდა".

 

კონდაკი - "რაჟამს-იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ, რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მოიყვანნა იგინი. ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა".

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 160 times