საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:59

"დეკანოზს" ბრალი დაუმძიმდა - განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით, სასჯელი 16- დან 20 წლამდე

17-04-27 16:10:23 | Print

ყოფილ დეკანოზს,  გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით - განზრახ

მკვლელობის მომზადებასთან, რის საფუძველზეც 2017 წლის 26 აპრილს, მოქ: გიორგი მამალაძეს დაუმძიმდა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

- „გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ნოემბრიდან გიორგი მამალაძე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად.

მუშაობისას მას უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილთან.

2016 წლის 4 იანვარს გიორგი მამალაძე გათავისუფლებული იქნა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც მან შორენა თეთრუაშვილის დაუკავშირა, თუმცა ამავდროულად დაინიშნა ხსენებული სამსახურის უფროსის მოადგილის და შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობებზე.

მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს სამსახურებში დაკავებული მაღალი, ხელმძღვანელობითი თანამდებობებისა, გიორგი მამალაძეს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მისი პიროვნული თვისებების შეუსაბამოდ დაბალი იყო.

გიორგი მამალაძე კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში არსებული მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობებზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და თანამდებობიდან გამომდინარე საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა.

ამასთან, გიორგი მამალაძე კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს და მიაჩნდა, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა მის გათავისუფლებას სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობებიდან.

არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა, ამავდროულად მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად.

გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გიორგი მამალაძე დაკავებულ იქნა, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება „ნატრიუმის ციანიდი“.

ამდენად როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებული განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით.

აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

წინასასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება 2017 წლის 5 მაისს.

საქმე სასამართლოში წარიმართა გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში, თუმცა გამოყოფილ საქმეზე პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას. არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მიმდინარეობს რამდენიმე ვერსიაზე მუშაობა, მათ შორის დაგეგმილი შესაძლო დანაშაულის სხვა ობიექტების და ბრალდებულ გ. მამალაძის სავარაუდო თანამზრახველების დადგენის მიზნით”, - ნათქვამია პროკურატურის  განცხადებაში.

 

Rate this item
(0 votes)
Read 1401 times