საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 4:02

ქეთევან ზარნაძე: სიკვდილის მოციქულები

18-01-21 13:09:44 | Print

უცნაური ხალხი გამოვდექით ქართველები, დავგმეთ ბესლანის ტერაქტი, 11 სექტემბრის ტერაქტი, ვიგლოვეთ საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად დახოცილი ადამიანები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც კი ჩვენს სამშობლოში გაჩნდა ტერაქტის საშიშროება, უცებ აღმოვჩნდით ტერორიზმში ეჭვმიტანილების დამცველები.

ფაქტები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარმა ( წიკლაურმა) თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ მისი პარტია მხარს დაუჭერს, თუკი პანკისის ხეობაში დაიწყება საპროტესტო აქციები.

სოციალურ ქსელში "ნაცები"და მათი "მონათესავე" პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საპროტესტო "ტალღის აგორებას" ცდილობენ და ათასნაირი არასერიოზული ინფორმაციის გავრცელებით "სუს" ის დისკრედიტაციას ამაოდ ლამობენ.

სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები ოპონენტებს ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებენ:

- "როდესაც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზეც კი უარს ამბობს კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით, მე მგონი, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და მე მგონია, რომ ნამდვილად არის აქ იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ, ეს გარდაცვლილი ახალგაზრდა ნამდვილად იყო ტერორისტულ საქმიანობაში ჩართული და ამას არ ამბობენ მხოლოდ ქართული სპეცსამსახურები, ამას ერთ-ერთი განვითარებული, დემოკრატიული და მისაბაძი ქვეყნის შს მინისტრიც კი ამბობს", – განაცხადა ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით სოფო კილაძემ.

 სასაცილოა "ცნობადი-ნაცმაცუნები" დღესაც რუსულ კვალს, რომ ხედავენ ყველაფერში, სინამდვილეში კი კუდებით არიან გადაბმული სწორედ რუსულ სპეცსამსახურებთან… 

სულ ახლახან, ოპოზიცია მხარდამჭერ მედიასთან ერთად დასტიროდა ჩატაევს არადა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი მაიკლ მაკოლმის განცხადებით – ჩატაევი სირიაში უამრავჯერ იყო ჩასული და `ისლამური სახელმწიფოს~ ომის სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი გახდა, რომელიც ოპერაციების ჩატარებისთვის იყო პასუხისმგებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩატაევი, ამ თავდასხმის განსახორციელებლად, კოორდინირებას სამ თვითმკვლელ ტერორისტთან ახდენდა.

ჩატაევი არაერთხელ დააკავეს ევროპაში, ავსტრიაში და ბოლოს უკრაინაში. თუმცა, მაშინდელი ხელისუფლების, კერძოდ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და გია ლორთქიფანიძის ჩარევის შედეგად უკრაინის ხელისუფლებამ ჩატაევი საქართველოს გადასცა.

ჩატაევი თბილისში ცხოვრობდა და საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო.

შემდგომ კი ის სირიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

ჩატაევი თურქეთში მცხოვრები ახალგაზრდების გადაბირებას ახდენდა.

გაეროს ინფორმაციის თანახმად, ჩატაევი 130 ბოევიკისგან შემდგარ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა…

"ნაცლიდერებისთვის" და მათი "შემსრულებლებისთვის" ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ღირსებას, რომ ყოველთვის ჩალის ფასი ჰქონდა არახალია.

მაგალითებიც უხვადაა. 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლაფანყურში განვითარებულ მოვლენებს 13 კაცის სიცოცხლე შეეწირა (ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სამხედრო სპეცოპერაციას ათი მეომარი ემსხვერპლა, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქე), აგრეთვე ორი სპეცდანიშნულების რაზმის წევრი და ერთი სამხედრო ექიმი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის, იმავე “ბოროტას” სახელმა (ხშირად ერევათ ვერის საძმო “ბოროტებში”) ლაფანყურის საქმეში მოგვიანებით გაიჟღერა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ლოპოტის ხეობაში დახოცილი მეომრები ჩრდილო კავკასიიდან შემოსული “ბოევიკები” კი არა, საქართველო-დაღესტნის საზღვრისკენ მიმავალი ქისტი ახალგაზრდები იყვნენ.

პანკისის ხეობაში ამბობდნენ, რომ ისინი (და არა მარტო ისინი) სწორედ გია ლორთქიფანიძემ ჩამოიყვანა, რომლებსაც შემდეგ რამდენიმე თვე კახეთში, შაქრიანის ბაზაზე ამზადებდნენ და დაღესტანში გადასასვლელად დერეფანსაც სწორედ ის დაჰპირდაო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გარდა, სახელდებოდა მისი ძმა, დავით ლორთქიფანიძეც, რომელიც იმ დროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

მალე ლაფანყურის მოვლენებს გამოეხმაურა კავკასიის იმარათი – გაავრცელა განცხადება, რომელშიც მომხდარს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ  "ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებდნენ და ღალატის დამტკიცების შემთხვევაში გია ლორთქიფანიძესა და მის თანამოაზრეებს სასჯელი არ ასცდებოდათ (მუქარა ძალაში რჩება)."

იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეული თანხის საფასურად ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს საქართველო-დაღესტნის საზღვრის უსაფრთხოდ გადაკვეთის გარანტიას აძლევდა, აღარც ექსპერტები უარყოფდნენ.

2013 წლის 15 აპრილს “ფეისბუკში” გამოჩნდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას განცხადება, სადაც ამხილა გია ლორთქიფანიძე.

-“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გამაჩნია მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის, ბაჩო ახალაიას (ის შინაგან საქმეთა მინისტრად ახალი დანიშნული იყო.)

წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა ჩვენი თანამებრძოლები, უკიდურესად დაგვიძაბა ურთიერთობა ჩვენს ქისტ ძმებთან, რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და ქვეყნის იმიჯი”.

სწორედ ლორთქიფანიძე "მუშაობდა" ჩეჩნებთან და ქისტებთან და ოდესაში "გადაბარგების" შემდგომაც ამღვრევდა წყალს. გასულ წელს კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური(იგივე ალი დუბაევი, რუსლან პაპასკირი, "მოჩვენება", "ზონა") დაიღუპა.

2012- წელს ის თურქეთში დააკავეს. მასთან ერთად აიყვანეს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ემისრის – ახმედ ზაკაევის პირადი წარმომადგენელი უვაის ახმადოვი, მისი ძმა იმრანი, ასევე მათი 3 თანამოაზრე მეტსახელებით `ალი”, `თურქო” და `მუსა”.

მაშინ თურქული მედია იუწყებოდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქილერი, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, საქართველოს სპეცსამსახურებისა და რუსეთის "ფსბ-ს" -ს ორმაგი აგენტი იყო, აქტიურად თანამშრომლობდა თურქულ გამოძიებასთან და აღიარა, რომ სტამბოლში “კავკასიის იმარატის" ორი წარმომადგენელი – ისლამ ჯანიბეკოვი და ალი ოსაევი (მუსა ატაევი) მოკლა.

ამასთან, პაპასკირმა აღიარა, რომ აგენტებს 2011 წლის 16 სექტემბერს სტამბოლის ზეიტინბურნუს რაიონში სამი ჩეჩენი დევნილის – ბექჰაჯი მუსაევის, რუსტამ ალტემიროვისა და ზაურბეკ ამრიევის ლიკვიდაციის მზადებაში დაეხმარა…

2009 წელს “ზონა" თბილისის ქუჩებში თანამოძმეებთან ერთად იარაღითა და საქართველოს შს სამინისტროს მოწმობებით გადაადგილდებოდა და სწორედ ამ ჯგუფის სინდისზეა ორი ჩეჩენი ბიზნესმენის ქვეყნიდან გაქრობაც და უამრავი სხვა მსგავსი ფაქტიც სწორედ ასეთ დაუნდობელ კრიმინალებს ხელმძღვანელობდა გია ლორთქიფანიძე და სწორედ მის თავში იხარშებოდა ადამიანების გატაცება, მკვლელობა, გამოძალვა და ათასი სიბინძურე.

"ხელობა"ოდესაშიც არ დაივიწყა, მაგრამ იქ მისი "მამა-მარჩენალი" მიჰა სამხედრო პროკურატურას და სპეცსამსახურს ვერ აკონტროლებდა და ამიტომაც მოკლე დროში "გაიშიფრა" მისი სისხლიანი მოღვაწეობა…

ნაცლიდერებმა რათქმაუნდა შესანიშნავად იციან რა კრიმინალურ ჭაობში იყვნენ ჩაფლული მათი სპეცსამსახურები, თუმცა აქტიურად ცდილობენ ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერით სისხლიანი გვამებით მოფენილი მათ მიერ განვლილი გზა გადარეცხონ.

მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ლორთქიფანიძის მიერ გადაბირებულმა პერსონებმა ინფორმაციის დატოვება მოასწრეს.

ასე, რომ ნაცმაცუნების ლაყაფი-ლაყაფად რჩება.

საინტერესოა, რამდენი ხანი შეენახებათ ნამუსი დასავლელი პატრონების მიერ, ალბათ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ლორთქიფანიძის აგენტების მსგავსად ესენიც ორმაგს თამაშობენ და მობერებულ დასავლელ "პატრონებს" რუსეთის უფრო ახალგაზრდა პატრონები არჩიეს.

ორმაგი აგენტები შეუპოვრად ებრძვიან "სუს" -ს და მის დისკრედიტაციას ცდილობენ, არ ითვალისწინებენ "დასავლურ' შეფასებას (სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურების დავალებით) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, მთავრობას მნიშვნელოვნად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე. როგორც აღნიშნულია ანგარიშში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამინისტროს და სამსახურს აქვს პოლიტიკაზე ორიენტირებული კონტრტერორისტული როლი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახდა წამყვანი უწყება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, მას შემდეგ რაც გამოეყო შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წელს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ინტენსიურად იყო ჩართული კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში და დარჩა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად გლობალური უსაფრთხოების საკითხებში.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უწყებები აგრძელებდნენ მუშაობას უსაფრთხოების საკითხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რეგიონულ კოლეგებთან ინფორმაციის უფრო აქტიური გაცვლის მიმართულებით. საქართველომ ასევე მიაღწია პროგრესს ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ შიდასახელმწიფოებრივი პროგრამის იმპლემენტაციის მიმართულებით.

და ბოლოს, ისე, ყოველი შემთხვევისათვის:

2006 წლის 11 ივლისი, ინდოეთი: მუსლიმი ტერორისტები თავს ესხმიან რკინიგზას მუმბაიში – დაღუპულთა რაოდენობა – 182 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა- 770.

2005 წლის 9 ნოემბერი, იორდანია: სამი დასავლური სასტუმროს დაბომბვა ცენტრალურ ამანში – დაღუპულთა რაოდენობა – 67, დაშავებულთა რაოდენობა - 150.

2005 წლის ოქტომბერი, რუსეთი: თავდასხმა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ ნალჩიკში - დაღუპულთა რაოდენობა – 130

2005 წლის 1 ოქტომბერი, ინდონეზია: სამმა სუიციდმა აიფეთქა თავი ინდონეზიის დასასვენებელ კუნძულ ბალიზე. დაღუპულთა რაოდენობა – 22 ადამიანი.

2005 წლის 23 ივლისი, ეგვიპტე: ეგვიპტის დასასვენებელ კურორტზე შარმ ელ შეიხზე დაბომბვის შედეგად დაიღუპა 64 ადამიანი უცხოელი ტურისტების ჩათვლით.

2005 წლის 7 ივლისი, ბრიტანეთი: სამი მეტროს და ავტობუსის დაბომბვა, დაღუპულთა რაოდენობა – 56, დაშავებულთა რაოდენობა – 700.

2004 წლის 1 სექტემბერი, რუსეთი: 30 კაციანი ჯგუფი შეიჭრა ბესლანის სკოლაში, სადაც 1100 მძევალი აიყვანეს. დაღუპულთა რაოდენობა –300.

2004 წლის 1 მარტი, ესპანეთი: 10 ბომბი აფეთქდა მატარებელში. დამნაშავეები მაროკოელი ისლამისტები არიან. დაღუპულთა რაოდენობა – 191.

2003 წლის ნოემბერი, თურქეთი: სტამბოლში მოხდა აფეთქებები. დაღუპულთა რაოდენობა- 33.

2003 წლის მაისი, მაროკო: კასაბლანკას პორტში ისლამისტების 5 შეტაკების შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა შეადგენდა 45-ს.

დამეთანხმებით, ალბათ, რომ ეს სტატისტიკა ძალიან "სეკვესტრირებულია" და გაცილებით მეტი ტერაქტი მოხდა, გაცილებით მეტი მსხვერპლით.

თუ ჩვენ გვაწუხებს მხოლოდ შედეგები და ნიანგის ცრემლებს ვღვრით დამდგარი შედეგის შემდეგ, მაშინ ასეთი კატეგორიის ადამიანები კარგი იქნება ან საერთოდ ხმას ნუ ამოიღებენ, ან აღიარონ, რომ ტერორიზმს უჭერენ მხარს.

ქეთევან ზარნაძე

"საერთო გაზეთი"

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 977 times