საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 7:41

რუსეთის ფრთხილმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო. მან დაიწყო გერმანიის პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა, მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გრძელ თამაშს თამაშობს, რამდენიმე წლით წინ იხედება

17-09-28 18:05:23 | Print

"რუსეთის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გრძელ თამაშს თამაშობს, რამდენიმე წლით წინ იხედება და წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესაბამისად ტაქტიკის ადაპტირებას ახდენს.

ამ დროს კი ჩვენი თავდაცვა მოუქნელი და წარსულზე ორიენტირებულია, ესეც მხოლოდ მაშინ, როცა ის საერთოდ გააქტიურებული გვქვს"- ედვარდ ლუკასი.

რუსეთს ყველა საჭირო იარაღი ჰქონდა ანგელა მერკელზე თავდასხმისათვის - მთელი საგანძური ელექტრონული წერილებისა და დოკუმენტების სახით, რომელიც გერმანიის პარლამენტსა და კანცლერის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას მოჰპარა.

შერჩევითად ჩასწორებისა და გავრცელების შემთხვევაში ეს მასალა უხერხული მხრიდან წარმოაჩენდა თუ როგორ აკეთებენ პოლიტიკოსები პოლიტიკას: ინტრიგით, სიცრუითა და ზურგში დანის ჩარტყმით. ამომრჩევლები შოკირებული იქნებოდნენ. დონლად ტრამპის წინააღმდეგ ჰილარი კლინტონის შანსები მსგავსმა გამოაშკარავებებმა დაღუპა. მაგრამ გერმანიის ფრონტზე გამაყრუებელი სიჩუმე იდგა.

კრემლმა ცეცხლი არ გახსნა. რატომ?

ერთი მიზეზი ის იყო, რომ წინა ტრიუკებმა ამერიკასა და საფრანგეთში არ გაამართლა. ამას გარდა, მერკელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დიდი ალბათობით უშედეგო იქნებოდა. მისი მოგება გარანტირებული იყო.

გასარკვევი მხოლოდ ის რჩებოდა, თუ რა პირობებით ჩამოაყალიბებდა ის სამთავრობო კოალიციას.

მასირებული იერიში გერმანიის მოსხლეობაში რუსეთიდან მომავალი საფრთხისადმი სიფრთხილეს გაზრდიდა.

ამომრჩეველთა უმრავლესობას არ მოსწონს კრემლთან კონფრონტაციის იდეა და რუსულ ჩარევაზე საუბარს მორიგ პროპაგანდისტულ ილეთად აფასებს.

ისინი რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში NATO-ს მოკავშირეებისთვის გერმანიის სამხედრო მხარდაჭერის წინააღმდეგებიც კი არიან.

გერმანიის პოლიტიკაში უხეში ინტერვენცია ამ ეროვნულ გულუბრყვილობაში ბზარს შეიტანდა.

ამის ნაცვლად კრემლი პოლიტიკური სისტემის სხვა ნაწილებზე მუშაობდა. მან გამოიყენა კომუნისტური პერიოდიდან დამკვიდრებული აგენტურული ქსელები, რომლებსაც გასული ათწლეულების მანძილზე ზრდიდა და აფართოებდა.

ბიზნესისადმი მეგობრულად განწყობილი პარტიების მოსათაფლად, ისეთების, როგორიცაა მერკელის ბავარიელი მოკავშირე ქრისტიან-სოციალური კავშირი, რუსეთმა ბიზნესკავშირები აამოქმედა.

მან პროპაგანდისა და დივერსიის ნაზავი ოთხ მილიონ რუსული წარმომავლობის მოქალაქეზე მიმართა, რომლებიც წარსულში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ერთგული მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ ახლა უკიდურესად მემარჯვენე (და რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა) პარტიამ - “ალტერნატივა გერმანიისათვის” მიიზიდა თავისი სოციალური კონსერვატიზმითა და ანტიისლამით.

ყოველივე ამან დიდი შედეგი გამოიღო.

მერკელის მოკრძალებული გამარჯვების ნაცვლად, არჩევნების მთავარ ამბად იქცა პარლამენტში ალტერნატივა გერმანიისთვის ტრიუმფალური შესვლა.

ამას ემატება მზარდად დამყოლი სოციალ-დემოკრატიული პარტია და ღიად პრორუსული მემარცხენე პარტია.

შედეგად, სამომავლოდ რუსეთს სამი მყარი პოლიტიკური ფორპოსტი ექნება - ოთხი, თუ ლიბერალ თავისუფალ-დემოკრატებსაც ჩავთვლით, რომელბიც, როგორც სჩანს, მზად არიან მიიღონ ყირიმის ანექსია.

ყველაფერს ამარტივებს გერმანელების ზიზღი ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ.

მერკელის შეუპოვარი პრაგმატიზმი სწორი მიდგომაა: ამერიკა გერმანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს თეთრ სახლს.

მაგრამ იაფფასიანი ანტიამერიკანიზმით თვალში ნაცრის შეყრა პოლიტიკურად უფრო იოლია.

რუსეთის ფრთხილმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო.

მან დაიწყო გერმანიის პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა.

ფრონტისპირა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის უეცრად პერსპექტივა მოსალოდნელზე არასახარბიელოდ გამოიყურება. თავდაცვის ბიუჯეტის NATO-ს სტანდარტად დაწესებულ მშპ-ის 2%-მდე გაზრდის შანსები კიდევ უფრო გაუარესდა.

მერკელის პირადი ავტორიტეტი პარტიაში შესუსტდა.

მისი წასვლა უკვე უფრო ადრეა მოსალოდნელი, ვიდრე გვიან.

შესაძლოა, მისი მემკვიდრე ნაკლებად პროატლანტიკური იყოს და, ამასთანავე, რუსეთის მიმართ ნაკლებად ქორული პოლიტიკის გამტარებელი, აღმოსავლეთიდან მონაბერი ახალი ქარისადმი უფრო დამყოლი.

თამაში ჯერ არ დასრულებულა. ფრონტისპირა ქვეყნებისათვის - დაწყებული ბალტიისპირეთიდან, დამთავრებული შავი ზღვით - გადაუდებელ პრიორიტეტს წარმოადგენს გერმანიას უკეთ მიაწოდონ საკუთარი გზავნილი. ეს ნიშნავს ბერლინში საელჩოების გააქტიურებასა და, ამასთანავე, დეცენტრალიზებული გერმანული პოლიტიკური სისტემის სხვა ნაწილებთან თანამშრომლობას. სოლიდარობის, ანტიიმპერიალიზმისა და ისტორიული სამართლიანობის თემები სამართლიანი გერმანელებისათვის მიმზიდველი უნდა აღმოჩნდეს - თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ვინმე წამოსწევს წინ. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ამ თემებზე სპეკულირებისას რუსეთს დიდი კონკურენცია არ შეხვედრია.

გაკვეთილი სხვა ქვეყნებისათვის ნათელია: რუსეთის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ გრძელ თამაშს თამაშობს, რამდენიმე წლით წინ იხედება და წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესაბამისად ტაქტიკის ადაპტირებას ახდენს.

ამ დროს კი ჩვენი თავდაცვა მოუქნელი და წარსულზე ორიენტირებულია, ესეც მხოლოდ მაშინ, როცა ის საერთოდ გააქტიურებული გვქვს.

ედვარდ ლუკასი

ეკონომისტის უფროსი რედაქტორი; ვარშავასა და ვაშინგტონში მდებარე ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ვიცეპრეზიდენტი; ლონდონის თაიმსის კომენტატორი

 

Rate this item
(0 votes)
Read 2147 times