საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 10:23

მჯერა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული სიცოცხლეს აგრძელებს

17-05-18 02:08:59 | Print

მაია ნიკოლეიშვილი: ეს ნამდვილი სასწაული საკუთარი თვალით ვნახე!

გერმანელი ექიმები და ფსიქოლოგები, რომლებმაც 4 წლის განმავლობაში 944 მოხალისეზე კლინკური ექსპერიმენტები ჩაატარეს, სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც გრძელდება!

მეცნიერებს პაციენტები 20 წუთის განმავლობაში ხელოვნურად შეყავდათ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში.

აღნიშნული ექსპერიმენტი საფუძვლად დაედო კარდიოპულმონალური დაკითხვის მანქანის შექმნას, რომელსაც ავტოპულსი უწოდეს და უკვე იყენებენ ისეთი პაციენტების გადასარჩენად, რომლებიც კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საგულისხმოა, რომ ასეთი ადამიანები ინტელექტის და განათლების სხვადასხვაობის მიუხედავად, თითქმის ერთნარად აღწერენ მდგომარეობას, რომელშიც "გარდაცვალების" შემდეგ აღმოჩნდნენ..

- სულის უკვდავების მჯერა და ასეთ დასკვნამდე ჩემმა პროფესიამ მიმიყვანა! - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ცნობილმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, რომელმაც 30 წლიანი კარიერის განმავლობაში უამრავი გვამი გამოიკვლია და სიკვდილ-სიცოცხლის არსის რაობაზე არაერთხელ დაფიქრდა:

- ადამიანის გვამს მე აღვიქვამ როგორც ტანსაცმელს..

ტანსაცმელი ხომ, ადამიანის სხეულს აცვია, მაგრამ სხეული თავის მხრივ, ის ტანსაცმელია, რომელითაც სული იმოსება.

ამიტომ ექსპერტიზის დროს თამამად ვმოქმედებ, ვჭრი, ვიკვლევ ამ ტანსაცმელს და მჯერა, რომ ამით არაფერი ფუჭდება. თუ სული მოინდომებს, მას კიდეც შეუძლია ექსპერტს მის სამოსზე, ანუ გვამზე - დაზიანების ადგილი მიუთითოს და მომხდარის არსის დადგენაში, დაფარული საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმაროს.

- სული რანაირად შეიძლება დაგეხმაროთ საქმის გახსნაში?

- ხშირად მქონია მინიშნებები.

ერთხელ, ჩემმა ხელმა გონების კარნახის გარეშე თავისით მიაგნო ტყვიას იქ, სადაც ლოგიკურად არც უნდა მეძებნა! სასექციოში რომ შევედი, ჯერ მუშაობაც არ მქონდა დაწყებული, მხოლოდ ცალ ხელზე მეცვა ხელთათამანი და გვამს ვათვალიერებდი.

თითქოს თითებმა იგრძნეს, სადაც იქნებოდა ტყვიის გულა.

არანაირი ლოგიკა ჩემს საქციელში არ ყოფილა! ვიმეორებ, იყო მხოლოდ ინტუიცია, რომელიც ასევე არ ექვემდებარებოდა ლოგიკას და ვგრძნობდი, რომ ეს ინტუიცია ჩემში კი არ გაჩნდა, არამედ, გარედან მოვიდა!

- მსგავსი სხვა შემთხვევებიც გქონიათ?

- უამრავი! ერთხელ, ექსგუმაციის და გვამის გამოკვლევის თხოვნით მომმართა ავარიაში დაღუპული ახალგაზრდის, თემურის ჭირისუფალმა.

ავარიის დროს სხვებიც დაღუპულან. გადარჩენილი მათი მეგობარი სასამართლოზე აცხადებდა, რომ საჭესთან იჯდა თემური. ძიებაც ამ აზრს იზიარებდა, დაღუპულის დედა კი ირწმუნებოდა, რომ თემურმა მანქანის ტარება საერთოდ არ იცოდა!

შვილის გვამის გამოკვლევა იმ მიზნით სურდა, რომ მკვლელის სახელი საიქიოში არ წაყოლოდა.

ექსპერტიზას დავთანხმდი და რიცხვიც დაითქვა, მაგრამ ექსჰუმაციის გადადება მოვითხოვე, რადგან აღდგომის დღეები უწევდა.

მეორედაც გადავადებინე ექსპერტიზა - შვიდეულმა ჩაიაროს მეთქი.

სხვა დროს, ასეთ დღეებშიც ჩამიტარებია პროცედურა, მაგრამ იმ მომენტში თითქოს რაღაც მაფერხებდა.

თემურის დედას გავანდე, ვთხოვე - მცირე ხანს მადროვე, ვერ ვხვდები ჩემს თავს რა ხდება მეთქი და მესამედაც გადავდეთ.

როცა დრომ ისევ მოაწია, ის ქალბატონი მირეკავს და მეუბნება - ახლა მივხვდი, 2 თვე რატომაც გააჭიანურე კვლევა, - ჩემი გარდაცვლილი შვილი გაფერხებდა, იცოდა, რაც მოხდებოდა - დღეს ის ახალგაზრდა თავად დაიღუპა, რომელიც ხელს ჩემი შვილისკენ იშვერდა, გადავიფიქრე ექსჰუმაცია, დაე, თემურის ნება ბოლომდე აღსრულდესო!

ექსჰუმაციამდე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს დაჟინებით ვუხსნი, რომ გვამის კვლევა სულს არაფერში სჭირდება, არამედ სჭირდებათ ამქვეყნად მყოფ ცოცხალ ადამიანებს..

ჭირისუფლებს ვეუბნები, რომ არსებობს ღვთის სამართალი და ადამიანის სამართალი, ისინი უნდა გაერკვნენ, რომელი სამართლის აღსრულებისთვის ზრუნავენ, რადგან გვამის კვლევით მხოლოდ ადამიანის სამართლის აღსრულებაა შესაძლებელი! ამ შემთხვევაში, თემურის დედამ უფლის სამართალზე მინდობა არჩია.

-ისეთი შემთხვევა თუ გქონიათ, რომელიც ბუნების მოვლენებს არ ექვემდებარება?

- მქონდა ასეთი შემთხვევაც, როცა ოჯახმა მოკლული ახალგაზრდის ექსჰუმაციისთვის მომმართა.

ვიღაცა არწმუნებდათ, რომ ახალგაზრდა კაცის სიკვდილი სხვა დანით მიყენებულმა ჭრილობამაც გამოიწვია, ანუ, თითქოს მკვლელი მარტო არ იყო..

ტრაგედიიდან 4 წელი იყო გასული. მკვლელი სასჯელს იხდიდა. ამ ვადაში ცხედარი იმდენად იხრწნება, რომ რაიმეს დადგენა შეუძლებელია, მხოლოდ 3 % არის შანსი.

კვლევის ჩატარება იმას ნიშნავდა, რომ მსჯავრდებული, რომელიც რეალურად იყო დამნაშავე, ციხიდან გამართლებით გათავისუფლდებოდა, რადგან წინა ექსპერტიზის დასკვნა სადაოდ იქცეოდა.

ჭირისუფალი გავაფრთხილე, მაგრამ მაინც დაჟინებით მომთხოვა ექსჰუმაცია - გული მიგრძნობს, უჩვეულო ამბავს გავიგებთო..

რა გაეწყობოდა. სასახლე მიწიდან ამოვიღეთ და სუდარა გადავაძრეთ.

როგორც კი ცხედარს სახეზე დავხედე, მაშინვე მივხვდი, 97 % მართლდებოდა, რადგან სახე თითქმის მთლიანად იყო გახრწნილი, მაგრამ გაოგნებისგან შოკში ჩავვარდი, როცა აღმოვაჩინე რომ ტანი სრულიად გაუხრწნელი იყო, თითქოს 4 წლის წინ კი არა, წინა დღით იყო კაცი გარდაცვლილი!

წარმიდგინეთ, გვამს სისხლიც კი თხიერი ჰქონდა, დანით მიყენებული ჭრილობაც იდეალურად ჩანდა.

ეს იყო ნამდვილი სასწაული, რომელიც არ ექვემდებარება ბუნების კანონებს.

არსებობს მეცნიერებისთვის ცნობილი 2 მდგომარეობა, როცა ცხედარი ხანგრძლივად და გაუხრწნელად ინახება - ეს არის გვამის გაქონცვილება, ან მუმიფიკაცია. ის ცხედარი არც ერთს გავდა და არც მეორეს!

თანაც, თავი იყო სრულ ლპობაში, ხოლო ტანი სრულიად გაუხრწნელი!

მსმენოდა, წმინდანები სამარეში ზოგჯერ უხრწნელები რჩებიანო, მაგრამ ეს ნამდვილი სასწაული საკუთარი თვალით ვნახე!

- პირდაპირ მინდა გკითხოთ - სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობის გჯერათ?

- თითქოს პირიქით უნდა იყოს, მაგრამ როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს მტკიცედ მჯერა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ სული სიცოცხლეს აგრძელებს..

ხოლო როგორც მორწმუნე მართლმადიდებელს, მჯერა სულის უკვდავების, მაგრამ არსი ბუნდოვანია, რადგან სათანადოდ ვერ ვერკვევი!

ჩვენ რატომღაც, მხოლოდ სიკვდილს ვანიჭებთ იდუმალების ელფერს და გვავიწყდება, რომ ადამიანის დაბადება იმგვარივე საოცარი მოვლენაა, რადგან ადამიანის სხეულში ხვდება სხვა ადამიანის სული!

ჩვენ გვიკვირს სულის და სხეულის დაშორება, მაგრამ რატომღაც არ გვიკვირს ბავშვის ჩასახვის მომენტში სულის და სხეულის შეერთება!

ცნობილი რუსი მეცნიერი, ვლადიმერ ბეხტერევი მსოფლიოში ადამიანის ტვინის კვლევის პატრიარქად ითვლება.

მან ტვინის კვლევის ლაბორატორია შექმნა, რომელიც პეტერბურგში დღემდე ფუნქციონირებს და რომლის დირექტორიც თვით ბეხტერევის შვილთაშვილი ბრძანდება.

სწორედ ამ ბუმბერაზმა მეცნიერმა დაასაბუთა, რომ აზრი მატერიის სახეა, რისი დისტანციაზე გადაცემა შესაძლებელია და თუნდაც სიტყვიერად არ გამოვხატოთ, ჩვენს აზრებს სამყაროზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ!

აი, თურმე რა განაპირობებს საზოგადოებაში უარყოფითი ენერგიის დაგროვებას!

ერთ დიდ სამეცნიერო სიმპოზიუმზე ვლადიმერ ბეხტერევმა საზეიმოდ გამოაცხადა: გიხაროდეთ, ბატონებო, სიკვდილი არ არსებობს!

მართალია, მას სულის არსებობა არ უღიარებია, მაგრამ აღიარა პიროვნება! დაასაბუთა, რომ ადამიანის პიროვნება უკვდავია და სიკვდილის ზღვარი პიროვნებას ვერ შლის, უბრალოდ, იგი ტოვებს სხეულს - თავის ამქვეყნიურ სამოსს და სხვა ფორმით აგრძელებს სიცოცხლეს!

ადამიანის ტვინი უზარმაზარ ელექტროსადგურს მოჰგავს, რომელიც ყველა ორგანოს მუშაობას და სხეულში, სულის ამ სამოსელში მიმდინარე პროცესებს აკონტროლებს.

ამიტომ, ადამიანის გარდაცვალების მომენტი გულისძგერის შეწყვეტიდან კი არა, ტვინის უჯრედების სიკვდილიდან აითვლება.

ტვინის უჯრედებში ქიმიური პროცესების ცვლილებით ადამიანმა შეიძლება თავი იგრძნოს ბედნიერად ან დაეუფლოს დეპრესია, რომელიც ყველა სხვა დაავადების საფუძველი გახდება..

ტვინის ნეირობიოლოგიას და ნეიროქირურგიას თუ ჩაუღმავდებით, ადვილად მიხვდებით, რომ საქმე გვაქვს ისეთ სრულყოფილ მექანიზმთან, რომელიც, შეუძლებელია, უმაღლესი გონის გარეშე, დარვინის "ევოლუციის თეორიის" საფუძველზე ჩამოყალიბებულიყოს..

მაგრამ ეს უნიკალური კომპიუტერი მაინც მხოლოდ მატერიაა, მხოლოდ სამოსია, რომელიც პიროვნებას, ანუ სულს - ბუნებასთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს..

დგება მომენტი, როცა სული ამ სამოსს ტოვებს და იმ სამყაროში აგრძელებს არსებობას, სადაც სამოსი და კომუნიკაციის საშუალებები საჭირო აღარ არის!

ესაუბრა ზაზა დავითაია

"ასავალ-დასავალი"

 

Rate this item
(0 votes)
Read 1965 times