საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 12:12

ვაჟა ხაჭაპურიძე: ჩვენი ქვეყანა რუსეთის ნების გარეშე ვერ გაერთიანდება. ამაზე ფიქრიც წარმოუდგენელია

17-02-11 15:13:41 | Print

ქართველებს და ოსებს შორის  ჩატეხილი უნდა გამთელდეს!

სულ ახლახანს გავრცელდა ხმა, რომ ედუარდ კოკოითი ბრუნდება ცხინვალში და აპირებს მონაწილეობის მიღებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ჩატარდება ამა წლის 9 აპრილს. ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდი შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს ვაჟა ხაჭაპურიძეს. ბატონი ვაჟა კოკოითთან ერთად მუშაობდა წლების განმავლობაში და მის მეგობრადაც ითვლება.

- ბატონო ვაჟა, მართლა ბრუნდება კოკოითი ცხინვალში?

- კოკოითმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და შექმნა წინასაარჩევნო შტაბი. ვნახოთ, დაველოდოთ, რით დამთავრდება არჩევნები ცხინვალში. ჩვენი უპირველესი საზრუნავი ის არის, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ ნებისმიერი შემოთავაზებული პოზიტივის მიმართ და ჯეროვანი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელშიც აისახება ორივე მხარის ინტერესები.

- კოკოითის დაბრუნებას თქვენ პოზიტივად თვლით, იმ კაცის, რომელიც მიზანმიმართულად ატარებდა სეპარატისტულ პოლიტიკას?

- დიახ, მის დაბრუნებას მე პოზიტივად მივიჩნევ. ქართველებს და ოსებს შორის არსებული ჩატეხილი ხიდი ედუარდ კოკოითის ხელშეწყობითაც აღდგება.

მე მას ძალიან კარგად ვიცნობ, მჯერა მისი. კოკოითის თავკაცობით ბევრ სასიკეთო საქმეს ჩაეყრება საფუძველი.

მთავარია, ჩვენი მხარე გაგებით მოეკიდოს შექმნილ ვითარებას; და თუ ეს მოხდება, დღეს „მიძინებული“ ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საქმე წინ წაიწევს და საგრძნობლად შეიცვლება უკეთესობისაკენ. სადღეისო მონაცემებით ოსთა მხარე უარჰყოფითად არის განწყობილი ჩვენს მიმართ. ამიტომაცაა საჭირო, მოლაპარაკების შემთხვევაში, ქართველი საზოგადოების გარემოში შეირჩეს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ძალუძს, ადვილად შეცვალონ ოსების ახლანდელი განწყობილება და მოუხსნან მათ ის სინდრომი, რომლის სახელია „უნდობლობა და სიძულვილი“.

- ძნელად მოსასმენია ეს სიტყვები...

- გეთანხმებით, მაგრამ ეს ასეა.

პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება და ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ. ნუ შევეცდებით, სხვისი ხელით მივაღწიოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის მოგვარებას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვიმყოფებით ოსებთან და უცხო მხარეების ჩარევის გარეშე გაცილებით ადვილად მივაღწევთ შერიგებას.

- სახალხო დიპლომატიას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ჩვენში არსებობენ პოლიტიკოსები, ვგულისხმობ არა მარტო „ნაციონალებს“, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ კოკოითზე.

- სიმართლე გითხრათ, დავიღალე მაგ „ორკაპიკიანი პოლიტიკოსების“, ავანტურისტების და დემაგოგების ცხოვრებაში და ტელეეკრანზე ყურებით. სწორედ რომ მათმა უპასუხისმგებლობამ და, პირდაპირ ვიტყვი, დანაშაულებრივმა ქმედებებმა დაატოვებინეს ქართველებს თავისი სახლები.

რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა ჩემთან ინტერვიუ, სადაც თვალნათლივ ჩანს 2008 წლის 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების მთელი ციკლი. ამ ინტერვიუში იყო ნათქვამი, რომ ედუარდ კოკოითმა თვენახევრით ადრე ჩვენს ხელისუფლებას მიმართა თხოვნთ, არ დაეწყო ომი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ უბედურებაში აღვმოჩნდებითო;

კოკოითის ეს საგანგაშო მიმართვა მაშინვე მოვახსენე საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას, მათ შორის, ჩვენი კონტრდაზვერვის წარმომადგენელს.

ზოგიერთი „ორკაპიკიანი პოლიტიკოსი“ დროდადრო შემახსენებს, რომ ოსებს უფრო მეტად იცავო.

თუ სიმართლის თქმა დაცვას ნიშნავს, მაშ თავად სიმართლე რაღა არის? კარგით, ჰაიდი ტალიავინის კომისიაც ოსებს იცავდა?

გავიხსენოთ, რა დასკვნა გააკეთა 2009 წლის 30 სექტემბერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა მისიამ?

ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო სააკაშვილმა 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის დაბომბვითო, რის შედეგად დაიხოცა და დაიჭრა ადგილობრივი მაცხოვრებლები, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცებიო.

ამავე დროს ცხინვალში დაინგრა და განადგურდა შენობა-ნაგებობების ნახევარზე მეტიო. თუ გახსოვთ, სახელმწიფო ბოროტმოქმედმა, ძებნილმა სააკაშვილმა 8 აგვისტოს დილით „მწუხარებით“ გვაუწყა, რომ ცხინვალი ფაქტიურად დანგრეულიაო, მაგრამ „ახალი ცხინვალის“ აშენებით „გვანუგეშა“...

- ბატონო ვაჟა, თქვენ ედუარდ კოკოითთან ერთად მუშაობდით. საინტერესოა, რა დამოკიდებულება აქვს ამ პიროვნებას ქართველებისადმი?

- არა მარტო კოკოითს, არამედ არ მეგულება ოსთა ძველი თაობის წარმომადგენელი, ჩვენდამი მტრული დამოკიდებულება რომ ჰქონდეს. ჩვენ ხომ ახლონათესაური კავშირები გვაერთიანებს.

რაც ჩვენ თავზე დატრიალდა, ეს პოლიტიკური ავანტურისტების ბრალია, თორემ ოსებსა და ქართველებს რა გვაქვს საჩხუბარი!

კოკოითზე მკითხეთ, როგორი აქვს ჩვენდამი დამოკიდებულებაო, გიპასუხებთ, ედუარდ კოკოითს ტრადიციად ჰქონდა ყოველ ახალ წელს სათითაოდ ჩამოევლო ქართული სოფლების სკოლები. ის პედაგოგებს და მოსწავლე ახალგაზრდობას ულოცავდა ახალი წლის დადგომას და ასაჩუქრებდა მათ. ერთ ასეთ ღონისძიებას სოფელ ერედვში დაესწრო ირაკლი ოქრუაშვილი, როცა ეს უკანასკნელი შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. კოკოითი რომ სიკეთის მატარებელია, ამის სხვა მაგალითებიც არსებობს, მაგრამ, რას იზამ, პოლიტიკური კონიუნქტურის წყალობით მას ქართველების დაუძინებელი მტრის ხატი მოარგეს...

გავა დრო და ყველაფერს ნათელი მოეფინება. მტერ-მოყვარის საკითხი მაშინ გაირკვევა, როცა ქვეყანა დალაგდება. ახლა კი ედუარდ კოკოითის სიკეთეზე ლაპარაკს და ამაში ვეღაცეების დარწმუნებას აზრი არ აქვს. უბედურება ის გახლავს, რომ ამჟამად ჩვენში ტყუილს უფრო მეტი გასავალი აქვს, ვიდრე სიმართლეს. რა სიკეთეს უნდა ველოდოთ, როცა ჭეშმარიტება სიცრუის ტყვეობაშია!

- თქვენი აზრით, თუ არის იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენა რუსეთის გარეშე მოხდეს?

- ჩვენი ქვეყანა რუსეთის ნების გარეშე ვერ გაერთიანდება. ამაზე ფიქრიც წარმოუდგენელია, არათუ საქმის დაწყება. მჯერა, კოკოითთან ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს.

მაგალითად, შიდა ქართლში ჩემი გუბერნატორობის დროს, პარალელურ რეჟიმში მევალებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირებაც. საოცრად რთული პერიოდი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით მდგომარეობის გამოსწორება და მღელვარების ჩაცხრობა. სულ რაღაც 2-3 თვეში ერგნეთის ბაზრობასაც ჩავუყარეთ საფუძველი, რომელიც მთელი საქართველოს სავაჭრო ობიექტად იქცა. წლების მანძილზე გასტანა ამ მეტად სასარგებლო პროცესმა, მაგრამ ბოროტებამ მაინც შეძლო ვითარების გართულება და ბოლოს ეს რითი დამთავრდა ყველასათვის ცნობილია...

ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.

ყველაფერი გაკეთდება საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ღონისძიებების განხორციელებაზე არც გავიფიქრებ. პარტიზანული ხერხით ამ ურთულეს საქმეს ვერავინ მოაგვარებს.

მე დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, როგორ უნდა წარიმართოს ქართველთა და ოსთა შერიგების პროცესები.

თუმცა, დღეს ამ პროცესების მსვლელობის დეტალური გაშიფვრა ნაადრევია.

გიორგი კორძაძე

"საერთო გაზეთი" 

 

Rate this item
(0 votes)
Read 3936 times

მთავარი

 

 

 

 

ვიდეო