საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 6:57

გიორგი გურჯიევი,აღმოსავლელი მოგვი,უცხოელები მას მოიხსენიებდნენ,როგორც კავკასიელს- დავიწყე რუსეთით და დავასრულე რუსეთით

16-06-14 12:02:33 | Print

ცნობილი ეზოთერიკოსი გიორგი გურჯიევი, რომელსაც ადამიანების სულის მექანიკოსსაც ეძახდნენ, ადამიანებს ორ ჯგუფად ყოფდა – მმართველებად და მართვადებად. ეს დაყოფა ეფუძნებოდა საკუთარი ემოციონალურ-ფსიქიკური გამოვლინებების გაცნობიერებულად მართვას ან მასზე კონტროლის სრულებით არქონას. მისი აზრით, ადამიანთა უმრავლესობა მთლიანად მართვად ფენას განეკუთვნება, რომელიც სიცოცხლეს მხოლოდ გარეგან გამღიზიანებლებზე მექანიკურ-ემოციონალურ რეაგირებაში ატარებს. ამიტომაც მუდმივი შინაგანი დამკვირვებელის, ანუ საკუთარი თავის მუდმივი ხსოვნის გარეშე ადამიანი არ არსებობს. ის მხოლოდ მექანიზმია, რომელიც შეიძლება როგორც დაპროგრამდეს, ასევე მოხდეს მისი დეპროგრამირება ნებისმიერი მიმართულებით. 

ადამიანი მანქანად დარჩება იმდენი ხანი, რამდენიც ამის გაცნობიერებისთვის დასჭირდება. როდესაც იგი სულ მცირედით მაინც დაეჭვდება თუ რაოდენ მართვადია, რაოდენ დამორჩილებული, როგორც მისი შინაგანი სამყაროს მიერ, ასევე მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაღვივდეს ის ნაპერწკალი, რითაც მოახერხებს ამ გაუცნობიერებელი მექნიკურობის წრიდან თავის დაღწევას.

გიორგი გურჯიევი: „პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენში შევისწავლოთ ეს მექანიკურობა, ხოლო როდესაც მანქანა იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას, ის უკვე მანქანა აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, ისეთივე მანქანა, როგორიც ამ მომენტამდე იყო. აქედან იწყება პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მოქმედებებზე~ წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ადამიანი სამუდამოდ იქნება მონა და სათამაშო მასზე მოქმედი სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალისა~.
მის სისტემაში პრაქტიკული მხარე უკავია ადამიანისთვის უსიამოვნო და რთული სიტუაციებისგან თავის არ არიდებას და როგორც ის უწოდებდა, ამ ყველაფრის სამუშაოდ ქცევას, ანუ სიტუაციების გავლას დამკვირვებლის შენარჩუნებით. თუ ადამიანი ცხოვრობს ყოველგვარი შინაგანი ბრძოლის გარეშე, მიდის იქ, საითკენაც ქარი დაუბერავს და თუ მისგან სრულიად დამოუკიდებელი ემოციები ექაჩებიან, ის ვერასოდეს შეიცვლება" , - ამბობდა იგი.

მისტიკოსი ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, ზოგჯერ კი უნებლიედ, დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, ამიტომ მათ აღარ ჰქონდათ ის ძალა, რაც უწინ. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, ჩასწვდომოდა ჭეშმარიტებას. ამის ნათელი შედეგი იყო 1914-18 წლებში მიმდინარე I მსოფლიო ომი.

მისი თანამედროვეების აღწერით, მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო. მისი ქარიზმა ვერავის დატოვებდა გულგრილს. ჰქონდა ადამიანის დაჰიპნოზებისა და მისტიფიკაციის საოცარი უნარი. მასთან საუბრისას ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრ მათგანს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახან დაიწყეს, არადა უკვე რამდენიმე საათი იყო გასული. როცა ევროპელ ინტელიგენტებს მათივე ისტორიიდან რამდენიმე საუკუნის წინანდელ საინტერესო ამბებს უყვებოდა, ისეთ წვრილმანებს ახსენებდა, რომ ტოვებდა შეგრძნებას, თითქოს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. ადამიანებთან კონტაქტისას სიფაქიზეს ავლენდა, ყველას სხვადასხვანაირად ესაუბრებოდა. სადაც კი ჩადიოდა, ყველას თავიანთ მშობლიურ ენაზე უსაუბრებოდა, არასდროს სჭირდებოდა თარჯიმანი.

ცნობილი მისტიკოსისა და მედიუმის გიორგი გურჯიევის წარმომავლობა და ბიოგრაფიული მონაცემების ნაწილი დაზუსტებით არაა ცნობილი. რადგან გულმოდგინედ ნიღბავდა თავის ბიოგრაფიას. დაბადების თარიღად ასახელებენ 1866-დან 1877-მდე წლებს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, ის დაბადებული იყო 1877 წლის 28 ნოემბერს, თუმცა მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ამას უტყუარ ფაქტად ვერ მივიღებთ. აზრთა სხვადასხვაობაა მის ბიოგრაფებს შორისაც. მაგალითად, ჯეიმს მური 1866 წელს მიიჩნევს უფრო შესაფერისად, უილიამ პეტერსონი – 1872-ს. ოჯახის შესახებ ტრადიციულად მიჩნეულია, რომ პონტოელი ბერძენი მამისა და სომეხი დედის ოჯახში დაიბადა. თუმცა ცნობილია, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ქართველებს „გურჯებს" ეძახიან, ამიტომ გვარის გამო მის ქართულ ფესვებზეც არის საფუძვლიანი ეჭვები.

დევიდ ალან ჰულსი წიგნში „ენციკლოპედირი მეგზური წმინდა ენებისკენ~ საუბრობს ქართული ენის შესახებ და იქვე ამატებს: ქართულ დამწერლობაში ძირითადად ორი სტილია გავრცელებული: ხუცური, რომელიც მრგვალი ფორმებით გამოირჩევა და მხედრული. მხედრული დამწერლობა ძალიან ჰგავს იმ საიდუმლო ანბანს, რომელსაც გურჯიევი იყენებდა წერისას. შეიძლება სწორედ ეს დამწერლობა დაგვეხმაროს, გავშიფროთ მისი სიმბოლოები ე.წ. „ენაგრამები~, რომლებსაც ნაშრომებში რთავდა.
გურჯიევი საუბრობს ძალიან სწავლული ტონით, თავის დებულებებს ასურათებს უამრავი ანდაზითა და გამოთქმებით და „ძველი დროიდან მოხმობილი~ პერსონაჟებით რომელთა კვალიც ხშირად არსად არ ჩანს.
ხან ბრძენკაცის და ხანაც გიჟის მანერების გამომყენებელი გურჯიევი შლის და აბუნდოვანებს. იგი გაიზარდა ყარსში და მსოფლიოს მრავალი ადგილი მოიარა – ცენტრალური აზია, ეგვიპტე, ევროპა.. 1912 წელს რუსეთში დაბრუნდა და თქვა: „დავიწყე რუსეთით და დავასრულე რუსეთით". 1912 წელს მოსკოვში მას უკვე გამოუჩნდა მოწაფეები. ამავე წელს იქორწინა პოლონელ ჯულია ოსტროვსკაზე და გადავიდა სანკტ-პეტერბურგში. მის მოწაფეებში ირიცხებოდა ფილოსოფოსი პიოტრ უსპენსკი. 1916წელს კი უკვე 30 მიმდევარი ჰყავდა.

1917 წელს სომხეთში, ალექსანდროპოლში დაბრუნდა. ბოლშევიკური რევოლუციის პერიოდში თავის სწავლებებს ავრცელებდა ესენტუკში, ტუაფსეში, მაიკოპში, სოჭაში, ფოთში. 1919 წელს გურჯიევი ყველაზე დაახლოებულ მოწაფეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა. აქვე გახსნა „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი~, რომელსაც შემდგომში „მეოთხე გზა" ეწოდა. მალე მას ოჯახის წევრებმა ჩააკითხეს და შეატყობინეს, რომ თურქებმა მამამისი დაჭრეს, დედა და რამდენიმე ნათესავი კი ტიფმა იმსხვერპლა. 1920 წელს სიტუაცია აირია და ჯერ ბათუმში, შემდეგ კი სტამბულში გადაინაცვლა. აქ მოწაფეებთან ერთად გაეცნო დერვიშების ადათ-წესებს, დაინტერესდა სუფისტური ცერემონიით „სამა" . სტამბულშივე შეხვდა ბრიტანელ მეცნიერს, მკვლევარსა და მწერალს ჯონ ბენეტს, რომელიც მალევე გახდა მისი მიმდევარი..

1924 წელს პარიზიდან ბრუნდებოდა, როცა ავარიაში მოყვა და მძიმედ დაშავდა, ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. არის ვარაუდი, რომ ავარია, თავიდან მოსაშორებლად, სტალინმა მოუწყო. რადგან ყოფილი მეგობარი აქტიურად იყო ჩართული მის მტრებთან „დაფარული ცოდნის" ძიება–რეალიზაციაში. საკუთარი ცოდნის დახმარებით, მას ექიმი არც დასჭირვებია, ისე გამოჯანმრთელდა. ამავე წელს დაიწყო წერა წიგნისა „ველა და ყველაფერი~. 1925 წელს მისი ცოლი კიბოთი დაავადდა. სამწუხაროდ, ვერც რადიოთერაპიამ უშველა და ვერც გურჯიევის მკურნალობამ და 1926 წლის ივნისში გარდაიცვალა. ფრიც პიტერსის წიგნი „გურჯიევი ამერიკაში" გვამცნობს, რომ მისტიკოსი 1925-26 წლებში აქტიურად სტუმრობდა ნიუ-იორკს და თავისი ქონება დაახლოებით 1 მილიონი დოლარით გაზარდა.

გიორგი გურჯიევი თავის წიგნში „სამყაროს მიუკერძოებელი კრიტიკა, ანუ ბელცებუბის ნაამბობი თავის შვილიშვილ ჰასინისადმი", გვაწვდის უაღრესად საინტერესო, სრულიად ახალ ცნობას თავისი წარმოშობის შესახებ – რომ ის არის თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის დისწული. ამავე ნაშრომში გურჯიევი საუბრობს თბილისში გატარებული ახალგაზრდობის შესახებ. აღწერს ძველი თბილისის მაშინდელ მდგომარეობას, მის მკვიდრთა ცხოვრების ეპიზოდებს...
გურჯიევის პარიზელი და თბილისელი ნაცნობები ერთხმად ამბობენ, რომ იგი ქართულად ლაპარაკობდა და ის ქართველია... უცხოელები მას უმთავრესად მოიხსენიებდნენ, როგორც „კავკასიელს".

მეცხრამეტე საუკუნის დამლევს მან დატოვა საქართველო და აღმოსავლეთში წავიდა. იყო ირანში, თურქეთში, ეგვიპტეში, ხოლო შემდეგ დიდი ხნით ტიბეტში დასახლდა. იქ მან ათი წელი დაჰყო. იგი ტიბეტში დალაი-ლამას მრჩეველი და მასწავლებელი გახდა. გურჯიევმა ტიბეტში ძველი ჩინური მედიცინა შეისწავლა. ჰიპნოზით აძინებდა და უმტკივნეულოდ ამშობიარებდა ორსულ ქალებს, ფლობდა ტელეპათიისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშანს და ასე შემდეგ. ამ განსაცვიფრებელი ხელოვნებისთვის მას ტიბეტში „თეთრი ეშმაკი უწოდეს".
1919 წელს გურჯიევი ოცი წლის განშორების შემდეგ სამშობლოში – საქართველოში დაბრუნდა. მან თბილისში გახსნა – „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი".
1923 წელს პარიზში ხსნის იგივე ინსტიტუტს. მის მსმენელთა შორის მოიხსენიებენ ჰიტლერს, ჰიმლერს და სხვა მომავალ ფაშისტ ბელადებს. გურჯიევი მოძღვრებას და ქადაგებას განაგრძობს პარიზში გადასვლის შემდეგაც.
შემოდგომის ერთ საღამოს ის სვამს თავის ბოლო სადღეგრძელოს: „გაუმარჯოს იდიოტებს".
ამის შემდეგ ის მძიმედ ავადმყოფი საავადმყოფოში მიჰყავთ.
გურჯიევი გარდაიცვალა 1949 წლის ოქტომბერში.
ნიუ–იორკში და პარიზში შექმნილი გურჯიევის ფონდების ხელმძღვანელობა დაეკისრა გურჯიევის მოწაფე ჟანა დე სლაზმანს.
დღესაც არსებული ამ ფონდების მისიაა „ აღმოსავლელი მოგვის" მოძღვრების უტყუარობის შენარჩუნება.

გურჯიევს სურდა, ის ხსომებოდათ, როგორც „ცეკვის მასწავლებელი". იგი თავის მოწაფეებთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ „შეუძლებელია ადამიანის პიროვნული „მე" იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობების გამო. ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი „მე" ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ, – ამბობდა იგი.

მოამზადა
ქეთევან ზარნაძემ

"საერთო გაზეთი"
599 526 030

 

 

Rate this item
(0 votes)
Read 11601 times