საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24 * საინფორმაციო სააგენტო - თბილისი 24 * Информационное агентство - Тбилиси 24 * News agency - Tbilisi 24
Time: 8:11

ნოდარ ხადური: საკმაოდ იმედიანები ვართ!

15-04-23 15:39:39 | Print

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" კონფერენცია გაიმართა, თემაზე: "საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება".

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია გაიმართა საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნესპალატის და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის FEBI-ის ორგანიზებით.

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, აღნიშნული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია; სპეციალისტები, ეკონომისტები, ბიზნესთან ახლოს მდგომი ადამიანები, ბიზნესმენები იკრიბებიან და თავის წინადადებებს შეიმუშავებენ, რომელსაც ხელისუფლება შემდეგ დიდი ყურადღებით გაეცნობა.

"რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, მე მოვახდენ უბრალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის სიტყვების ციტირებას და საქართველოში არის ძალიან კარგი საინვესტიციო გარემო და ის მოუწოდებს ინვესტორებს, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ განახორციელონ თავისი საქმიანობა. ამის ერთ-ერთი დასტურია ის, რომ სამ კვირაში თბილისში ჩატარდება მსოფლიო დონის ბიზნესფორუმი", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, შარშან საქართველოში 1 272 000 000 დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რადგან 2008 წლის შემდეგ ამდენი უცხოური ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა.

"შესაბამისად, ეს ადასტურებს, რომ საქართველო არის ძალიან ცნობილი და ცნობადი. მე გეტყვით ერთსაც, ისეთი გიგანტი როგორიცაა Tata Power, ასეთი ბრენდები, სამწუხაროდ, ცოტა შემოდის საქართველოში. ის სწორედ წელს შემოვიდა და დაიწყო ინვესტიციების განხორციელება ენერგოსექტორში. ანალოგიური ვითარებაა სხვა მიმართულებით, ასე რომ, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ იმედიანები ვართ ამ თვალსაზრისით", - განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, იანვრის შემდეგ თებერვალი იყო გაცილებით უკეთესი და მარტშიც საკმაოდ დამაიმედებელი მაჩვენებლებია.

"მე უბრალოდ არ გავუსწრებ მოვლენებს წინ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას დაველოდები. მიუხედავად არსებული მძიმე მდგომარეობისა რეგიონში, რაც გამოწვეულია ძალიან ბევრი ფაქტორით, მათ შორის ეს არის არა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, არამედ თუნდაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანასთან, ჩვენთან მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია", - განაცხადა ხადურმა. 

Rate this item
(0 votes)
Read 1243 times